skip to content
ახალი ამბები

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები – სიახლეების ბლოგი

საქართველოში 26 ოქტომბერს გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებს წინ უძღოდა მმართველი პარტიის მიერ ანტი-დემოკრატიული და ანტი-დასავლური შემობრუნება, რამაც უბიძგა პროდასავლელ ქართველებს, რომ არჩევნები რუსეთსა და ევროპას შორის რეფერენდუმად შეეფასებინათ. ეს იყო პირველი სრულად პროპორციული არჩევნები საქართველოში, ისევე როგორც პირველი ელექტრონული არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90%-მა ხმა საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცა. იმ ფაქტმა, რომ ეს პირველი პროპორციული არჩევნებია და პარლამენტში შესასვლელად 5%-იანი ბარიერის გადალახვაა საჭირო, პოლიტიკურ პარტიებს კოალიციების შექმნისკენ უბიძგა. ამასთან, 5%-იანი ბარიერის გადალახვის ოთხმა მთავარმა პრეტენდენტმა – მათ შორის სამმა ყველაზე ცნობილმა ოპოზიციურმა კოალიციამ, ასევე პარტიამ „საქართველოსთვის“ – პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ მოწერა ხელი.

ძირითადი პრეტენდენტები, რომელთაც 19 რეგისტრირებულ პარტიას შორის ბარიერის გადალახვის საუკეთესო შანსი ჰქონდათ, არიან:

  • (41) ქართული ოცნება, ამჟამინდელი მმართველი პარტია, რომელიც ასევე აერთიანებს პოლიტიკურ მოძრაობას „ხალხის ძალა“;
  • (5) ერთობა საქართველოს გადასარჩენად, რომელიც აერთიანებს „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელს“ და სხვადასხვა ძველ და ახალ სახეებს;
  • (4) კოალიცია ცვლილებისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი სახეების კიდევ ერთი გაერთიანება, რომელშიც გაერთიანებულია პარტია „ახალი“ ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას ხელმძღვანელობით, ასევე „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ზურა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით და „დროა“ ელენე ხოშტარიას ხელმძღვანელობით;
  • (9) ძლიერი საქართველო, ალიანსი, რომელსაც ხელმძღვანელობს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ და აერთიანებს პარტიას „ხალხისთვის“ ანა დოლიძის ხელმძღვანელობით, „მოქალაქეებს“ ალეკო ელისაშვილის ხელმძღვანელობით და „თავისუფლების მოედანს“ ლევან ცუცქირიძის ხელმძღვანელობით;
  • (25) საქართველოსთვის, რომელსაც „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ხელმძღვანელობს და რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წამოსულ ადამიანებს და ყოფილ დეპუტატებს აერთიანებს.

ოთხშაბათი, 13 ნოემბერი

14:30 – სასამართლო ოლქების შემაჯამებელი ოქმების შედეგების გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) და ორი ოპოზიციური პოლიტიკური კოალიციის „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელებს განიხილავს, რომლებიც ყველა ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ და ამის მიზეზად ხმის მიცემის ფარულობისა და სხვა დარღვევებს ასახელებენ, მათ შორი ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა და ა.შ.

ეს მოსმენების მეორე რაუნდია მას შემდეგ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ 7 ნოემბერს არ დააკმაყოფილა საიას სარჩელები ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესახებ და ძალაში დატოვა ელექტრონული უბნების ოფიციალური შედეგები. მიმდინარე მოსმენაზე, სასამართლო ოლქების შემაჯამებელი ოქმების შედეგების გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს.

12:30 – ქალები ცესკოს შენობასთან ხმის ფარულობის დარღვევას აპროტესტებენ

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან რამდენიმე ათეული ქალი, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ლიდერები აპროტესტებენ. მონაწილეებმა მედიას განუცხადეს, რომ მათ სურდათ ცესკოში ისეთი საარჩევნო  დარღვევების შესახებ საჩივრების დარეგისტრირება,  როგორიცაა ხმის მიცემის ფარულობის საკითხი, ასევე ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელიც აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს. გავრცელდა ინფორმაცია პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ. მედიის ინფორმაციით, პოლიციამ შენობის ყველა შესასვლელი დაკეტა.

სამშაბათი, 12 ნოემბერი

17:00 – სამი ოპოზიციური გაერთიანება ერთიან ფორმატზე შესათანხმებლად კონსულტაციებს იწყებს

სამმა პოლიტიკურმა ალიანსმა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, ერთიან ფორმატზე შეთანხმების მიზნით კონსულტაციები დაიწყო. „კოალიციამ ცვლილებისთვის“, „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ძლიერმა საქართველომ“ განაცხადეს, რომ ერთიანი ფორმატის საჭიროება ერთი დღით ადრე უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრის დროს წამოიჭრა და მისი მიზანია, რომ ოპოზიციას საშუალება მიეცეს ისაუბროს ერთი ხმით და ხელი შეუწყოს კომუნიკაციას საერთაშორისო პარტნიორებთან და ქართულ საზოგადოებასთან. ამ საკითხზე კონსულტაციები ასევე გაიმართება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

16:50 – სასამართლოში სამი ოპოზიციონერი გამოიკითხა

სამი ოპოზიციონერი – საბა ბუაძე და სალომე სამადაშვილი „ძლიერი საქართველოდან“ და თენგიზ თევზაძე „კოალიციიდან ცვლილებისთვის“ სასამართლოში გამოიკითხნენ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე. ბუაძემ დაკითხვის შემდეგ განაცხადა: „ეს არის წინასწარ, ძალიან კონკრეტული პოლიტიკური მოტივებით შედგენილი შეკითხვები… არანაირი მოლოდინი არ უნდა არსებობდეს იმის, რომ პროკურატურა ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამს… სიმართლის დასადგენად“. სასამართლოში შესვლამდე თენგიზ თევზაძემ ჟურნალისტებს უთხრა: „მე არ მჯერა ამ გამოძიების, ვინაიდან ეს გამოძიება უნდა დაწყებულიყო საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების დაკითხვით და „ქართული ოცნების“ შტაბის წევრების დაკითხვით… ეს გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში არა“.

15:00 – „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად უარს ამბობენ დეპუტის მანდატებზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, ორმა ოპოზიციურმა კოალიციამ, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, განაცხადეს, რომ უარს იტყვიან საპარლამენტო მანდატებზე. სიის თითოეულმა წევრმა ხელი მოაწერა ინდივიდუალურ წერილს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელზე, სადაც მანდატის გაუქმებას ითხოვენ. მათი თქმით, ისინი არ იქნებიან არალეგიტიმური რეჟიმის თანამონაწილეები.

ორშაბათი, 11 ნოემბერი

21:00 – ევროპელი კანონმდებლები აქციის მონაწილეებს მიმართავენ

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა სიტყვით მიმართა აქციაზე შეკრებილ ხალხს და აღნიშნა, რომ ბედნიერია თბილისში – „ევროპის ნამდვილ დედაქალაქში“ ყოფნით. მისი თქმით, მან იცის, რომ ხელისუფლებას დელეგაციის ვიზიტი „არ უხარია“ და დასძინა: „ჩვენ არ ვართ მტერი, ჩვენ ვართ თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს მეგობრები! როთმა ასევე განაცხადა: „ისინი გვაკრიტიკებენ თქვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო. ნიშნავს თუ არა თქვენ პრეზიდენტთან შეხვედრა ჩარევას?” ჰკითხა მან რიტორიკულად და დასძინა, რომ პრეზიდენტი „თქვენი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის” იბრძვის.

„ჩარევაა თუ არა თქვენთან შეხვედრა, ამაყი ქვეყნის მოქალაქეებთან, რომლოებიც ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის იბრძვიან?!“ – მიმართა მან აქციის მონაწილეებს. „გვსურს გაგამხნევოთ… რადგან ვიცი, რომ გამოფიტული ხართ, იმედგაცრუებული, დაღლილი, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო, არ დანებდეთ! ჩვენ სოლიდარობას გიცხადებთ!”

მან ასევე განაცხადა, რომ ეთანხმება მმართველ პარტიას, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია და დასძინა, რომ ეს გლობალური ომის პარტია რუსული იმპერიალიზმია. მან უკრაინა და მოლდოვა გაიხსენა და აღნიშნა: „ჩვენ ყველანი ისტორიის ერთი და იგივე გვერდზე ვართ, ვიბრძვით რუსულ იმპერიალიზმთან და თქვენ ჩვენთან ხართ“.

„თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ, თუ თქვენ გადარჩებით, ჩვენ ევროკავშირში გადავრჩებით. სოლიდარობამ უნდა გაგვაერთიანოს“, – დასძინა როთმა. „დემოკრატია ცოცხალია არა მმართველი პარტიის, არამედ თქვენს გამო!”

გერმანელი დეპუტატის თქმით, ლიბერალურ დემოკრატიაში თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს ჩერდება, „ვერასდროს ვიტყვით, რომ მისია შესრულებულია, ეს პროცესი არასდროს მთავრდება, ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია, დავიცვათ თავისუფლება ჩვენს უნივერსიტეტებში, ბიზნესში, ოჯახებში, პოლიტიკაში“. „არ დანებდე, ჩვენ შენთან ვართ!”

ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა აქციაზე გამოსვლისას განაცხადა: „არ დანებდეთ! იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის, იბრძოლეთ თქვენი დემოკრატიისთვის, იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის; ევროკავშირსა და ნატოში თქვენი წევრობისთვის!“

შვედეთის რიქსდაგის ევროკავშირის კომიტეტის პრეზიდენტმა ფილიპ ოტოსონმა ქართველების გამბედაობა გაიხსენა, რომლებიც 2008 წელს რუსეთს დაუპირისპირდნენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ერთდაერთი „დემოკრატიული“ გზაა ევროპისკენ. მან ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატიისთვის ბრძოლით ისინი მას ინარჩუნებენ.

20:00 – აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და, მათი თქმით, გაყალბებული არჩევნები გააპროტესტეს. გამზირზე მოძრაობა გადაიკეტა. ევროკავშირის მაღალი რანგის დეპუტატები, რომლებიც ამჟამად თბილისში იმყოფებიან, სავარაუდოდ, აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ. აქცია იმართება ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა!”

კვირა, 10 ნოემბერი

18:00 – საპროტესტო აქციები თბილისის ცენტრში გრძელდება

კიდევ ერთ აქციაზე, აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, როგორც თავად ამბობენ, გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად. მოედანზე მოძრაობა გადაიკეტა.

20:00 – აქციის მონაწილეები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ხელში თავისუფლების მოედნიდან მარჯანიშვილის ხიდისკენ დაიძრნენ. ორივე მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა გადაიკეტა.

შაბათი, 9 ნოემბერი

18:40 – აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე იკრიბებიან

ორი ლოკაციაზე შეკრების შემდეგ, აქციის მონაწილეები საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, გმირთა მოედნისკენ გაემართნენ, სადაც მოძრაობა გადაიკეტა. ისინი „მოპარული არჩევნების დაბრუნებას“ ითხოვენ. აქციის მონაწილეებს სიტყვით პოლიტიკოსებმა მიმართეს. მათ განაცხადეს, რომ ქართველი ხალხის ნებაა დემოკრატიული საქართველოს მშენებლობა და ევროკავშირში გაწევრიანებაა. მათ საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდეს, რადგან საქართველო გზაგასაყარზეა, და პირობა დადეს, რომ არ ცნობენ „გაყალბებულ არჩევნებს“, არ შევლენ პარლამენტში და გააგრძელებენ ბრძოლას ხელახალი არჩევნებისთვის.

15:00 – აქციის მონაწილეებმა თბილისის ორ ლოკაციაზე შეკრება დაიწყეს

მარჯანიშვილის გამზირზე და მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იკრიბებიან. მომიტინგეები ორი ადგილიდან დაიძვრებიან. ისინი მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

პარასკევი, 8 ნოემბერი

13:40 – ცესკო: საჩივრების განხილვა დასრულდა

ცესკოს წარმომადგენელმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესი დასრულებულია.

მისი თქმით, საოლქო კომისიებში სულ 1201 საჩივარი დარეგისტრირდა და მათგან მხოლოდ 167 დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ან სრულად, 917 არ დაკმაყოფილდა და 107 საჩივარი არ განხილულა.

უბნებზე შედეგების გაუქმებას ან გადათვლას 537 საჩივარი ითხოვდა, დისციპლინურ პასუხისმგებლობას – 477 საჩივარი, ხოლო 47 საჩივარს არ ჰქონდა რაიმე კონკრეტული მოთხოვნა.

საჩივრების შედეგად, თორმეტი გადასატანიბ ყუთის ბიულეტენები გაუქმდა და თორმეტი უბნის შედეგები ხელახლა გადაითვალა.

პროკურატურამ საარჩევნო აპარატურის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველაში მდებარე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო აპარატურის დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველაში მდებარე N23 საარჩევნო უბანზე, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა ცენტრალური საარჩევნო კომისიის კუთვნილი, 5 280 ლარად ღირებული, ორი ერთეული ამომრჩეველთა სავერიფიკაციო აპარატი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

13:36 – კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი პროკურატურაში დაიბარეს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი საბა ბუაძე პროკურატურაში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს. ბუაძე არ აპირებს პროკურატურაში წასვლას და მტკიცებულებებს მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლეს წარუდგენს.

ხუთშაბათი, 7 ნოემბერი

15:00 – თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა

თითქმის 24-საათიანი უჩვეულოდ ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ საჩივრები 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმი მიცემის ფარულობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით. სასამართლო განიხილავდა აღმოსავლეთ საქართველოს ყველა საარჩევნო უბნის გაერთიანებულ საჩივრებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე გააუქმა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას ადრინდელი გადაწყვეტილება, რომელიც ერთადერთი მოსამართლე იყო, ვინც დაადასტურა, რომ ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.

12:20 – სამოქალაქო მოძრაობა საპროტესტო ბანერის ჩამოკიდებისთვის დააჯარიმეს

სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“, რომელიც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წევრია, 3 000 ლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ თავისი ოფისის აივანზე ბანერი ჩამოკიდა წარწერით „რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა“.

11:00 – სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გამოკითხეს

ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოკითხა. ჟურნალისტებთან საუბრისას ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მას ძირითადად ტექნიკური შეკითხვები დაუსვეს და არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების წარმოდგენა სთხოვეს. თუმცა, იგი პროკურატურის მიერ რეალური გამოძიების წარმოებას სკეპტიკურად უყურებს: „ვინმეს სჯერა, რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს?! ესეც არის არჩევნების გაყალბების გაგრძელება, რომ აქეთ ჩვენ გვთხოვს მტკიცებულებების მიტანას პროკურატურა, რომელიც თვითონ უნდა ეძებდეს ამ მტკიცებულებებს და რომლითაც სავსეა მთელი მედია“, – განაცხადა მან.

00:40 – ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) სარჩელი 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით. სასამართლო დასავლეთ საქართველოს ყველა საარჩევნო უბნის გაერთიანებულ საჩივრებს განიხილავდა. „მიუხედავად წარდგენილი მტკიცებულებებისა, სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება“, – განაცხადა საია-მ.

საია ყველა იმ უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდა, სადაც კენჭისყრა ელექტრონულად ჩატარდა, ვინაიდან აცხადებდა, რომ არჩევნების დროს ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა, რადგან ბიულეტენები იმდენად თხელი იყო, რომ შესაძლებელი იყო ქაღალდის მეორე მხარეს დანახვა, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საია ახლა აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე უბნების საკითხზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის. სასამაართლო უკვე 22 საათზე მეტია ამ საკითხს განიხილავს.  

ოთხშაბათი, 6 ნოემბერი

15:05 – სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება ბიულეტენების გადათვლის შესახებ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „სამართლიანი არჩევნების“ არც ერთი საჩივარი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე და ასევე გააუქმა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 15 უბანზე გაბათილებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლის თაობაზე.

15:05 – სასამართლოში პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე გამოიკითხა

პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოკითხა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელ გამოკითხვაზე არჩევნების გაყალბების თაობაზე სხვადასხვა მტკიცებულებები წარმოადგინა. მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ამ საქმის გამოძიება არასოდეს იქნება „სრულყოფილი გამოძიება“, რადგან მისი მიზანია „გაყალბებული არჩევნების თვითლეგიტიმაცია“.

12:45 – სასამართლოში ლონდა თოლორაია გამოკითხეს

სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოკითხა. თოლორაიას თქმით, კითხვები შეეხებოდა მისიის საქმიანობას. მან ასევე აღნიშნა, რომ ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების გაყალბების შესახებ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს. თოლორაიას თქმით, ყველა მტკიცებულება სასამართლოს წარედგინა. თოლორაიამ განაცხადა, რომ „პროკურატურა იძიებს არა არჩევნების გაყალბების საქმეს, არამედ იძიებს ცესკოს თხოვნით, არჩევნების არგაყალბების საქმეს, ეს არის ცესკოს მიერ გაცემული დავალება და სწორედ ამ საქმეს იძიებს პროკურატურა“.

11:00 – თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მორიგი აქცია იმართება

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მორიგი აქცია მიმდინარეობს, სასამართლოში კი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სანამ სასამართლოსთან ხალხი იკრიბება, სასამართლოს ეზო შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებით აივსო.

სამშაბათი, 5 ნოემბერი

21:37 – ტელეკომპანიამთავარისთანადამფუძნებელი სუს-ში დაიბარეს

ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარის“ თანადამფუძნებელი გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით დაიბარეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეთქმულება ან ამბოხება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) და 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი). რურუას ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ის არ წავა სუს-ში გამოკითხვაზე და ჩვენებას სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს.

17:00 – თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციის ხელმძღვანელობით საპროტესტო აქცია გაიმართა

ოპოზიციის ხელმძღვანელობით საპროტესტო აქცია თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან დღეს დაიწყო. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მალევე აქციის მონაწილეები დიდუბის რაიონისკენ გაემართნენ. უწყვეტი საპროტესტო აქციები, სავარაუდოდ, დედაქალაქსა და ქვეყანის მასშტაბით გაგრძელდება.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ხვალ საპროტესტო აქცია იმავე ადგილას გაიმართება. თბილისის სააპელაციო სასამართლო ხვალ განიხილავს საიას სააპელაციო სარჩელებს ელექტრონული უბნების ხმების ბათილად ცნობის შესახებ.

15:00 – საიას საჩივრებს სააპელაციო სასამართლოები განიხილავენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), რომელიც ყველა ელექტრონული უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, განაცხადა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საიას სააპელაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა და საქმის განხილვა 6 ნოემბერს, 14:00 საათზე დაიწყება.

ამ დრომდე მხოლოდ ერთმა მოსამართლემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაადასტურა, რომ არჩევნების დროს ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა, რითაც 30 უბნის შედეგი გააბათილა.

13:30 – „გახარიასაქართველოსთვისარჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების განადგურების შესაძლებლობაზე საუბრობს

გიორგი გახარიას ოპოზიციურმა პარტიამ „საქართველოსთვის“განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა პარტიის მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე, ხოლო პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას. პარტიის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა არჩევნების გაყალბების „უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები“ განადგურდეს.

„როგორც თავიდანვე ვამბობდით, ვერიფიკაციის აპარატები და მათში არსებული ინფორმაცია შესაძლოა იყოს გაყალბების მთავარი მტკიცებულება. ამიტომ ცდილობს პროკურატურა კონტროლის აღებას ყალბი გამოძიების ფარგლებში და ფაქტობრივდ მძევლად აჰყავს როგორც მტკიცებულებები, ისე სიმართლის დადგენის მთლიანი პროცესი“, – ნათქვამია განცხადებაში.

12:20 – პროკურატურაშიკოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი დაიბარეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს. მედიის ცნობით, მას საგამოძიებო უწყებაში 6 ნოემბერს 13:00 საათზე ელოდებიან. ჯაფარიძე არ აპირებს პროკურატურაში მისვლას და მტკიცებულებებს მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლეს წარუდგენს.

11:56 – „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი პროკურატურაში დაიბარეს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მისი თქმით, პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და შეგროვებულ მტკიცებულებებს მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლეს წარუდგენს.

11:46 – ირანის პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოში ირანის საელჩომ ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის მილოცვა გამოაქვეყნა, სადაც იგი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს. ირანის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ „ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი“.

11:46 – ცესკოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელახალი არჩევნების საკითხს განიხილავენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამუშაო შეხვედრაზე იკრიბებიან, რათა ხელახალ არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელონ. ცესკოს ოპოზიციონერმა წევრმა გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა „შესაბამისი პროცედურული ნაბიჯების“ დაგეგმვის მიზნით იმართება. მისი თქმით, სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ შედეგები უნდა გაუქმდეს იმ უბნებზე, სადაც ამომრჩეველთა 90% იყო კონცენტრირებული და სადაც ხმის მიცემის ელექტრონული ტექნოლოგია იყო გამოყენებული.

11:44 – ქუთაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოებში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესახებ სარჩელების განხილვა გადაიდო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესახებ დაწერილ საჩივრებზე დღეს დაგეგმილი სხდომები გადაიდო. „პროცესების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, გვითხრეს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შესული ყველა საჩივარი ერთ საქმედ გაერთიანდება. თუ ეს საქმეები ცალ-ცალკე დარჩებოდა, მათი განხილვა მოსამართლეთა სხვადასხვა შემადგენლობებს მოუწევდათ, ალბათობა, რომ რომელიმე განსხვავებულ აზრს დაწერდა ან თეთრიწყაროს პრეცედენტს გაიზიარებდა, ასეთ ვითარებაში მეტი იყო“, – წერს ქურდოვანიძე. მისი თქმით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გართიანებული საქმე 16:00 საათზე დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია თბილისის სააპელაციო სასამართლო გააერთიანებს თუ არა აღმოსავლეთ საქართველოს ყველა საარჩევნო დავას ერთ საქმედ.

ორშაბათი, 4 ნოემბერი

23:15 – გორის სასამართლომ დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევნების“ სარჩელი 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლაზე

გორის სასამართლომ დააკმაყოფილა „სამართლიანი არჩევნების“ სარჩელი 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლასთან დაკავშირებით – გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გერგაულმა მიიღო.

22:30 – ყოფილი სახალხო დამცველი მოსახლეობას სააპელაციო სასამართლოსთან აქციის გამართვისკენ მოუწოდებს

საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა და საქართველოს ევროპული ორბიტის პლატფორმის დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ მოსახლეობას მოუწოდა სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გამართონ და მოითხოვონ ყველა ელქტრონული უბნის გახსნა და ბიულეტენების შემოწმება, ასევე იმ უბნების გაბათილება, სადაც საჩივრები დაიწერა.

22:30 – მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა მის მიცემის ფარულობის დარღვევას ადასტურებს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ დაადასტურა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა. ეს გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანი პრეცედენტი გახდა, 30 უბნის შედეგებს ბათილად ცნობს. ვლადიმერ ხუჭუა პირველი მოსამართლეა, რომელმაც დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) სარჩელი იმის თაობაზე, რომ არჩევნების დროს ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა, ვინაიდან ბიულეტენები იმდენად თხელი იყო, რომ შესაძლებელი იყო ქაღალდის მეორე მხარეს დანახვა, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.

20:15 – ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა წარადგინა

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მთავარმა ოპოზიციურმა ძალებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს. გეგმა შედგება 3 ნაწილისგან: 1) უზრუნველყონ საქართველოს ყველა მოქალაქის ინფორმირება გაყალბების, მოტყუებისა და მაქინაციების შესახებ, რომელსაც „ქართული ოცნება“  არჩევნების მოსაპარად იყენებს; 2) უზრუნველყონ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა არ ცნონ გაყალბებული არჩევნები. 3) გააგრძელონ დემოკრატიული წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივიზმი და ქუჩის პროტესტი.

მორიგი აქცია 5 ნოემბერს, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან დაიგეგმა.

17:30 – არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით აქცია დაიწყო

საქართველოში, სავარაუდოდ, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ აქციის მონაწილეთა მასობრივი მსვლელობა სადგურის მოედნიდან დაიწყო რუსთაველის გამზირის მიმართულებით, რომელიც პარლამენტის შენობის წინ დასრულდება, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეკრებილებს სცენიდან სიტყვით მიმართავენ და სამოქმედო გეგმას წარუდგენენ. პროდასავლური აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და მის ნაცვლად ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. პარლამენტის ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული. ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უკვე განაცხადა, რომ პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლას აპირებს.

14:00 – პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე პროკურატურაში დაიბარეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ის პროკურატურაში არჩევნების გაყალბების ბრალდებებზე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს მისი განცხადებების გამო, რომ გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა. მან განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას არ აპირებს. მეზვრიშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარტიის მიერ პროკურატურაში წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ იქნა გამოკვლეული. მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ თუ გაყალბების რეალური საქმეების გამოძიება დაიწყება, მაშინ ისინი პროკურატურაში წავლენ და ყველა მტკიცებულებას წარუდგენენ.

11:00 – „ჩემი ხმა“ პროკურატურას ცესკოს წევრების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

ადგილობრივი სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ მოუწოდებს პროკურატურას, ცესკოს წევრების, მათ შორის ცესკოს ხელმძღვანელის, გიორგი კალანდარიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე და 332 მუხლებით, რაც, შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის უგულებელყოფასა და უფლებამოსილების გადამეტებას ეხება.

შაბათი, 2 ნოემბერი

16:30 – „ჩემი ხმა“ ამბობს, რომ მისი არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა

ადგილობრივმა სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“, რომელმაც 30 ოქტომბერს 29 ოლქში 246 უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით საჩივრები შეიტანა,  განაცხადა, რომ მისი არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ უბნებზე დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 417 305-ს შეადგენს.

პარასკევი, 1 ნოემბერი

21:45 – სახალხო დამცველი არჩევნების კომენტირებისგან თავს იკავებს

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოში, სავარაუდოდ, გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გააჟღერა და განაცხადა, რომ მისი მანდატი არ ითვალისწინებს არჩევნებისთვის  ლეგიტიმურობის შეფასებას, არამედ ის გარკვეულ ფაქტებს იკვლევს წინასაარჩევნო გაყალბების ან კანონის დარღვევის შესახებ, რომელიც მისმა აპარატმა არჩევნების დღეს და მის შემდეგ გამოავლინა. იოსელიანმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია უარს ამბობს მასთან თანამშრომლობაზე. კითხვაზე, მიაჩნია თუ არა მას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, იოსელიანმა განაცხადა: „ეს კითხვა არ მიემართება სახალხო დამცველს. არც მე და არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს. ამაზე ბევრჯერ გვაქვს განცხადება გაკეთებული – ჩვენ არ ვართ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ჩვენ არ ვახორციელებდით დაკვირვებას, შესაბამისად, ლეგიტიმურია თუ არა არჩევნები, ამაზე ვერც მე, ვერც ჩემს შემდგომი, ვერც ერთი სახალხო დამცველი ამაზე ვერ იმსჯელებს“.

15:08 – „საქართველოსთვის“: ცესკო სერვერებიდან ინფორმაციას შლის

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პარტიაში მიღებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა. ამიტომ, პარტიამ გადაწყვიტა მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით, რომ უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა ყველგან, სადაც ის ინახება და აიძულოს ცესკო შესრულოს პარტიის მოთხოვნა. „თითოეული დაგვიანებული დღე, ქმნის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების განადგურების რისკს, რაც მხოლოდ „ოცნების“ ინტერესშია“, – დასძინა მეზვრიშვილმა.

14:07 – მარნეულში ბიულეტენების ჩაყრის ბრალდებით ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, როვშან ისკანდაროვს და კიდევ ერთ პირს, ეკბარ ისკანდაროვს, მარნეულის 69-ე ოლქში საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების  ჩაყრის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება ბოლნისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გვანცა ჩიქოვანმა მიიღო. ბრალდებულთა ადვოკატი აცხადებს, რომ საქმე ეხება პროცედურის დარღვევას და არა საარჩევნო გაყალბებას, რადგან ბრალდებულების თქმით, მათ ყუთში ყალბი ბიულეტენები არ ჩაუგდიათ. საქმეს სასამართლო 25 დეკემბერს განიხილავს. ბრალდებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 1643-ე მუხლის დარღვევისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

12:50 – საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატა არჩევნებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავს

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატამ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოთქვა. „საარჩევნო პროცესის დროს, მათ შორის არჩევნების დღემდე, მასიური, სისტემური დარღვევების შესახებ ცნობებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია ბიზნეს საზოგადოებაში“, – აცხადებენ სავაჭრო პალატაში.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ის „მკაცრად გმობს“ საქართველოს გადახვევას ევროატლანტიკური გზიდან რუსეთთან დაახლოების მიმართულებით; ის „სრულად უჭერს მხარს“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციას და  მოითხოვს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ნეიტრალური საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს საქართველოში არსებულ სხვა ბიზნეს ორგანიზაციებს, დაგმონ ანტიდემოკრატიული ქმედებები და „ნებისმიერი გადახვევა ევროპული გზიდან, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული“.

ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი

20:00 – ოპოზიციური კოალიციები აქციას აანონსებენ, სადაც დეტალურ სამოქმედო გეგმას წარმოადგენენ

სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ – კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა და ძლიერი საქართველო – ბრიფინგზე დააანონსეს, რომ 4 ნოემბერს აქცია გაიმართება, სადაც ისინი დეტალურ სამოქმედო გეგმას წარადგენენ.

12:19 – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებზე გამოძიებას იწყებს

საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. სამსახურმა აღნიშნა, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიაომბუდსმენიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სამსახურის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებები, ასევე ჩატარებული გასაუბრებები, რომელიც  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჟურნალისტებთან დაკავშირებულ 17 ინციდენტს შეეხებოდა. აღნიშნული ფაქტებიდან 13 შემთხვევა, შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. მიუხედავად ამისა, თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები შეტყობინების შემოსვლისთანავე არაერთგზის დაუკავშირდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის, საგამოძიებო ორგანოში,  ინფორმაციის მოწოდების მიზნით, მხოლოდ 5 ჟურნალისტი და 1 ოპერატორი გამოცხადდა.

11:30 – პროკურატურა სავარაუდო საარჩევნო დანაშაულის 47 საქმეს იძიებს

პროკურატურამ განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, კერძოდ, არჩევნების გაყალბების, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის, საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან წინასაარჩევნო აგიტაციისას ძალადობის და მუქარის, ნივთის დაზიანების და განადგურების კვალიფიკაციით. მისივე თქმით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე ინფორმირებული და შემხებლობაში მყოფი პირების დაბარება და გამოკითხვა.

პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ არჩევნების გაყალბების ფაქტზე დაკავებულია ორი პირი.

„აღსანიშნავია, რომ ცალკეულ შემთხვევებში პირები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და უარს აცხადებენ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებაზე, რაც აფერხებს გამოძიების პროცესს“, – განაცხადა პროკურატურამ.

ოთხშაბათი, 30 ოქტომბერი

20:00 – ევროკავშირის ელჩი საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს

„საქართველოს მომავალმა მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, დაუბრუნდეს დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს, თუ მას სურს ქვეყანა ევროკავშირთან დააახლოოს. ეს უნდა დაიწყოს საარჩევნო პეროცესის სრული გამჭვირვალობით“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ. ევროკომისიის პრესრელიზში ხაზგასმულია ეუთო/ოდირის დასკვნები საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ დამკვირვებელმა „გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომელსაც დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში ჰქონდა ადგილი“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის საჭიროებას, რაზეც უკვე  იყო საუბარი წინა საკვანძო რეკომენდაციებში“.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟოზეპ ბორელმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თავისი ბოლო ქმედებებითა და საკანონმდებლო გადაწყვეტილებებით საქართველოს ხელისუფლება „ევროკავშირს დაშორდა“.

20:00 – პრეზიდენტი პროკურატურას აკრიტიკებს და არჩევნების გაყალბების დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს

მას შემდეგ რაც პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების სავარაუდო გაყალბების თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ „პროკურატურას ვურჩევდი, სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და მოეშვას პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას“.

19:00 – ირაკლი კობახიძე არჩევნების გამოძიების შესახებ: ‘ყველას შეუძლია, ჩაიხედოს ყველაფერში’

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნები „ჩატარდა აბსოლუტურად სუფთად, დემოკრატიულად, სამართლიანად“ და პირობა დადო, რომ „აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ღია, ყველას შეუძლია, ჩაიხედოს ყველაფერში“.

16:00 – ცესკო თანამშრომლებზე ზეწოლის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ საქმეს „შესაბამის ორგანოებს“ გადასცემს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) აცხადებს, რომ მის თანამშრომლებზე, მათ შორის ყველა დონის კომისიის წევრებზე და საზღვარგარეთის უბნებზე მომუშავეებზე „ზეწოლა“ ხორციელდება. ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, ცესკოს ზოგიერთ თანამშრომლის პირად ტელეფონებზე შედის „შეურაცხმყოფელი ზარები და მუქარის შემცველი შეტყობინებები“. მისივე თქმით, „შეურაცხყოფას, ზეწოლას, ბულინგს და სიძულვილის ენის გამოყენებას ინტენსიური ხასიათი აქვს სოციალურ ქსელშიც“. იოსელიანმა ასევე განაცხადა, რომ ზეწოლა ხორციელდება როგორც ინდივიდუალურად კონკრეტულ პერსონებზე, ისე უწყების ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელში. „ნებისმიერი განხორციელებული ზარი, თუ შეტყობინება, რომელიც იქნება კანონთან წინააღმდეგობაში გადაიგზავნება შესაბამის ორგანოებში შემდგომი რეაგირებისთვის”, – განაცხადა იოსელიანმა.

15:00 – „მძიმე დარღვევების“ მოტივით, სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“ განაცხადა, რომ მან 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 417 305-ს შეადგენს. მისიის ცნობით, საჩივრები დაიწერა უბნებზე იდენტიფიცირებული ისეთი ხასიათის მძიმე დარღვევების შესახებ, რომლებიც უხეშად არღვევდა არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს – ხმის მიცემის ფარულობასა და ნების თავისუფალ გამოხატვას.

14:00 – საია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ მან საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვს შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. ორგანიზაციის თქმით, „ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი – ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ამასთან, ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი.

პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარა

საქართველოს პროკურატურამ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში, ვინაიდან ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით.

სამშაბათი, 29 ოქტომბერი

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი არჩევნების შედეგების არცნობისკენ მოუწოდებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველმა კომიტეტმა 28 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნდა, სადაც შეშფოთება გამოხატა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და მისი შედეგების არცნობისკენ მოუწოდა.

15:10 – სსო-ები არჩევნების გაყალბების დასაძლევად ღია პლატფორმას აანონსებენ

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გამოაცხადეს თავიანთი გადაწყვეტილება შექმნან ღია პლატფორმა, სადაც ყველა შესაბამისი ექსპერტი და პროევროპული პარტია, ისევე როგორც დასავლელი პარტნიორები და ორგანიზაციები, ერთად იმუშავებენ, რათა შეიმუშავონ სამოქმედო გეგმები და სტრატეგიები არჩევნების დროს გამოვლენილი გაყალბების ყველა შემთხვევის თაობაზე დეტალური და მიუკერძოებელი საერთაშორისო გამოძიების ჩასატარებლად. პლატფორმა გამოყენებული იქნება ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად, ასევე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საზოგადოებასთან კომუნიკაციის გზების მოსაძებნად. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ ჯგუფებს და პოლიტიკურ პარტიებს ერთად იმუშაონ საქართველოს მომავლისთვის.

14:00 – ცესკო არჩევნებთან დაკავშირებულ „დეზინფორმაციას“ აკრიტიკებს

ცესკოს წარმომადგენელმა „დეზინფორმაციის კამპანიის“ შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, მედიასა და სოციალურ ქსელში გარკვეული „მანიპულაციური და უსაფუძვლო ინფორმაცია“ ვრცელდება, რამაც კამპანიის სახე მიიღო.

მან რამდენიმე სადავო საკითხი  განიხილა, მათ შორის ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ხმების დამთვლელმა ზოგიერთმა აპარატმა რეალობისგან განსხვავებული შედეგი აჩვენა, რომ მოქალაქეებმა მასიურად მისცეს ხმა ვადაგასული პირადობის მოწმობებით, ასევე დათვლილი იქნა ზოგიერთი გაბათილებული ბიულეტენი, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ცესკოს წარმომადგენელმა ყველა ეს ბრალდება უარყო.

მან ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი მადისკრედიტებელ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს ხმის მიცემის ტექნოლოგია არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს.

12:00 – პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი არჩევნების გაყალბების შესახებ ბრალდებებს უარყოფს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე უარყო ბრალდებები არჩევნების გაყალბების შესახებ და განაცხადა: „ზედმიწევნით მაღალ დონეზე ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის პროცესს, ამ დღეებში ვადევნებთ თვალს, რაც გათვლილია საქართველოში საპროტესტო ტალღის, არეულობის სქემის და სასურველი რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, მმართველმა გუნდმა გამოხატა მკაფიო ნება, რომ პროფესიონალურად დაკომპლექტებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჩაეტარებინა ზედმიწევნით მაღალკვალიფიციური არჩევნები, ხელისუფლებამ გასწია დიდი ძალისხმევა, რათა არჩევნების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების ოპონენტებისთვის არ მიეცა“. პაპუაშვილმა უარყო დამკვირვებლების ბრალდებები და მათი მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მათ ფოტო და ვიდეო მასალას „ფსევდომტკიცებულებები“ უწოდა.

ორშაბათი, 28 ოქტომბერი

მეთიუ მილერი: აშშ-ს სურს საქართველოს არჩევნებზე სრულფასოვანი გამოძიება

28 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს და საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების სრულფსოვანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. მან არ დააკონკრეტა, რომ საგამოძიებო ორგანო ქართული უნდა იყოს, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ კონსულტაციებს აწარმოებს ევროპელ პარტნიორებთან, თუ რომელი შეიძლება იყოს შესაბამისი ორგანო ასეთი გამოძიების ჩასატარებლად.

არჩევნების გაყალბებაზე განცხადებების შემდეგ კანადა საქართველოსთან ურთიერთობას გადააფასებს

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ (Global Affairs Canada) საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ურთიერთობების გადაფასებას აანონსებს და არჩევნების დღეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს. კანადის ხელისუფლება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებას, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის აქებს. 

არჩევნების გაყალბებაზე განცხადებების შემდეგ შვედეთი საქართველოსთან თანამშრომლობას აჩერებს

შვედეთის განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ბენჟამინ დუსამ მედიას განუცხადა, რომ შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შეჩერების შესახებ. შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი უმხვილესი დონორია და მისი დახმარება წელიწადში თითქმის 19 მილიონი აშშ დოლარია. დუსამ აღნიშნა, რომ თანამშრომლობა იმ შემთხვევაში აღდგება, თუ საქართველო ევროკავშირის გზაზე დაბრუნდება.

კვირა, 27 ოქტომბერი

ბლინკენი: აშშ გმობს არჩევნებზე საერთაშორისო ნორმების დარღვევას, გამოძიებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გმობს „საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას“ და უერთდება „საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება“.

ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოს არჩევნებისთავისუფალ და სამართლიანბუნებას ეჭვქვეშ აყენებენ

ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა 27 ოქტომბერს განცხადებები გაავრცელეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ორივემ ეჭვქვეშ დააყენა საარჩევნო პროცესი. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული ყველა დარღვევის გამოძიება მოითხოვა, ხოლო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უჭირს ეს არჩევნები აღიაროს როგორც  თავისუფალი და სამართლიანი.

22:17 – ლატვიის პრეზიდენტი: არავის აქვს უფლება მოიპაროს საქართველოს ევროპული ოცნება

ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა სოციალურ ქსელში სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ ხალხს და განაცხადა: „ქართველ ხალხს აქვს ევროპული ოცნება, არავის აქვს უფლება მოიპაროს ეს ოცნება დაშინებისა და მანიპულაციის გზით. სრული სოლიდარობა საქართველოს მოსახლეობას და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“.

21:51 – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არჩევნების შედეგებზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადეკ შიკორსკი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს. შიკორსკიმ განაცხადა: „საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ევროპა ახლა ქართველ ხალხს გვერდით უნდა დაუდგეს“.

21:00 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებს არ ცნობს

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს ოპოზიციურ პარტიებთან გამართული ინტენსიური კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ იგი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს.  პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნებზე ადგილი ჰქონდა „ტოტალურ გაყალბებას, ხმების ტოტალური წართმევას“. მისი თქმით, არჩევნებით თავისი ბუნებით რუსული იყო. „ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე“.

პრეზიდენტმა მოქალაქეებს 28 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა იმისთვის, რომ „გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთს – ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს“. „ამ არჩევნებს ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს“, – დასძინა პრეზიდენტმა.

20:30 – შარლ მიშელი ცესკოს მოუწოდებს, გამოიძიოს საარჩევნო დარღვევები; ევროპული საბჭო საქართველოსთან ურთიერთობას ნოემბერში შეაფასებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოუწოდა ცესკოს გამოიძიოს საარჩევნო დარღვევები და განაცხადა, რომ აპირებს საქართველოს საკითხი ევროპული საბჭოს ნოემბრის არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში შეიტანოს.

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვაპირებ საქართველოს საკითხი ბუდაპეშტში, ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში შევიტანოთ. მხედველობაში ვიღებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა გაირკვეს და აღმოიფხვრას. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელმძღვანელობას, გამოავლინოს თავისი მტკიცე ერთგულება ქვეყნის მიერ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლის მიმართ, რაც ასევე შეესაბამება ევროპული საბჭოს ივნისისა და ოქტომბრის დასკვნებს. კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით ახლა უმთავრესია. ევროპული საბჭო ნოემბერში შეაფასებს სიტუაციას და საქართველოსთან ურთიერთობაში შემდგომ ნაბიჯებს დაადგენს”, – დაწერა მიშელმა ტვიტერზე.

19:10 – პარლამენტში არც „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ შევა

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ კოალიცია პარლამენტში არ შევა. „როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

გუშინ, ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ არ ცნო არჩევნების ოფიციალური შედეგები მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნება“ გამარჯვებულად გამოაცხადა.  

18:30 – უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი თბილისს ეწვევა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ოფიციალური ვიზიტით თბილისში ხვალ ჩამოვა, იტყობინება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვიზიტი ორ დღეს, 28-29 ოქტომბერს გაგრძელდება. პრემიერ ორბანს უნგრეთის მინისტრებისა და ოფიციალური პირების დელეგაციაც ახლავს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მმართველ პარტიას სავარაუდო გამარჯვება ჯერ კიდევ წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე მიულოცა.

18:11 – კოალიცია ცვლილებისთვის დეპუტატობის კანდიდატები მანდატებზე უარს ამბობენ

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნანა მალაშხიამ დეპუტატობის მანდატზე უარი თქვა და განაცხადა, რომ სიაში მყოფი დანარჩენები კანდიდატებიც მის მაგალითს გაიმეორებენ. „ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე, ნანა მალაშხია, სიის პირველი ნომერი, პოლიტიკაში შემოვედი იდეებისთვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად, ამიტომ, მე დღეს ვამბობ უარს ჩემს საპარლამენტო მანდატზე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ სიის პირველი 20 ნომერიც იგივეს გააკეთებს.  

18:10 – ევროპელი დეპუტატები: ევროკავშირი ვერ ცნობს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს

მაღალი რანგის ევროპელმა დეპუტატებმა კანადელ კოლეგასთან ერთად ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ „არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი“ და რომ „ევროკავშირს ამ შედეგს ვერ აღიარებს“. დეპუტატები სანქციების დაწესებას მოითხოვენ იმ პირების მიმართ, „ვინც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ უსამართლო ზემოქმედებაზე, დაშინებასა და მუქარაზეა პასუხისმგებელი“.

18:00 – ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სახდეპს არჩევნების გაყალბებაზე ბრალდებების გამოძიებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, გამოიძიოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისა და რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებები. „მე შეშფოთებული ვარ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე სისტემატური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებების გამო. მე ასევე შეშფოთებელი ვარ რუსეთის კარგად დოკუმენტირებული მცდელობებით, ხელი შეუშალოს არჩევნებს“, – განაცხადა მან.

15:45 – „ძლიერი საქართველო“ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს

სხვა ოპოზიციური კოალიციების მსგავსად, „ძლიერი საქართველო“ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს. კოალიციის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ისინი განაგრძობენ საკუთარი ამომრჩევლების თითოეული ხმის დაცვას.

15:00 – საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი მიგნებები და დასკვნები

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ წინასწარი მიგნებები და დასკვნები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „კენჭისყრის დღემ დამკვიდრებული პოლარიზაცის ფონზე ჩაიარა, რომელსაც  ბოლო დროს მიღებული კანონის და ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი ზეგავლენის გამო მზარდი შეშფოთება  აზიანებდა“. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტებს, ზოგადად, ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა, „ცნობები ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა, ზეწოლის შესახებ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში არ შემცირებულა. აღნიშნულმა, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ინტენსიურ აღრიცხვასთან ერთად შეშფოთება გამოიწვია ზოგიერთი ამომრჩევლის გამო, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ხმის მიცემას დასჯის შიშის გარეშე“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მართალია საკანონმდებლო ბაზა უზრუნველყოფს სათანადო საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, „ბოლო დროს განხორციელებული ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, რაც შეშფოთებას ზრდის კანონმდებლობის პოტენციურად პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენების კუთხით“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიასთან საუბრებში პროცესში ჩართულ მხარეთა უმრავლესობა ნდობას უცხადებდა საარჩევნო ადმინისტრაციას მისი ტექნიკურ და ორგანიზაციული კომპეტენციების გამო, „გამოითქვა წუხილი ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევისა და წარდგენისა პროცესის კონტროლზე უფლებამოსილების სახელისუფლებო პარტიისთვის გადაცემას, გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და ასევე, არაპარტიულ წევრებსა და სახელისუფლებო პარტიას შორის სავარაუდო კავშირების თაობაზე, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის მიმართ არსებულ აღქმაზე“.  

აღნიშნავს რა, რომ ელექტრონული მოწყობილობების შემოღებას დაინტერესებულ მხარეთა უმეტესობა მხარს უჭერდა, მისია აცხადებს, რომ „ძირითადი დაინტერესებული მხარეები, როგორებიც არიან პოლიტიკური პარტიები და ადგილობრივი დამკვირვებლები, არ დაუშვეს აუდიტის პროცესზე დასასწრებად და მათ შეზღუდულად მიუწვდებოდათ ხელი რელევანტურ დოკუმენტაციაზე, რაც ზღუდავდა გამჭვირვალობას და არ შეესაბამებოდა საერთაშორისო კარგ პრაქტიკას“.

13:20 – ENEMO: არჩევნები პოლარიზებულ და შემზღუდველ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობას და სამართლიანობას

არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპულმა ქსელმა (ENEMO) ბრიფინგზე საარჩევნო პროცესი შეაფასა და განაცხადა, რომ „2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში პოლარიზებულ და შემზღუდველ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობას და სამართლიანობას. მნიშვნელოვანი დარღვევები მოიცავდა ოპოზიციის წევრებზე ძალადობას, ამომრჩეველთა დაშინებას, ცილისწამების კამპანიებს დამკვირვებლების მიმართ და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას. კამპანიის რეგულაციების შემზღუდველმა აღსრულებამ შეზღუდა კონკურენცია, მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა სამოქალაქო საზოგადოებაზე და მედიაზე და შეამცირა ადგილი ხელისუფლების კრიტიკისთვის“.

ENEMO-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესი, ზოგადად, პროფესიონალურად და ეფექტურად ჩაატარა“, არსებობს „შეშფოთება ცესკოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით“. ორგანიზაციამ ხაზგასმით აღნიშნა: „ამ საკითხების საერთო ზემოქმედებამ მნიშვნელოვნად დააზარალა საარჩევნო პროცესის დემოკრატიული მთლიანობა“.

13:10 – გახარია: არჩევნები გაყალბებულია, უიმედობის დრო არ არის, „გონივრული პროტესტია“ საჭირო

პარტია „საქართველოს“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ არჩევნებზე დაირღვა ქართველი ხალხის ნება, თუმცა აღნიშნა, რომ „ახლა არ არის უიმედობის დრო… ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის იმ ფორმებს, რომელიც პირველ რიგში, მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვას, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის და არჩევნების ინსტიტუტის დაცვას“. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „საარჩევნო ინსტიტუტის გადარჩენა, გუშინდელი არჩევნების შედეგების გადარჩენა პირდაპირ არის დაკავშირებულია ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენასთან“.

გახარიამ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა როგორც არჩევნების დღეს, ასევე მანამდე. „ეს არის ფაქტებით დადასტურებული, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა. ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს“. მისი თქმით, დარღვევების ფაქტები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მიეწოდათ.

„მე შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ადგილი ჰქონდა სისტემური ხასიათის ამომრჩევლების დაშინებას, მოსყიდვას, პირადობის მოწმობებით და ID ბარათებით მანიპულირებას“, – განაცხადა გახარიამ.

12:47 – ხაზარაძე: ივანიშვილმა KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე არჩევნების ოფიციალურ შედეგებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „სრულიად გასაგებია, რა მოხდა. ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ხალხის ხმა მიითვისეს და ქვეყანას რუსეთისთვის ამზადებენ, არ გამოვა ეს ამბავი! ამ სიყალბეს არ და ვერ დავეთანხმები… არასდროს!“

12:00 – „სამართლიანი არჩევნებისბრიფინგი: დარღვევებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ შუადღის ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნებზე სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა, რადგან ადგილი ჰქონდა ზეწოლის, მუქარის, პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვების, დამკვირვებლების გაძევების, ამომრჩეველთა მარკირების პროცედურის დარღვევის, საარჩევნო უბნებთან არაუფლებამოსილი პირების მობილიზების, ხმის მრავალჯერადი მიცემის შემთხვევებსა და ამომრჩევლებზე კონტროლის განხორციელებას. ამასთან, დამკვირვებლებს საქმის კეთების საშუალება არ მიეცათ.

„სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, ამ დარღვევებმა სერიოზული გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე. ორგანიზაციის თქმით, ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსების მანიპულირებამ და გამოყენებამ, ასევე სახელმწიფო ინფრასტრუქტურის, სოციალური და ეკონომიკური პროგრამების გამოყენებამ საარჩევნო მიზნებისთვის, თანამდებობის პირთა წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვამ, მოქალაქეების პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.

დოლიძემ ასევე ისაუბრა სხვა ფაქტორებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინეს არჩევნების შედეგებზე, როგორიცაა ხელისუფლების მიერ ქართული დიასპორისთვის დამატებითი უბნების გაუხსნელობა, ცესკოს საქმიანობასა  და მისი დაკომპლექტების წესში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები.

11:15 – პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ არჩევნების შემდეგ ბრიფინგი გამართა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არჩევნების შემდეგ ბრიფინგი გამართა. „ქართველმა ხალხმა გააკეთა ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი- აირჩია მშვიდობა და აირჩია ქვეყნის განვითარება, აირჩია ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი“, – განაცხადა მან. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მთლიანობაში დაახლოებით 1,120,000 ხმა მიიღო, რაც „არის რეკორდული მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ“. კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ არჩევნები „მშვიდობიანი“ იყო, რომ არა, მისი თქმით, ოპოზიციური ტელეკომპანიების მიერ დადგმული პროვოკაციები. მან ასევე მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას იმისათვის, რომ „არჩევნების ადმინისტრირება მოხდა უნაკლოდ“. მან ასევე მადლობა გადაუხადა საარჩევნო კომისიის წევრებს და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს „გამოცხადებული ნდობისთვის“. „სწორედ მშვიდობის ბედი გადაწყდა საქართველოსთვის ამ არჩევნებზე და მშვიდობით მოსარგებლე იქნება საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქე“, – აღნიშნა მან. კობახიძემ პირობა დადო, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდება. „გადაწყდა მშვიდობის ბედი ჩვენს ქვეყანაში და მშვიდობა მოიტანს უპრეცედენტო განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“, – დასძინა მან.

11:00 – საია არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ არჩევნების დღის პროცესის შესაფასებლად ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ „საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა“. მან ძირითადი დარღვევები ჩამოთვალა:

  • მარკირების წესის დარღვევა – საუბნო კომისიის წევრებმა ან არ დაასხეს მარკირების სითხე, ან ამომრჩევლებს ჰკითხეს, სურდათ თუ არა მარკირების სითხის თითებზე შესხურება; ზოგიერთ შემთხვევაში ფანარი არც კი ანათებდა მარკირების სითხეს; დაფიქსირდა იმ ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის შემთხვევები, რომლებიც ადრე უკვე იყვნენ მარკირებული;
  • ორმაგი ვერიფიკაცია და ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის შემთხვევა;
  • დამკვირვებლების მუშაობის შეფერხება;
  • ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება; საიას დაკვირვების ქვეშ მყოფი უბნების უმეტესობაში დამონტაჟდა „ქართული ოცნების“ კამერები, რომლებიც ვერიფიკაციის მანქანას ან კენჭისყრის კაბინებს აკონტროლებდნენ. ასევე, დაფიქსირდა ამომრჩევლების მიერ არაუფლებამოსილ თანმხლებ პირებთან ერთად ხმის მიცემის შემთხვევები;
  • სხვა დარღვევები არჩევნების დროს: დაძაბულობა უბნის გარეთ; პარტიის წარმომადგენლების მიერ უბნის გარეთ ამომრჩეველთა იდენტიფიცირება; ჟურნალისტების საქმიანობაში ხელისშეშლა; კომისიის წევრების მიერ ფუნქციების არასათანადო შესრულება; უკანონო აგიტაციის ფაქტები; ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული შეცდომები;
  • დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ბიულეტენის გაბათილებასთან, ჩანაწერთა წიგნის დალუქვასთან და საარჩევნო უბნის დოკუმენტაციის გაცნობასთან.

“კენჭისყრის დღეს გამოვლენილი ძირითადი დარღვევები და პროცესების სანდოობასთან დაკავშირებული ეჭვები დღის წესრიგში აყენებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან განმარტების საჭიროებას – იმ პირობებში, როდესაც ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთულია ამომრჩეველთა სრული სია, რა მექანიზმების გამოყენებით შეიძლება იმის დაზუსტებით თქმა, რომ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება. ეს საკითხი განსაკუთრებით საჭიროებს განმარტებას იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მარკირების პროცედურებთან დაკავშირებული სერიოზული დარღვევები”, – განაცხადა საიამ. 

10:40 – ცესკო ელექტრონულ ტექნოლოგიებს მიესალმება და ხმების მანიპულირების შესახებ ბრალდებებს უარყოფს

არჩევნების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები წარმატებით ჩატარდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. მისი თქმით, არჩევნების პროცესი სათანადოდ დაიგეგმა და განხორციელდა ყველა ეტაპზე. თავისი სიტყვების გასამართლებლად, კალანდარიშვილმა რამდენიმე  სტატისტიკური მონაცემიც მოიყვანა. ცესკო-ს თავმჯდომარემ უარყო ბრალდებები ხმის მრავალჯერადი მიცემის გზით არჩევნების გაყალბების შესახებ.

ამასთან, კალანდარიშვილმა საქართველოს მასშტაბით 3111 უბნიდან 3100 უბანზე დაფუძნებული ოფიციალური შედეგები წარმოადგინა. იმ პარტიების შედეგები, რომელთაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ასეთია:

  • კოალიცია ცვლილებისთვის – 10,92%
  • ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა – 10,12%
  • ძლიერი საქართველო – 8,78%
  • გახარია – საქართველოსთვის – 7,76%
  • ქართული ოცნება – 54,8%

09:30 –უბნების 99%-ზე მეტი დათვლილია, ცესკოს შედეგები: ქართული ოცნება – 54,23%, ოპოზიცია – 37,44%

უბნების 99%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგებით, „ქართული ოცნება“ ხმების 54.23%-ით ლიდერობს, ხოლო ოპოზიციურმა  პარტიებმა, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს, საერთო ჯამში ხმების 37,44% მოიპოვეს, მათ შორის:  

  • კოალიცია ცვლილებისთვის (ახალი+გირჩი – მეტი თავისუფლება+დროა) – 10,82%
  • ერთიანობა საქართველოს გადასარჩენად (ნაციონალური მოძრაობა+სტრატეგია აღმაშენებელი) – 10,11%
  • ლიერი საქართველო (ლელო საქართველოსთვის + ხალხისთვის + მოქალაქეები + თავისუფლების მოედანი) – 8,76%
  • საქართველოსთვის (ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი  გახარიას პარტია) – 7,75%.

01:30 – „ძლიერი საქართველო“ ოფიციალური წინასწარი შედეგებითგანრისხებულია

„ ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი წარმოდგენა და დაწერა გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს ცოტა ხნის წინ, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საყოველთაო დაშინების, გაყალბების, მოსყიდვის ფონზე ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებული ეს ციფრები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ისტორიულ და დღევანდელ არჩევანს“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ.

00:50 – „ჩემი ხმა“ გაყალბების „კომპლექსურ სქემაზე“ საუბრობს

ადგილობრივმა სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“ განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მიზნით „კომპლექსური სქემა“ იქნა შემუშავებული და ამიტომ ოფიციალური შედეგების გაუქმებას მოითხოვს.

„ჩემი ხმის“ წარმომადგენლის ლონდა თოლორაიას ბრიფინგი მას შემდეგ გაიმართა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარი ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

თოლორაიამ განაცხადა, რომ „არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა“. მისი თქმით,  „დღის ბოლოს აშკარა გახდა, რომ დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესის მონიტორინგისას გამოკვეთილი სხვადასხვა პრობლემა დიდი სქემის ნაწილი იყო, რომლის მიზანი არჩევნების საბოლოო შედეგის შეცვლა იყო“.

00:20 – ორი ოპოზიციური კოალიცია ოფიციალურ წინასწარ შედეგებს არ ცნობს

ოპოზიციურის კოალიციების „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა ცალ-ცალკე  ბრიფინგებზე განაცხადეს, რომ არ ცნობენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ ოფიციალურ წინასწარ შედეგებს.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პარტია არ აღიარებს „მოპარული არჩევნების შედეგებს“ და არ დათმობს ევროპულ მომავალს.

„ნამდვილად არ გვიფიქრია, რომ ამ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. არჩევნები არის მოპარული. ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, „ოცნება“ არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და პასუხს აგებს იმ წესით, როგორი წესითაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ. „ ჩვენ გაშიფრული გვაქვს სქემა, თუ როგორ მოიპარეს არჩევნები“.

პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ საკითხზე პირველადი გამოძიების მიხედვით, არჩევნების მოპარვის რამდენიმე გზა იქნა გამოყენებული, როგორიცაა ვერიფიკაციის სისტემის მანიპულირება, მარკირების წესის დარღვევა, ერთი და იგივე ადამიანების მიერ ხმის მრავალჯერადი მიცემა სხვადასხვა უბნებზე, რისთვისაც „ქართულმა ოცნებამ“ პერსონალურ ინფორმაცია გამოიყენა, რომელიც მმართველმა პარტიამ არჩევნებამდე ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების ჩამორთმევით შეაგროვა.

00:09 – „კოალიცია ცვლილებისთვის“ ზუგდიდის ოფისზე თავდასხმა განხორციელდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ზუგდიდის ოფისზე ე.წ. ტიტუშკებმა თავდასხმა განახორციელეს, რა დროსაც მათ შენობას ლითონის ნივთები და ქოთნები ესროლეს და შესვლა სცადეს, მაგრამ მედიის ადგილზე მისვლისთანავე დატოვეს ტერიტორია. ამ დროისთვის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.

შაბათი, 26 ოქტომბერი

23:10 – „გახარია – საქართველოსთვის“: არჩევნების დღის დარღვევებმა გავლენა მოახდინა ოფიციალურ მონაცემებზე

პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა არჩევნების დღის სავარაუდო დარღვევებზე ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ სანამ პარტია საბოლოო შედეგებს ელოდება, ის აპირებს დარღვევების დეტალური მტკიცებულებების გაზიარებას ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან. მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა რამდენიმე დარღვევას, რომლებმაც, მისი თქმით, ოფიციალურ წინასწარ შედეგებზე იმოქმედა და მათ შორის დაასახელა ხმების მოსყიდვა, გაფუჭებული ბიულეტენების მიღება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, წინასწარ მონიშნული ბიულეტენების განაწილება და ამომრჩეველთა მიერ ხმის რამდენიმეჯერ მიცემა.

22:00 – ცესკო წინასწარ შედეგებს აქვეყნებს: „ქართული ოცნება“ ლიდერობს

ცესკო-მ წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა:

  • ქართული ოცნება – 52,99% (935 004 ხმა)
  • ოალიცია ცვლილებისთვის – 11,2% (197619 ხმა)
  • ერთობა-ნაციონალური მოძრაობა – 9,83 (173510 ხმა)
  • ძლიერი საქართველო – 9.02% (159 306 ხმა)
  • გახარია – საქართველოსთვის – 8,22% (145205 ხმა

დანარჩენმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

21:25 – საარჩევბო უბნები დაიხურა, ამომრჩეველთა აქტივობამ 58.94% შეადგინა

საარჩევნო უბნები დაიხურა და 20:00 საათისთვის საქართველოს მასშტაბით საპარლამენტო არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა რაოდენობამ 2 060 412 შეადგინა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების 58.94%-ია. სამმა ეგზიტპოლმა ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები აჩვენა, რის შედეგადაც გამარჯვებას როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია ზეიმობს.

20:15 – ეგზიტპოლებს ოპოზიცია ეხმიანება

მმართველი პარტიის მსგავსად, ოპოზიციაც სიხარულით გამოეხმაურა ეგზიტპოლის შედეგებს:

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია: „ორივე ეგზიტპოლის შედეგად “ქართული ოცნება” აგებს. 70-ზე ნაკლები მანდატი აქვს. ოპოზიცია იმარჯვებს. მე იმედი მაქვს, რომ არ იქნება არანაირი კითხვის ნიშნები არცერთ ოპოზიციურ პარტიაში, თუ როგორ უნდა გაკეთდეს კოალიცია და არც ცალკეულ ოპოზიციით არჩეულ პარლამენტის წევრებს. დაახლოებით 85-65-ზე ნაწილდება მანდატები. ამ ეგზიტპოლებში არ შედის ემიგრანტების ხმები. ემიგრანტებში “ქართული ოცნება” ძალიან მნიშვნელოვნად აგებს. ეს არ იქნება ცოტა ხმა, 100 ათასამდე ხმა იქნება, რაც შეცვლის არჩევნების შედეგებს “ოცნებისთვის” საკმაოდ ნეგატიური კონტექსტით“.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია: „ველოდები ბევრად უკეთეს შედეგებს მას შემდეგ, რაც რეალური დათვლა დაიწყება. ჩვენს საზოგადოებაში ეგზიტპოლის ცდომილება საკმაოდ დიდია. ამიტომაა ამხელა სხვაობები. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია თითოეული უბნიდან ხმების დაცვა. ყველა სახის ზეიმი ამის შემდეგ. მერწმუნეთ, როდესაც დათვლა დასრულდება, ჩვენი, მათ შორის ოპოზიციური პარტიების შედეგები უკეთესი იქნება, ვიდრე ეგზიტპოლია“.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე: „გილოცავთ საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხებას! ხალხის ნება გამოხატულია. ახლა ამ ნებას სჭირდება დაცვა, საქმე ბოლომდე არის მისაყვანი. მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენ წარმომადგენელს უბნებზე, რომ ბოლო წუთამდე დაიცვან ჩვენი ამომრჩევლის ხმები… კიდევ ერთი, დღეს ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა მოქალაქეებმა სტაგნაციის პერიოდი დაამთავრეს. საქართველოში ახალი პერიოდი, ცხოვრება იწყება, რომელიც არის თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ და ქვეყნის აღმშენებლობისკენ, ძლიერი საქართველოს ასაშენებლად მიმართული ძალა და ენერგია მუშაობას იწყებს. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში ბოლომდე დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა…“

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა: „მიუხედავად ბიულეტენების ჩაყრისა, მიუხედავად ძალადობისა გაიმარჯვა ევროპამ და გაიმარჯვა საქართველომ. დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილის დრო დასრულდა და ეს ვნახეთ ჩვენ იმ ეგზიტპოლებში, რომელიც ახლა გამოქვეყნდა… ქართველმა ხალხმა ამ ისტორიულ არჩევნებზე გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე, კოალიციურ ხელისუფლებაზე“.

20:15 – „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ეგზიტპოლის შედეგებს ეხმიანება

„ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. მან განაცხადა, რომ „იშვიათია ასეთი შემთხვევა მთელს მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს“. ივანიშვილის თქმით, მომდევნო ოთხ წელიწადში „ქართული ოცნება“  გააკეთებს „ძალიან ბევრს და კიდევ ოთხ წელიწადში საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში“. „არ იქნება სიცრუე, არ იქნება ღალატი და არ იქნება მამაძაღლობა“, – დასძინა მან.

20:10 – ვიქტორ ორბანი „ქართულ ოცნებას“ სავარაუდო გამარჯვებას ულოცავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს მმართველ პარტიას ეგზიტპოლის სადავო შედეგების საფუძველზე სავარაუდო გამარჯვება მიულოცა. ორბანმა ტვიტერზე დაწერა: „ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“ დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტურ გამარჯვებას. ქართველმა ხალხმა იცის, რა არის უკეთესი მისი ქვეყნისთვის და დღეს მათი ხმა ყველას გააგონეს“.

20:00 – ეგზიტპოლებმა ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები აჩვენა

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების დახურვისა და ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, სამმა ეგზიტპოლმა ერთმანეთისგან განსხვავებული შედეგები აჩვენა. მათ შორის ოპოზიციური ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით ოპოზიცია იგებს, ხოლო ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით გამარჯვებული „ქართული ოცნებაა“.  

19:30 – ჩემი ხმა: კენჭისყრის პროცესის შუალედური შეფასება

სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“ არჩევნებზე დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ეფუძნება დამკვირვებლებისგან მიღებულ ინფორმაციას 15:00 საათიდან 17:00 საათამდე კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე. მისიის ინფორმაციით, არჩევნები მთელ რიგ საარჩევნო ოლქებში ძალადობრივი ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს.

დამკვირვებლების მიმართ ძალადობის რეგულარული შემთხვევების გამო, „ჩემმა ხმამ“ გადაწყვიტა მარნეულის გარკვეული უბნებიდან დამკვირვებლები გამოეყვანა. მარნეულსა და გარდაბანში ფიქსირდება საკუთარი პასპორტით, მაგრამ სხვისი პირადი ნომრით ხმის მიცემის ფაქტები, რაც კომისიის წევრების ჩართულობით ხორციელდება.

მარნეულში კვლავ ფიქსირდება მარკირების განუხორციელებლობის ბევრი ფაქტი და ხმის არაერთგზის მიცემის შემთხვევა.

საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, განსაკუთრებით ევროპასა და აშშ-ში ამომრჩევლები მრავალსაათიან რიგებში დგანან. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა ესპანეთში, სადაც კომისია ვერ ატარებს ამომრჩევლებს მაღალი აქტივობის გამო და ამომრჩევლები ვერ ახერხებენ ხმის მიცემას.

18:00 საათისთვის 1222 უბნიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად,  მარკირება არ მოწმდებოდა სათანადო წესით 50 უბანზე; მარკირების გაკეთების წესი დაირღვა/მარკირების გარეშე ხმა მისცეს 32 უბანზე; ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა 22 უბანზე; ფიზიკური დაპირისპირების/მუქარის/ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა 31 უბანზე.

მნიშვნელოვანი ინციდენტები მოხდა თბილისის მეხუთე ოლქის პირველ უბანზე, სადაც „ჩემი ხმის“ დამვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მარნეულის მე-4 უბანზე „საიას“ დამკვირვებელს შეუზღუდეს დაკვირვების შესაძლებლობა, მიაყენებს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო მარნეულის მე-16 უბანზე არაუფლებამოსილი პირი იმყოფება უბანზე, რომელიც აგრესიულია ჩვენი კოალიციის დამკვირვებლის მიმართ. ზუგდიდში, 67-ე ოლქის 30-ე უბანზე მოხდა ფიზიკური დაპისრისპირება.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დაფიქსირდა ქობულეთში, მე-8 უბანზე. კომისიის წევრები უმეტესად თავად ათავსებენ ბიულეტენს ხმის მთვლელ აპარატებში. ასევე, დაფიქსირდა კაბინაში სამი ამომრჩევლის მიერ ერთად შესვლისა და ხმის მიცემის ფაქტი.

კვლავ ფიქსირდება კრიტიკულად დიდი რიგები აშშ-სა და ევროპაში გახსნილ საარჩევნო უბნებზე. ლონდონში, პარიზში, რომში, ათენში, მილანში, შტუტგარტში, ბერლინში, ნიუ-იორკში და ა.შ. ამომრჩევლებს  საათობით დგანან რიგში, ხოლო უბნები ვერ აუდიან ამომრჩეველთა ნაკადების გატარებას.

19:26 – სახალხო დამცველი სამართალდამცველებს ძალადობრივი ინციდენტების დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, შეისწავლონ და შეაფასონ ყველა შესაძლო დანაშაულებრივი/კანონსაწინააღმდეგო ინციდენტი და მოახდინონ მათზე მყისიერი, ეფექტური და კანონის შესაბამისი რეაგირება.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ:

  • რიგ შემთხვევებში პროცედურული დარღვევები გახდა საარჩევნო უბნებზე და შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტების, დაძაბულობისა და დაპირისპირების წინაპირობა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ინციდენტები გამოწვეული იყო უბნების მიმდებარედ სხვადასხვა ჯგუფების მობილიზებით;
  • ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების მიმართ ამგვარი ძალადობა, აგრეთვე მათი მუშაობის შეფერხება წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას;
  • მნიშვნელოვანია, ყველამ დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნა  კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვისა და კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების/ამომრჩეველთა აღრიცხვის თაობაზე; გარდა ამისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველას დაიცვას როგორც აღნიშნული კანონისმიერი დანაწესი, ასევე, არ შეუწყოს ხელი და არ წაახალისოს თუნდაც შესაბამისი მანძილის დაცვით ძალადობისა და დაპირისპირებების ინიცირება.  მედიის როლი გადამწყვეტია, განსაკუთრებით საზოგადოების ინფორმირებაში საარჩევნო პროცესის შესახებ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედია არ ჩაერიოს საარჩევნო კომისიების მუშაობაში;
  • მედიის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის, თუმცა მედიის მხრიდან ასევე მნიშვნელივანია ხელი არ შეეშალოს საარჩევნო კომისიების მუშაობას.

სახალხო დამცველი მიმართავს ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერსა და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობის წახალისებისაგან და ინიცირებისგან და ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიან და ჯანსაღ გარემოში წარმართვას.

18:20 – პრემიერ-მინისტრი: „ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება“

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მთლიანობაში არჩევნები წარიმართება „მშვიდ გარემოში“ და 3111 უბნიდან 3100-ზე მეტ უბანზე არჩევნები წარიმართება „მშვიდ ვითარებაში“ მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ძალადობას ჰქონდა ადგილი. მოლოდინებთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ „ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება“, თუმცა დასძინა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჯერ არ არის გარანტირებული და ამიტომ მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. მან გაიმეორა „ქართული ოცნების“ ნარატივი, რომ არჩევანი კეთდება „ომსა და მშვიდობას“, „ამორალური პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობების“, ასევე „ქვეყნის ბნელ წარსულსა და ნათელ, ევროპულ მომავალს შორის“.

18:10 – ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი დაარბიეს

ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში უცნობი პირები შეიჭრნენ და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. მამაკაცები ოფისში მივიდნენ მანქანებით, რომლის ფანჯრებიდანაც „ქართული ოცნების“ უზარმაზარი დროშები იყო გადმოკიდებული. ტვ პირველის კადრებში ჩანს ნაციონალური მოძრაობის წევრების ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელთაც თავდამსხმელების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს, რის შემდეგაც მათ ტერიტორია დატოვეს.

18:00 – „სამართლიანი არჩევნები“ მორიგ საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ 18:00 საათისთვის გამოვლენილ დარღვევებს შორის იყო:

  • მარნეულის 22-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრა;
  • მარკირების სითხის მქონე ადამიანების საარჩევნო უბნებზე შეშვება;
  • დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა და საარჩევნო უბნებიდან გაძევება;
  • ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისას პროცედურული შეცდომები;
  • ხალხისთვის ერთზე მეტი ბიულეტენის მიცემა;
  • ხმის მიცემა ვადაგასული პირადობის მოწმობით;
  • ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა კაბინაში ერთზე მეტი პირის შესვლით.

17:50 – 17 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 50.6% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, 17 საათისთვის საქართველოს მასშტაბით საპარლამენტო არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა რაოდენობა 1 768 816, რაც  რეგისტრირებული ამომრჩევლების 50.6%-ს შეადგენს.

17:41 – უცხოელი დიპლომატები სადამკვირვებლო ორგანიზაციების ოფისებს ეწვივნენ

შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ანა ლიბერგი, ესტონეთის ელჩი საქართველოში მარგე მარდისალუ-კაჰარი და ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი „სამართლიანი არჩევნების“ ოფისს ეწვივნენ.

მანამდე შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ეწვია „სამართლიანი არჩევნების“ ოფისს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საარჩევნო მისიის ოფისს, რათა საარჩევნო დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი ჯონ პენელი ასევე ეწვია საიას საარჩევნო მისიის შტაბს.

17:00 – სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ მორიგი ბრიფინგი საარჩევნო დარღვევების შესახებ

სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ 11-დან 15 საათამდე 1 227 უბანზე დაფიქსირებულ საარჩევნო დარღვევებზე ბრიფინგი გამართა. მან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც მედიისა და დამკვირვებლების საქმიანობაზე გავლენას ახდენს, ასევე შეეხო ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის,  მარკირებისა და ვერიფიკაციის პროცესის დარღვევების საკითხებს. ძირითადი დარღვევები მოიცავდა:

  • მარკირების გაკეთების წესი დაირღვა/მარკირების გარეშე ხმა მისცეს 70 უბანზე;
  • ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა 47 უბანზე;
  • არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ 139 უბანზე;
  • ფიზიკური დაპირისპირების/მუქარის/ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა 38 უბანზე;
  • იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ხარვეზი გამოვლინდა 133 უბანზე;
  • 92 საარჩევნო უბანზე ელექტრონული პროცედურები ნათელი და გასაგები არ იყო ამომრჩევლისთვის, რის გამოც კენჭისყრის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა;
  • „ჩემი ხმას” დამკვირვებლებს დაკვირვებაში ხელი შეეშალათ 61 უბანზე.

16:55 – კანცელარიის შენობაში სპეცრაზმია მობილიზებული

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეო, რომ კანცელარიის შენობაში სპეცრაზმის მობილიზება მიმდინარეობს.

16:30 – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი თბილისში, ისანში, მე-9 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რამდენიმე პირის თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. „მე-9 უბანზე ისევ მობილიზება ჰქონდათ ე.წ. ძველი ბიჭები არიან თუ ვინ არიან, არაფხიზელ მდგომარეობაში, უბანთან სვამდნენ, ზუსტად უბნის კიბეებთან და ამის შემდეგ რომ მივედით გასარკვევად , ზუსტად ის ადამიანები ვინც ბოთლები დამიშინა და რამდენიმე საათის უკან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა, თავს დაგვესხნენ, მუცელში მაქვს ჩარტყმული წიხლი არ ვიცი რა ჩამარტყეს, ასევე ყბის და თავის არეში, საშინელი ტკივილი მაქვს… ცივი იარაღები ჯიბეებიდან უცვიოდათ, როცა გვესროდნენ მძიმე საგნებს, ერთ – ერთი იყო ცივ იარაღით“, – ამბობს მარიამ დოლიძე, რომელიც ამჟამად „ჯეოჰოსპიტალში“ იმყოფება.

16:24 – ცესკო: 15:00 საათისთვის 133 საჩივარია შემოსული

ცესკომ მორიგი ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ 15:00 საათის მდგომარეობით ხმა მისცა 1 454 837 ადამიანმა, რაც ამომრჩევლების 41,62%-ს შეადგენს. ცესკომ ასევე გამოაცხადა, რომ ავსტრალიაში ხმის მიცემა დასრულებულია, ხოლო სხვა ქვეყნებში კენჭისყრა მიმდინარეობს. 15:00 საათისთვის კომისიაში შესულია 133 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფარულობის დარღვევა; მარკირების წესის დარღვევა, საჩივარი უბნის გარეთ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით; აგიტაცია; უბნიდან გაძევება; დამკვირვებლის/წარმომადგენლის უფლებების დარღვევა საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლის მათ და ექნება შესაბამისი რეაგირება. ცესკო-ს თქმით, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომისიამ კანონის შესაბამისად იმოქმედა.

16:00 – თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა და პარტიის ადგილობრივი შტაბიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადა, რომ მმართველ პარტიას „უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა“. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან „ქართული ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს, რისთვისაც მოქალაქეებს ხმის მიცემისკენ მოუწოდებს. იგი ასევე მიესალმა ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას და განაცხადა, რომ ეს ხელს უწყობს მმართველ პარტიას. მან ასევე გააკრიტიკა ოპოზიციური მედიის „კოორდინირებული მცდელობა, ხელოვნურად არეულობა შეიტანონ არჩევნების მიმდინარეობაში, რათა შექმნან ყალბი აღქმა, არჩევნების მშვიდობიანი მიმდინარეობის წინააღმდეგ“.

15:43 – პრეზიდენტი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს ვერ უკავშირდება

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა მინისტრს ან მის მოადგილეს ვერ აკავშირებს. „მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც სამწუხაროდ, ვერ ვუკავშირდებით, ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი და უფრო ეფექტური, რადგან არ შეიძლება საარჩევნო უბნებზე ამ ტიპის დაძაბულობა დავუშვათ“, – განაცხადა პრეზიდენტმა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ადგილზე მომუშავე მედიას.

15:02 – საიას სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები

საიას სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, „15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით გრძელდება“. ქუთაისის 43-ე უბანზე ამომრჩეველს სრულყოფილად არ უხსნიან ბიულეტენის შევსების წესს. Საიას დამკვირვებლებმა ამ ეტაპისთვის, საერთო ჯამში, ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 27 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში 23, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე – 11 საჩივარი. ასევე, საიას მისიამ 4 სამართალდარღვევა დააიდენტიფიცირა. უბნების შიგნით და პერიმეტრზე გრძელდება ამომრჩეველთა აღრიცხვა. გარდა ამისა, საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ბათუმის 34-ე უბნის პერიმეტრზე შეინიშნება მიკროავტობუსით მარკირებული პირების მოყვანის ფაქტი. საჩხერის მე-5 უბანზე ამომრჩეველს არ მიეცა არასწორად გაფერადებული ბიულეტენის გამოცვლის შესაძლებლობა. მარნეულის ოლქის მე-12 უბანზე ხმის მიცემის კაბინასთან იდგა კომისიის წევრი, რომელიც ამომრჩეველს მიუთითებდა, ვისთვის მიეცა ხმა. ამავე უბანზე ნაკადის მომწესრიგებლის ნაცვლად დგას ადგილობრივი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი. Საიას საჩივრით მოთხოვნილია ამ უბანზე კენჭისყრის პროცესების დახურვა და უბნის ბათილობა. მარნეულის 74-ე, ახმეტის – მატნის მე-11 და გორის 22-ე, ისნის მე-9, ყიზილაჯლოს 74-ე საარჩევნო უბნებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლინდა ფიზიკური ძალადობის შემთხვევები (ზოგ შემთხვევაში – ჯგუფურად) დამკვირვებლებზე (ზოგ შემთხვევაში – ოპოზიციის წარმომადგენლებზე). საია იტყობინება, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევას. თელავის რაიონის ქვემო ხოდაშენში თავს დაესხნენ „ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს. მედიასაშუალების ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ტვ პირველის” ოპერატორმა ამომრჩეველზე ზეწოლის და მოსყიდვის ფაქტები გადაიღო. თავდასხმის შედეგად, ნაცემია ოპერატორი და ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა სრულად დამტვრეულია.

საჯარო წყაროებზე დაყრდნობით, გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ: ბაღდათის ოლქის 23-ე უბანზე შეიჭრა უცნობი პირი, რომელმაც დააზიანა ძირითადი საარჩევნო ყუთები და ხმის მთვლელი აპარატები. მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე, სავარაუდოდ, ძალადობრივად ჩაყარეს ბიულეტენები საარჩევნო ყუთში, ამასთანავე, განხორციელდა ფიზიკური ძალადობა დამკვირვებელზე. გორის 84-ე საარჩევნო უბანზე გამოვლინდა სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის მცდელობა და მუქარა ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელზე. გარდაბნის 33-ე საარჩევნო უბანზე გამოვლინდა სავარაუდოდ ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენისა და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტები. ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდოდ, ამომრჩეველს რამდენიმე პირი თავზე ადგას და მიუთითებს, გააფერადოს წრე კონკრეტული პარტიის გასწვრივ.

14:50 – უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციას პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მორიგი ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ „ძალიან დამაიმედებელი მონაცემები მოდის რეგიონებიდანაც და ქალაქებიდანაც, მათ შორის, განსაკუთრებით თბილისიდან „ქართული ოცნებისთვის“ და საქართველოსთვის“. მან ტვ პირველი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ძალადობრივი ჯგუფებისა და ტვ პირველის გადამღები ჯგუფის გადაადგილებების დამთხვევა იმაზე მიუთითებს, რომ „ეს არის დადგმული სპეცოპერაცია ზონდერების და ტელე-ზონდერების ჩართულობით“. სუსის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მან განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციებს აწყობს არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დასაყენებლად.

15:00 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი პოლიციას ძალადობის შემთხვევებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიციას მოუწოდებს, საარჩევნო უბნებიდან გაიყვანოს „ძველი ბიჭები“ და „ნარკომანების ძალადობრივი ჯგუფები“. „თქვენ ვალდებულნი ხართ უფრო [აქტიურად] და დროულად რეაგირება მოახდინოთ”, – წერს ის სოციალურ მედიაში.

14:55 – მარნეულის 69-ე უბანი დაიხურა

ცესკომ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ მარნეულის 69-ე უბანი მას შემდეგ დაიხურა, რაც ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენი ჩაყარა.

14:20 – თელავში „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

ოპოზიციური ტელეკომპანია პირველი იუწყება, რომ მის გადამღებ ჯგუფს თელავში, მე-16 საარჩევნო უბანთან თავს დაესხნენ. მედიის ცნობით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ. ოპერატორი სცემეს, ხოლო აპარატურა დაზიანდა.

14:20 – ცესკოს თქმით, წინასწარ მონიშნული ბიულეტენების შესახებ ინფორმაცია მანიპულირებაა, კომისიის წევრის გარდაცვალებას იტყობინება

ცესკომ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ამ დრომდე სამი გადამოწმების აპარატი და შვიდი ბიულეტენების დამთვლელი გაფუჭდა, თუმცა არც ერთ ამ ტექნიკურ პრობლემას არ გამოუწვევია კენჭისყრის პროცესის შეჩერება. ცესკო ასევე გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოს, სადაც ნაჩვენებია წინასწარ მონიშნული ბიულეტენი, და აღნიშნა, რომ ამომრჩეველს ბიულეტენის მიღებისთანავე აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ბიულეტენი. ცესკოს თქმით, ეს ინფორმაცია არის მანიპულაციური და საარჩევნო პროცესის შეფერხებას ისახავს მიზნად. ცესკომ ასევე უარყო ინფორმაცია მარკერული სითხის წყლით ჩანაცვლების შესახებ. ცესკომ ფოთის მე-15 უბანზე კომისიის წევრის გარდაცვალების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ ბიულეტენს „ქართული ოცნების“ გვერდით წინასწარ წერტილი აქვს დასმული. თუ ამომრჩეველი ხმას მისცემს „ქართულ ოცნებას“ ბიულეტენი ქმედითად ჩაითვლება, ხოლო თუ არა, მაშინ ელექტრონული მოწყობილობა არ ცნობს ამ ბიულეტენს.

14:00 – „სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები უბნების 9.1%-ში გამოვლინდა

„სამართლიანმა არჩევნებმა“ 14 საათისთვის გამოვლენილ დარღვევებზე ბრიფინგი გამართა. საქართველოს ყველა უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა „პრობლემური ინციდენტებისა და დარღვევების“ მზარდი რაოდენობა გამოავლინეს. ასეთი ინციდენტები გამოვლინდა უბნების 9.1%-ში, მათ შორის კენჭისყრის პროცესის ფარულობის დარღვევა; დამკვირვებელთათვის ხელის შეშლა, მობილური ტელეფონების წართმევა დარღვევების გადაღებისას და ფიზიკური შეურაცხყოფა; ამომრჩეველთა მობილიზება, ტექნიკური პრობლემები ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით და ა.შ. „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა ნინო დოლიძემ ხაზი გაუსვა მარნეულის ინციდენტს და ამბროლაურის მე-18 უბანზე მომხდარ ინციდენტს, სადაც კომისიის წევრმა ორჯერ მისცა ხმა. ასევე დაფიქსირდა საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრში ადამიანების უკანონო მობილიზების შემთხვევები, მათ შორის, გარკვეული პარტიების კოორდინატორების მობილიზება. დაფიქსირდა ასევე ამომრჩეველთა გადაყვანისა და კოორდინატორების მიერ ამ ამომრჩევლების შესახებ პირადი ინფორმაციის შეგროვების შემთხვევები

13:29 – მარნეულის 69-ე უბანი დროებით დაიხურა

მედიის ცნობით, მარნეულის 69-ე უბანი დროებით მას შემდეგ დაიხურა, რაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენი ჩაყარა. ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილი ბრიფინგზე ამ საკითხს შეეხო და განაცხადა: „ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც კენჭისყრის დღესთან მიმართებით ჩავდეთ 24 საათის განმავლობაში. მინდა, სასწრაფო წესით მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, გაერკვეს სიტუაციაში. მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მინდა, სამინისტროს ვთხოვო, რაც შეიძლება სწრაფ ტემპში განხორციელდეს შესაბამისი წარმოების პროცედურები, რათა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებას ობიექტური, დაზუსტებული ინფორმაცია მივაწოდოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“.

13:00 – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მარნეულის უბნის ინციდენტს გამოეხმაურა

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მარნეულის უბანზე საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. „პირობას ვაძლევთ ყველას და დარწმუნებული ვარ ეს იქნება დამოკიდებულება სამართალდამცველების და სამართალდამცავი ორგანოების, დაისჯება უმკაცრესად  ყველა, ეს ის ადამიანი იქნება თუ ყველა სხვა, ვინც კიდევ მომავალში დღის განმავლობაში ამას მოიფიქრებს იმიტომ, რომ ეს არის საბოტაჟი პირდაპირი გაგებით“.

13:00 – 12 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 22.22% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, 12 საათისთვის საქართველოს მასშტაბით საპარლამენტო არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა რაოდენობა 776 726-ია, რაც  რეგისტრირებული ამომრჩევლების 22.22%-ს შეადგენს.

12:30 – მარნეულში „ჩემს ხმის“ დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მარნეულის 69-ე უბანზე „ჩემი ხმის“ დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამის შესახებ მისიის „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ საარჩევნო დარღვევების შესახებ 11 საათზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

1029 უბნიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ორგანიზაციამ გამოავლინა შემდეგი დარღვევები:

  • მარკირება სათანადოდ არ შემოწმდა 49 უბანზე;
  • რვა უბანზე დაირღვა ამომრჩეველთა გადამოწმების წესი;
  • მარკირების გაკეთების წესი დარღვეულია 68 უბანზე;
  • ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ხარვეზი გამოვლინდა 125 უბანზე;
  • „ჩემი ხმას” დამკვირვებლებს დაკვირვების უფლება შეეზღუდათ 38 უბანზე.

„გრძელდება საგანგაშო ტენდენცია, რაც გულისხმობს ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემას და ყუთში მოთავსებას“, – განაცხადა თოლორაიამ და აღნიშნა, რომ ამჯერად 50-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. „ეს ტენდენცია გაყალბების მაღალ რისკებს ქმნის“.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ საბერძნეთში დამკვირვებელთა უფლება შეზღუდულია.

12:15 – „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ხმა მისცა

ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ხმა მისცა.  „მინდა, რამდენიმე წელიწადში ყველანი ერთად გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს ჩვენზეა დამოკიდებული. იმ საზოგადოებამ ძალიან ფართოდ გაგვიღო კარები. ჩვენ უბრალოდ ფართო კარებში უნდა შევიდეთ. ეს გადაწყვეტილება მივიღე სწორედ აქ“, – განაცხადა მელია ხმის მიცემის შემდეგ.

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა მელია საარჩევნო უბანზე. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

11:10 – საიას ბრიფინგი დარღვევებზე 11:00 საათისთვის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) დირექტორმა ნონა ქურდოვანიძემ დილის 11:00 საათისთვის გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებზე ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით დაიწყო. ქურდოვანიძემ რამდენიმე ძირითად საკითხს გაუსვა ხაზი, მათ შორის:

  • რამდენიმე საარჩევნო უბნის გახსნის შეფერხება;
  • რუსთავის #27 ოლქში რეგისტრატორმა ამომრჩეველს აჩვენა ფურცელი, რომელზეც გამოკვეთილი იყო „ქართული ოცნების“ ნომერი 41, რომელიც მოუწოდებდა მათ ხმა „ქართული ოცნებისთვის“ მიეცათ;
  • მარნეულის #35-ე უბანზე, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ხმა ორჯერ მისცა;
  • ზოგიერთ ამომრჩეველს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე უბანზე გადაეცა ორი ბიულეტენი;
  • საიას დამკვირვებელს თავდაპირველად უარი ეთქვა თბილისის ვაკის რაიონში მდებარე საარჩევნო უბანზე; ოლქთან  კომუნიკაციის შემდეგ საკითხი მოგვარდა.

გარდა ამისა, ქურდოვანიძემ დამკვირვებლების ხელის შეშლის რამდენიმე შემთხვევა გამოავლინა, მათ შორის, საარჩევნო უბნებზე მათი გადაადგილების შეზღუდვა, ფოტოების გადაღების აკრძალვა და გასაჩივრების უფლებაზე უარის თქმა.

11:03 – სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ 10 საათისთვის დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს

ადგილობრივმა სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“ დილის 10 საათისთვის გამოვლენილ დარღვევებზე ბრიფინგი გამართა. მისიის აღნიშნავს, რომ:

  • 36 უბანზე მათ დამკვირვებლებს სიტუაციის მონიტორინგის საშუალება არ მისცეს;
  • დაგვიანებით გაიხსნა 69 საარჩევნო უბანი;
  • საჩივრები დაიწერა 13 საარჩევნო უბანზე;
  • 17 უბანზე გაკეთდა შენიშვნა უბნის ჩანაწერთა წიგნში;
  • ამომრჩევლის მიერ 2 ბიულეტენის მიღების 25 შემთხვევა;
  • ტექნიკური პრობლემები საქართველოს ზოგიერთ უბანზე რეგისტრაციისას გამოყენებულ ელექტრონულ ტექნოლოგიაში;
  • ათენის ორ უბანში „ჩემი ხმა“ დამკვირვებლებს სიტუაციის მონიტორინგის საშუალება არ მისცეს.

მისიის წარმომადგენელი ლონდა თოლორაია ახსენებს კონკრეტულ უბნებს, სადაც დარღვევები დაფიქსირდა და ასევე იმეორებს იმ შემთხვევებს, რომლებიც „სამართლიანმა არჩევნებმა“ მანამდე გამართულ ბრიფინგზე დააფიქსირა.

10:58 – ცესკო: 10 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 9.27% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, დილის 10 საათისთვის საქართველოს მასშტაბით საპარლამენტო არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა რაოდენობა 324 197-ია, რაც  რეგისტრირებული ამომრჩევლების 9.27%-ს შეადგენს.

10:40 – ხმა მისცა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ

ბიძინა ივანიშვილმა ხმა მისცა და ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა: „„მინდა, მივმართო საზოგადოებას გამოვიდნენ არჩევნებზე. არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი. ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს. თანაც, დღევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც შეუძლია მყისიერად დაავალოს აგენტურას, თუ მოვახერხებთ და მათ ავირჩევთ.

მოგეხსენებათ, სამეზობლოში ომია. იმ ქვეყანას, რომელიც აგენტურას მართავს და რომელიც დღეს, სამწუხაროდ, პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე საქართველო საომარ მოქმედებებში ჩაერთოს. გარწმუნებთ, ამას დიდი დრო არ დასჭირდება. ეს მოხდება მყისიერად. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და მივიღებთ ქვეყნის ნანგრევებს.

გარდა ამისა, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით რომ პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალისგან. უნდა მოვახერხოთ, რომ ხარისხობრივად ახალი საზოგადოება მივიღოთ, სადაც არ იქნება ასეთი ანტაგონიზმი, სიძულვილის ენა, პოლარიზაცია. პოლარიზაციის საფუძველია ის, რომ პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ზრუნავს, ცდილობს, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს, გამარჯვებისკენ წაიყვანოს, მეორე ნაწილი, აგენტურად წოდებული პოლიტიკოსები, რომლებიც უცხო ქვეყანას ემსახურებიან, ცდილობენ იმას, რაც უცხო ქვეყანას აინტერესებს. ეს ინტერესი გამოიხატება მხოლოდ იმ ომში, რომელიც ჩვენს სამეზობლოში მიმდინარეობს“.

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხმის მიცემის პროცესში. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

10:25 – ხმა მისცა თბილისის მერმა კახა კალაძემ

თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ხმა მისცა და კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მოუწოდა მოქალაქეებს გააფერადონ 41 ნომერი და ხმა მისცენ მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას და ყველა მოქალაქის კეთილდღეობას ქვეყანაში.

თბილისის მერი კახა კალაძე არჩევნებზე ხმას აძლევს. ფოტო: ვანო გორგიშვილი

10:15 – „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია ხმას აძლევს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ხმა მისცა. „მე ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს, მე ხმა მივეცი კოალიციურ მართვას და უარი ვუთხარი წარსულს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ოპოზიციაგაიმარჯვებს, ერთ ერთმნიშვნელოვაბია და იქნება ზეიმი“.

ნიკა გვარამია ხმას აძლევს. ფოტო: ვანო გორგიშვილი

10:00 – „სამართლიანი არჩევნების“ ბრიფინგი 10:00 საათისთვის დაფიქსირებულ დარღვევებზე

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) დირექტორმა ნინო დოლიძემ ბრიფინგი გამართა აქამდე გამოვლენილ დარღვევებზე. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები დაახლოებით 1000 უბანზე არიან განთავსებულნი, 235 უბნის გარეთ, 45 უბანზე საზღვარგარეთ, 73 საუბნო კომისიის დამკვირვებელი, 85 მობილური ჯგუფი. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ამ დრომდე დაადგინა:

  • უბნების 75% მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად დილის 8 საათისთვის; სხვა უბნები 08:20-08:30 საათის პერიოდში გაიხსნა;
  • უმეტეს შემთხვევაში, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს უპრობლემოდ უშვებდნენ უბანში, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც დამკვირვებლები არ შეუშვეს შენობაში და უკან გააბრუნეს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები არ შეუშვეს მცხეთის 41-ე და რუსთავის 58-ე უბნებზე, რომლებიც ორივე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია განთავსებული. ზუგდიდის მე-9 და მე-12 უბნებში დამკვირვებლები გარეთ გააძევეს;
  • „სამართლიანმა არჩევნებმა“ ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობის 3 შემთხვევა გამოავლინა: ტყიბულის ნომერ პირველი უბანი, ახმეტის მე-17 უბანი, თბილისის ჩუღურეთის მესამე უბანი. ერთ შემთხვევაში ქრთამი 100 ლარს შეადგენდა;
  • ზესტაფონის მე-3 უბანი დაგვიანებით გაიხსნა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ამომრჩეველი მიიყვანა და „სამართლიანმა არჩევნებმა“ ამის თაობაზე შენიშვნა დაწერა;
  • ბათუმის მე-5 და დმანისის 50-ე უბნებზე არაუფლებამოსილი პირის ორი შემთხვევა დაფიქსირდა;
  • პირის მიერ უბნის გარეთ ხმის მიცემის შემთხვევა;
  • ზოგიერთ უბანზე სარეგისტრაციო მაგიდები და ხმის მიცემის კაბინები ზედმეტად ახლოს არის კედელთან და დამკვირვებლებს რეგისტრაციის პროცესის მონიტორინგის საშუალებას არ აძლევს;
  • ამომრჩევლისთვის მიცემული 2-ზე მეტი ბიულეტენის შემთხვევები: ქობულეთის 15-ე უბანზე, სამგორის 51-ე უბანზე, ბათუმის მე-10 უბანზე, ყვარლის მე-3 უბანზე, მთაწმინდის 71-ე უბანზე.

09:27 – ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდის მე-9 უბანზე

ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალის თანახმად, ზუგდიდის მე-9 უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ დაპირისპირება იმიტომ დაიწყო, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გიორგი ჯიქია ამომრჩევლებსა და საუბნო კომისიის წევრებს დაუპირისპირდა. უბანზე პოლიციაა მობილიზებული.

09:25 – Edison Research-ის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი ინტერვიუერების განთავსების თაობაზე ცესკოსთან გართულებების შესახებ იტყობინება

Edison Research-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, რობ ფარბმენი იტყობინება ტვიტერზე: „ეგზიტპოლისთვის ინტერვიუერების გათავსებასთან დაკავშირებით უჩვეულო ჩარევის მოწმენი გავხდით – საარჩევნო უბნების წარმომადგენლები უარს ამბობენ ჩვენს შეშვებაზე, მიუხედავად ცესკოს ნებართვისა. წინა არჩევნებზე ცესკო ძალიან დაგვეხმარა ადგილობრივ ჩინოვნიკებთან ურთიერთობაში… მოგავწდით განახლებულ ინფორმაციას, თუ ისინი ამას კვლავ  გააკეთებენ, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი დახმარება“.

09:09 – კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ხმა მისცა

კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ არჩევნებზე ხმა მისცა. მან ჟურნალისტებს განუცხადა: „მე რეფერენდუმში მივიღე მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი ევროპისკენ სვლას ვუჭერთ მხარს. მე უარი ვუთხარი იზოლაციას ამ ქვეყანაში, საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა. მინდა, ჩვენს ყველა თანამემამულეს და თანამოქალაქეს ვუთხრა, რომ დღევანდელი არის გადამწყვეტი დღე, რომელიც შემდგომ ათწლეულებს გადაწყვეტს. ყველას გთხოვთ, მიდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა, მაქსიმალურად გვჭირდება აქტიურობა იმისათვის, რომ ჩვენი დიდი პერსპექტივა მოვიპოვოთ“.

09:00 – ხმა მისცა ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ხმა მისცა. კენჭისყრის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა: „მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დღეს, საქართველო გაიმარჯვებს. მე დარწმუნებული ვარ და ძალიან მინდა რომ ამ არჩევნების შემდგომ არავინ არ დარჩეს დამარცხებული. მე დარწმუნებული ვარ და ძალიან მინდა, ისე ავმაღლდეთ ჩვენს დაპირისპირებებზე, წინააღმდეგობებზე, რომ ამ არჩევნების შემდეგ არ იყოს შურისძიება და მე ძალიან მინდა…  ყველა მხარე შეთანმხდეს  იმაზე რომ თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები ყველასთვის არის გამოსავლი”.

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil,ge

08:41 – ხმა მისცაკოალიცია ცვლილებისთვისლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ხმა უკვე მისცა. კენჭისყრის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა: „დღევანდელი დღე იქნება ისტორიული დღე ამ ქვეყნისთვის, დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც ამ ქვეყანას წაიყვანს ევროკავშირისკენ, ნატო-სკენ და ექვს წელიწადში ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და განცდა მაქვს, რომ გავალთ სამშვიდობოს. მე ამას მივეცი ხმა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აბსოლუტური უმრავლესობა გააკეთებს იმავეს“.

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ფოტო: ვანო გორგიშვილი

08:35 –პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხმა მისცა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხმა მისცა. კენჭისყრის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა: „ეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის და 2012 წლის არჩევნების ტოლფასი, სადაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება.  ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და ეს არის რეფერენდუმი ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის“.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ველოდებით 60%-მდე ხმებს ჩვენი მოქალაქეებისგან. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება“, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ფოტო: ვანო გორგიშვილი

08:35 – პარლამენტის თავმჯდომარემ ხმა მისცა

ხმა მისცა ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მან კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: „ქართული ოცნება ეს არის ერთადერთი არჩევანი, რომელიც დღეს ქართველ ხალხს აქვს. ვინაიდან დღეს არის არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის. დღეს არის არჩევანი უღმერთობასა და სულიერებას შორის“.

08:15 –პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხმა მისცა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველი ოფიციალური პირი იყო, რომელმაც კენჭისყრის გახსნიდან მალევე ხმა მისცა. „მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი ახალ საქართველოს, რომლისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანში 22 წლის წინ; მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობდნენ ჩემი წინაპრები; ხმა მივეცი იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობს მთელი საქართველო. ჩვენ საღამოს ყველა გამარჯვებული ვიქნებით, დამარცხებული არავინ იქნება რადგან გაიმარჯვებს საქართველო!“, – უთხრა პრეზიდენტმა მედიას.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებზე ხმა მისცა. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საარჩევნო უბნები გაიხსნა

საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) 3 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა. უბნებიზ უმეტესობა ხმის მიცემისთვის ელექტრონულ მოწყობილობებს იყენებს. 3,111 უბნიდან 67 საზღვარგარეთ მდებარეობს, 42 სხვადასხვა ქვეყანაში. საზღვარგარეთ ხმის მისაცემად 95,910 ადამიანია დარეგისტრირებული, რაც 45%-ით მეტია 2020 წლის არჩევნებთან შედარებით. 135 922 ქართველი ხმას პირველად მისცემს.

პარასკევი, 25 ოქტომბერი

21:57 – დედაქალაქს მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ და ხმის მისაცემად რეგიონებში მიემგზავრებიან

კენჭისყრის წინა დღეს, რეგიონებში რეგისტრირებული მოქალაქეები დედაქალას ტოვებენ და ხვალინდელი არჩევნებისთვის რეგიონებში მიემგზავრებიან.  თბილისიდან გასასვლელთან საცობები მთელი დღის განმავლობაში შეიმჩნეოდა.

საცობი თბილისიდან გასასვლელში 19:30; საათზე. ფოტო: «ერთად საქართველოსთვის»

19:00 – პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე მიმართა

საქართველოში არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს მიმართა და ხვალ არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. მან მადლობა გადაუხადა ყველას ხმების დასაცავად გაწეული ძალისხმევისთვის, მათ შორის ადამიანებს, ვისაც რიგში დგომა მოუწია თავიანთ რეგიონებში გასამგზავრებლად ხმის მისაცემად, თუ იმ ემიგრანტებს, რომლებსაც თავიანთ ქვეყნებში საარჩევნო უბნების გახსნისთვის ბრძოლა მოუწიათ. განსაკუთრებული მადლობა მან გადაუხადა ისრაელში მცხოვრებ ქართველებს, ასევე იმ ემიგრანტებს, რომლებსაც ხვალ შორს გამგზავრება მოუწევთ, რადგან მათ ქვეყნებში მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანია. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს, რომლებიც ხვალ პირველად მისცემენ ხმას და ახალგაზრდა აქტივისტებს, რომლებიც ხვალინდელ არჩევნებს დააკვირდებიან.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა ირჩევს თავისი მოსაზრების, თავისი სურვილის, თავისი ნების მიხედვით. ვერავინ, ვერაფერს დაგაძალებთ! ვერავინ ვერ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით“.  

„მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ, საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადაწყვეტილი იყოს თქვენი ხმით, ყოველი თქვენი ხმით. ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო“, – დასძინა პრეზიდენტმა.  

19:08 – ამერიკელი კონგრესმენი უილსონი ჩხრეკის განხორციელებას გმობს

ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა შეშფოთება გამოხატა ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლების ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩატარებული ჩხრეკის გამო. „ცალსახად ვგმობ ამ ჩხრეკას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ეს მოხდა კრიტიკულ ეროვნულ არჩევნებამდე ორი დღით ადრე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩხრეკა არანაირ შედეგს არ მოიტანს, გარდა იმისა, რომ დაამტკიცოს, რომ ქალბატონი ბუზიაშვილი და ქალბატონი გელავა თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან. პასუხი უნდა აგონ მათ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, ვინც აშკარად ბოროტად გამოიყენა საკუთარი უფლებამოსილება“, – ნათქვამია კონგრესმენ უილსონის განცხადებაში.

19:00 – სტუდენტური მარში: „მოდი არჩევნებზე, გააგონე შენი ხმა საქართველოს“

სტუდენტებმა, რომლებიც თბილისში აძლევენ ხმას, არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართეს და ყველა მოქალაქეს მოუწოდეს ხვალ მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ქვეყნის ევროპულ მომავალს. სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ ეს არჩევნები არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის და არის ერთგვარი რეფერენდუმი, რომელშიც საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევანი რუსეთსა და ევროკავშირს შორის.

14:35 – „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დირექტორმა, ნინო დოლიძემ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.

საქართველო წინასაარჩევნო პროცესში ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში შევიდა, რასაც, მისი თქმით, წინ უძღოდა რუსული ტიპის უცხოელი აგენტების კანონის მიღება, მიუხედავად ფართო საზოგადოებისა და ქვეყნის დასავლელი პარტნიორების მასიური და უწყვეტი პროტესტისა და წინააღმდეგობისა. დოლიძემ განაცხადა, რომ კანონის მიღებას თან ახლდა სამოქალაქო საზოგადოების და ხელისუფლების ოპონენტების დაშინებისა და დისკრედიტაციის კამპანია.

მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება ანტიდასავლურ და ანტიევროპულ რიტორიკას იყენებს და უკრაინის ომის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

დოლიძემ აღნიშნა, რომ თითოეულ პოლიტიკურ პარტიას მეტ-ნაკლებად შეეძლო წინასაარჩევნო კამპანიის გატარება, თუმცა კამპანიის დროს მმართველი პარტია მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობდა, რადგან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება შეეძლო. მან აღნიშნა, რომ საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლები „აქტიურად“ მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის კამპანიის ღონისძიებებში.

მან ასევე განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პროცესში დაფიქსირდა ადამიანების პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შემთხვევები, რაც ხელისუფლების მხრიდან უპასუხოდ დარჩა. მან ასევე აღნიშნა, რომ დაფიქსირდა დარღვევების რამდენიმე შემთხვევა. დოლიძის თქმით, მედია გარემო პოლარიზებულია, ხოლო კომუნიკაციების კომისიის რამდენიმე გადაწყვეტილებამ ეჭვები და რისკები გააჩინა. დოლიძემ ხაზგასმით აღნიშმა, რომ ქვეყანაში დეზინფორმაციისა და ინფორმაციული მანიპულაციის პარალელურად, მნიშვნელოვნად გააქტიურდა რუსული საინფორმაციო ოპერაციები პოლიტიკურ პროცესში, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. მისი თქმით, რუსეთთან დაკავშირებული ეს ქსელები ავრცელებენ ანტიევროპულ გზავნილებს და ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებენ.

„სამართლიანი არჩევნები“ საქართველოს ყველა უბანზე 1 500 დამკვირვებელს განათავსებს.

12:42 – ეუთო/ოდირის მისია პოლიტიკურ პარტიებს ხვდება

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ ყოფილა კითხვები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, ან ხმების შესაძლო გაყალბების მიზნით საჯარო მოხელეების პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. მან შეხვედრას „ძალიან კარგი“ და „ძალიან პოზიტიური“ უწოდა. „საუბარი იყო საარჩევნო პროცესზე, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, როგორი სიტუაციაა საქართველოში პოლიტიკურად, რა არის პოლიტიკური პარტიების მთავარი დღის წესრიგი და ზოგადად რა მოლოდინები გვაქვს არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდა. „მათი ძირითადი კითხვა იყო, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ხმების დაცვას, რამდენად არიან ჩართულები ხმების დაცვაში და რა ინფორმაცია შეიძლება ჩვენ მივაწოდოთ მათ. ჩვენც მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი, ძალადობის ფაქტები, თავდასხმების ფაქტები და ასე შემდეგ“, – უთხრა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა ჟურნალისტებს.

11:00 – პარლამენტის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ მმართველი პარტიის საბოლოო ანგარიში წარადგინა. ანგარიშში გამოვლენილ დარღვევებს შორის ჩამოთვლილია „ძალადობა და მუქარა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ნეგატიური კამპანია, კამპანიაში ხელის შეშლა, დეზინფორმაცია, უცხოური ჩარევა და არადეკლარირებული საარჩევნო კამპანიები“. პაპუაშვილის თქმით, ყველა ეს დარღვევა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იყო მიმართული.

დარღვევებისა და დაშინების მაგალითებში მან ხაზი გაუსვა მოქალაქეების იმედგაცრუებას უმრავლესობის დეპუტატების მიმართ. თუმცა, რეალობა იყო მოქალაქეების მშვიდობიანი დაპირისპირება იმ დეპუტატებთან, რომლებმაც ხმა მისცეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონს. მან ასევე მიუთითა ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო ბოროტად გამოყენებაზე და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლე ოპოზიციის ლიდერებთან სასაუბროდ გამოიყენა. მან ასევე დაგმო ის, რასაც დასავლეთიდან უცხოური ჩარევა უწოდა და მაგალითად მოიყვანა ევროპარლამენტის კრიტიკული განცხადებები, ევროკავშირის 13 წევრი ქვეყნის ერთობლივი განცხადება და 20 ოქტომბრის აქცია „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, რომელიც, მისი თქმით, ადგილობრივი სსო-ების მიერ იყო ორგანიზებული და უცხოეთიდან დაფინანსებული.

პაპუაშვილმა ასევე დაგმო ადგილობრივი სსო-ები ამ „დარღვევების“ იგნორირებისთვის, რომლებიც თითქოსდა მმართველი პარტიისკენ იყო მიმართული და დასავლელი პარტნიორები საქართველოს პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი

23:29 – ატლანტიკური საბჭოს განცხადება მისი თანამშრომლების სახლების ჩხრეკის შესახებ

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ტექნოლოგიური პროგრამებისა და სტრატეგიის საკითხებში, ასე ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის (DFRLab) უფროსმა დირექტორმა, გრემ ბრუკიმ ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ორგანიზაციის „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მისი ორი თანამშრომლის – სოფო გელავასა და. ეთო ბუზიაშვილის – სახლებში ჩატარებული ჩხრეკის გამო.

„გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ სიცხადეს შეიტანს თავის ქმედებებში, უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომლების დაცულობასა და უსაფრთხოებას, დაუბრუნებს მათ ქონებას და საშუალებას მისცემს გააგრძელონ საკუთარი წვლილის შეტანა ქართულ დემოკრატიაში. ატლანტიკური საბჭო დიდი ხანია არის დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოსა და ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინსტიტუტებში გაწევრიანებისკენ მისი მისწრაფებების დამცველი. ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორია აქვეყნებს კვლევას, რომელიც ხაზს უსვამს დისკურსის და ობიექტური ინფორმაციის მნიშვნელობას, როგორც თავისუფალი, ღია და დემოკრატიული ქვეყნების საფუძველს. ატლანტიკური საბჭო გააგრძელებს მუშაობას საქართველოში პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად გლობალური მომავლის ფორმირების მისიის სულისკვეთებით. ჩვენ კვლავაც ყურადღებით დავაკვირდებით არსებულ სიტუაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

21:00 პრეზიდენტის პრესკონფერენცია ქართველი და საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 ოქტომბერს ქართველი და საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. მან უპასუხა კითხვებს „ქართული ქარტიის“ შესახებ, ასევე რა მოხდება არჩევნების შემდეგ, როგორია მისი გეგმები, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობებსა და სხვა საკითხებზე. მისი მთავარი გზავნილი იყო, რომ ქართველები მშვიდობიანად მისცემენ ხმას და არჩევნების გზით საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირის გზას და დაიწყებს გაწევრიანების მოლაპარაკებებს, რაშიც იგი ევროკავშირის ლიდერებმა დაარწმუნეს. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ახსენა ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტის ქრისტო გროზევის ინტერვიუ, რომლის თანახმადაც რუსეთის სპეცსამსახურებს არ სჯერათ, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და შესთავაზა ხელისუფლებას გააყალბოს არჩევნები და შემდეგ ძალადობრივად ჩაახშოს საპროტესტო აქციები. პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ პროევროპული ძალები მოიგებენ არჩევნებს და უარი თქვა თუნდაც თეორიული სცენარების განხილვაზე, როდესაც არჩევნებს ძალადობა მოჰყვებოდა. მან ისიც აღნიშნა, რომ თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, მას, სავარაუდოდ, იმპიჩმენტი და პატიმრობა ელოდება.

რაც შეეხება მის გეგმებს, პრეზიდენტის თქმით, ის იქნება იქ, სადაც ქართველ ხალხს დასჭირდება, რათა მხარი დაუჭიროს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებას. მან გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პოლარიზაციის გამწვავებისთვის, შიშის ატმოსფეროს შექმნის, ამომრჩევლების დაშინებისა და მუქარის მცდელობისთვის, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისია ქართველი ემიგრანტების ხმის მიცემის პროცესისთვის დაბრკოლებების შექმნის გამო გააკრიტიკა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული წესით წარადგენს, რადგან ზოგიერთი პარტია არ დათანხმდა კანდიდატის წარდგენას არჩევნებამდე. მან ასევე განაცხადა, რომ ახალი კოალიციური მთავრობის პირველი გადაწყვეტილებები იქნება ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის შეჩერება და ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება, ასევე სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა.

19:15 – მთავრობამ ცესკოს შენობა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტად განსაზღვრა

მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტად განსაზღვრა. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ასეთი ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე, ხოლო ჯგუფური ჩადენის შემთხვევაში – ორიდან ხუთ წლამდე. ეს ნაბიჯი არჩევნებამდე სამი დღით ადრე განხორციელდა.

ცესკოს შენობის გარდა, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებად კვალიფიცირებულია სასამართლოს რამდენიმე შენობა, მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, სახელმწიფო დაწესებულებების შენობები და საპატრიარქოს შენობაც. აღსანიშნავია, რომ სიაში პარლამენტის შენობა არ არის.

15:49 – ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახარია სამართალდამცავებს მიმართავს

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე პოლიციელებს მიმართა და მოუწოდა მათ, ემსახურონ ქვეყანას და მოქალაქეებს და არა მმართველ პარტიას. მან გამოსვლა იმით დაიწყო, რომ ქართველი სამართალდამცავების მუშაობა შეაქო, რომლებიც ხშირად ემსახურებოდნენ ქვეყანას სიცოცხლის ფასად, და უთხრა, რომ არასოდეს მოუწოდებს მათ ხმა მისცენ ამა თუ იმ პარტიას. გახარიამ მათ უთხრა, რომ ახლა დროა შეწყვიტონ „პარტიული ბოსების“ მომსახურება, რომლებიც მალე წაიღებენ თავიანთ ფულს და ქვეყნიდან გაიქცევიან და პოლიციას აქ დატოვებენ მომავალი ხელისუფლებისა და საქართველოს მოქალაქეების წინაშე. დასასრულს, მან მოუწოდა პოლიციელებს, რომ მისცენ საშუალება ქართველებს არჩევანი თავისუფალ და სამართლიან გარემოში გააკეთონ.

შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სპეცრაზმს ახალი აღჭურვილობა აქვს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამინისტრომ შეიძინა წყლის ჭავლის ახალი მანქანები და სპეცრაზმისთვის ახალი აღჭურვილობა, მათ შორის ავტომატური იარაღი და თოფები. კითხვაზე, გეგმავს თუ არა სამინისტრო მათ გამოყენებას, გომელაურმა უპასუხა, რომ როდესაც ეს საჭირო იქნება.

იმავდროულად, შინაგან საქმეთა მინისტრმაც და პრემიერ-მინისტრმაც მადლობა გადაუხადეს აშშ-ს მიერ სანქცირებულ შსს მაღალჩინოსნებს ზვიად ხარაზიშვილს (ე.წ. „ხარება“) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაურს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისთვის.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: „ჩხრეკა ე. წ. “ქოლცენტრში” ჩატარდა“

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ ჩხრეკა სამ სავარაუდო ე.წ. „ქოლცენტრში“ ჩაატარა. განცხადებას წინ უძღოდა ინფორმაცია სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული რამდენიმე ჩხრეკის შესახებ. კერძოდ ჩხრეკის სამიზნეები გახდნენ ამერიკული ანალიტიკური ცენტრის „ატლანტიკური საბჭოს“ ორი თანამშრომელი, ამერიკული ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი კომპანია Concentrix, მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილი და  კომიკოსი ონისე ცხადაძე. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში არცერთი მათგანი არ არის დასახელებული, ქოლ-ცენტრების გამოძიება სავარაუდოდ რამდენიმე, თუ არა ყველა, ამ ჩხრეკას უკავშირდება.

12:10 – ატლანტიკური საბჭოს კიდევ ერთი თანამშრომლის სახლი გაჩხრიკეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ატლანტიკური საბჭოს კიდევ ერთი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილის სახლი გაჩხრიკა, იტყობინება რადიო თავისუფლების ქართული სამსახური. „სამოქალაქო საქართველო“ დამატებითი ინფორმაციისთვის სამინისტროს დაუკავშირდა.

10:25 – პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სახლი გაჩხრიკეს

ახლადშექმნილი პარტია „ფედერალისტებისის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ნონიაშვილისა და მისი მეუღლის, სოფო გელავას სახლი გაჩხრეკეს. პოლიციამ ყველა ელექტრონული მოწყობილობა ამოიღო, მათ შორის მათი შვილის ლეპტოპი. ზოგიერთი ცნობით, ჩხრეკა დაკავშირებულია არასამთავრობო ორგანიზაცია Atlantic Council-ის კონტრაქტორი კომპანიის გამოძიებასთან. სოფო გელავა ატლანტიკური საბჭოს თანამშრომელია.

ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი

21:10 – თავდასხმა პარტიის „საქართველოსთვის“ წევრზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრს ლევან გოგიჩაიშვილს მეტროში 20-მდე ადამიანი დაესხა თავს, როდესაც ის ტელეკომპანია „პალიტრანიუსისკეენ“ მიდიოდა გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად.

ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი

Edison Researchისა და გორბის კონტრასტული წინასაარჩევნო გამოკითხვები

დღეს გამოქვეყნდა საბოლოო წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგები, რომელიც „გორბიმ“ სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა და რომელიც „ქართული ოცნების“ დამაჯერებელ გამარჯვებას პროგნოზირებს 60.2%-ით. შემდეგ მოდის „ერთიანობა საქართველოს გადასარჩენად“ 15,4%-ით და კოალიცია ცვლილებისთვის (ახალი+გირჩი-მეტი თავისუფლება+დროა) ხმების 9%-ით. გორბის გამოკითხვის მიხედვით, ვერც ერთმა დარჩენილმა პარტიამ/კოალიციამ ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი. „ძლიერ საქართველოს“ 3.3%, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ 2.9%, ხოლო პარტიას „გირჩი“ – 2,8% აქვთ.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ ასევე გამოაქვეყნა Edison Research-ის ბოლო წინასაარჩევნო გამოკითხვები, სადაც დრამატულად განსხვავებული სურათია და მარათონში ოპოზიცია დომინირებს: ქართული ოცნება – 34%, ნაციონალური მოძრაობა/ერთიანობა – 18%, კოალიცია ცვლილებისთვის – 14%, გახარია საქართველოსთვის – 11%, ძლიერი საქართველო – 10%, ლეიბორისტული პარტია – 5%, გირჩი – 4%, და პატრიოტთა ალიანსი/ალტ-ინფო – 3%.

კომუნიკაციების კომისიამ “ტელეიმედი” და “რუსთავი 2” სამართალდამრღვევებად ცნო

კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკური გაერთიანებების  „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ საჩივრების საფუძველზე, „ტელეიმედსა“ და „რუსთავი 2“-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა.

ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარი კვლავ გაყიდა

23 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, რაც ბანკმა ეროვნული ვალუტის გაუფასურების თავიდან ასაცილებლად არჩევნებამდე საერთაშორისო რეზერვები გაყიდა. სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა „არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო“.

სასამართლომ ცესკო-ს თავმჯდომარის წინააღმდეგ წარმოება შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის წინააღმდეგ კომისიის ოპოზიციონერი წევრის გიორგი სიორიძის სარჩელზე წარმოება შეწყვიტა. სიორიძე ცესკოს თავმჯდომარეს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებდა. ოპოზიციონერი წევრი ამტკიცებდა, რომ გიორგი კალანდარიშვილი მის ინიციატივებს ბლოკავდა. მისი ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა იყო დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნა საფრანგეთში, სტრასბურგში, სადაც საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა აქვს და ასევე დიდი რაოდენობით ემიგრანტები ცხოვრობენ. კიდევ ერთი ინიციატივა იყო ცესკოს საუბნო კომისიების წევრების ხელფასების გათანაბრება. მოსამართლე სალომე გველესიანმა საქმის შეწყვეტის მიზეზად სიორიძის მიერ გასაჩივრებული მუხლის არარელევანტურობა დაასახელა.

12:00 – Savanta-ს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები

ბრიტანულმა კომპანია Savanta-მ მედიის თავისუფლების ფონდის დაკვეთით ტელეკომპანია „მთავარისთვის“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. გამოიკითხა 1 520 შემთხვევით შერჩეული ამომრჩეველი მთელი საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ცდომილების ზღვარი არის ±2,51%, სანდოობის დონე 95%. კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდი ხმას, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, მოქალაქეებმა უპასუხეს:

  • ქართული ოცნება – ხალხის ძალა – 35%
  • კოალიცია ცვლილებისთვის – 19%
  • ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა – 16%
  • ძლიერი საქართველო – 9%
  • გახარია – საქართველოსთვის – 8%
  • გირჩი – 3%
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 3%
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 2%
  • სხვა – 5%

ამ სცენარით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 61 დეპუტატი ეყოლება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პარტიას ერთად 89 დეპუტატი.

11:00. პარლამენტის თავმჯდომარე სსო-ებს წინასაარჩევნო დარღვევების გაზვიადებაში ადანაშაულებს

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ადგილობრივი სსო-ების მიერ ნახსენები საარჩევნო დარღვევების სერიოზულობა და ისინი არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიის დარღვევების გაზვიადებაში და სტატისტიკით მანიპულირების მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, სულ 53 საჩივარი დარეგისტრირდა საარჩევნო კომისიაში, რომელთა უმეტესობაც, მისი თქმით, უმნიშვნელო იყო, და რომელთა თანახმად, ჩინოვნიკები არღვევდნენ საარჩევნო წესებს მმართველი პარტიის მხარდაჭერისა და აგიტაციისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ძირითადად ონლაინ მედიის, კერძოდ Facebook-ის საშუალებით. პაპუაშვილმა ასევე გააკრიტიკა რამდენიმე სსო, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, და ისინი „განცხადებული საარჩევნო მიზნების“ ქონაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები 2020 წლის არჩევნების სცენარის გასამეორებლად და არჩევნების შესახებ გაყალბებული ანგარიშების გასაცემად ემზადებიან სოციალური არეულობისა და გადატრიალების საბაბის შესაქმნელად.

სამშაბათი, 22 ოქტომბერი

პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს

არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულა“-ს ინტერვიუ მისცა, სადაც არჩევნებზე, წინასაარჩევნო გარემოსა და თავის გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს იგი არჩევნების შემდეგ წარადგენს და არა მანამდე, როგორც მანამდე აღნიშნა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ქართული ქარტიის“ შესრულებაზე მის წინაშე ოთხი ძირითადი პოლიტიკური ძალაა პასუხისმგებელი, რომლებიც სავარაუდოდ გადალახავენ ბარიერს და „ქართული ქარტიის“ ხელმომწერები არიან.

საქართველოს საპატრიარქო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განცხადებას აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქომ 22 ოქტომბერს ქვეყანაში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს“. განცხადებას წინ უძღოდა მთავრობის გადაწყვეტილება ეკლესიისთვის რამდენიმე სოფელში მიწის ნაკვეთების გადაცემის თაობაზე.

ოკუპირებული აფხაზეთი არჩევნების დროს გალში უსაფრთხოების ზომებს ზრდის

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა რაულ ლოლუამ განაცხადა, რომ აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას ბრძანებით, საქართველოში არჩევნების დროს გალის რაიონში დამატებითი ძალოვანი ნაწილები გაიგზავნება იმისათვის, რომ რაიონი მზად არის „ნებისმიერი პროვოკაციისთვის“. ის მდინარე ენგურზე სიტუაციის შესაძლო გაუარესებას საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და აფხაზეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის გახსნის“ შესაძლებლობის შესახებ განცხადებებს უკავშირებს. ლოლუას თქმით, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ჯარის მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს და „უკრაინაზე მეტად ბრძოლის“ სურვილს გამოხატავს.

IRI საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე მოკლევადიან დამკვირვებლებს აგზავნის

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიმდინარე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მისი მოკლევადიანი დამკვირვებლები ჩამოვლენ. მისიას ხელმძღვანელობენ აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი ჯონ შიმკუსი, შვედი დეპუტატი მარგარეტა სედერფელდი და IRI-ს პრეზიდენტი დანიელ ტვინინგი. 28 დამკვირვებელი შეუერთდება 20 გრძელვადიან დამკვირვებელს, რომლებიც ივლისიდან ადგილზე იმყოფებიან და მისიის მონიტორინგის შესაძლებლობებს აფართოებენ.

„საქართველოს დემოკრატიული პროცესის სიძლიერე გადამწყვეტია იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზა“, – განაცხადა შვედმა დეპუტატმა მარგარეტა სედერფელდმა.

„საქართველოს გზა დემოკრატიისაკენ უმნიშვნელოვანესი საკითხია ამ არჩევნებზე“, – აღნიშნა IRI-ს პრეზიდენტმა. „ჩვენ მოუთმენლად ველით ჩამოსვლას, რათა უზრუნველვყოთ, რომ ამ არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის ნება, რომელსაც, როგორც IRI-ს გამოკითხვები აჩვენებს, სურს იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში და შეუერთდეს დასავლეთს“.

ორშაბათი, 21 ოქტომბერი

მთავრობამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიწის ნაკვეთები აჩუქა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი და დღეს გასაჯაროვებული განკარგულებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გასულ კვირას მიწები გადაეცა. 17 ოქტომბრის განკარგულებიდან ჩანს, რომ ეკლესიას 1 ლარად გადაეცა ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუასურებში 3610 კვ/მ და 160 კვ/მ მიწის ნაკვეთები. ამავე განკარგულებიდან ჩანს, რომ ეკლესიას 1 ლარად ასევე გადაეცა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სალიბაურში 300 კვ/მ მიწაც. 18 ოქტომბრით დათარიღებული კიდევ ერთი განკარგულებით ირკვევა, რომ მთავრობამ ეკლესიას 99 წლით უსასყიდლოდ გადასცა 1619 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე.

მთავრობამ 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა. გადაწყვეტილება იმ ფაქტს ეფუძნება, რომ საქართველოში საარჩევნო უბნების ნახევარზე მეტი საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებშია განთავსებული. კერძოდ, 3 031 უბნიდან 483 საბავშვო ბაღშია, 1675 კი სკოლებში. იქიდან გამომდინარე, რომ უბნებს გარკვეული სამუშაოების და აღჭურვილობის დამონტაჟება სჭირდება, მთავრობამ გადაწყვიტა 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცახხდოს, რათა სამუშაოები შეუფერხებლად განხორციელდეს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში არჩევნების დასაკვირვებლად საერთაშორისო დელეგაციას აგზავნის

დელეგაციაში შედის 22 პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერი, არჩევნების ექსპერტები და რეგიონული სპეციალისტები ცხრა ქვეყნიდან; ისინი შეუერთდებიან ექვს თემატურ გრძელვადიან ანალიტიკოსს, რომლებიც ივლისში განლაგდნენ. დელეგაციის ლიდერები არიან ტომ მალინოვსკი, შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში; ელჩი პერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში; და NDI-ის პრეზიდენტი თამარა კოფმან უიტესი.

პარტია „საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ის ადამიანები, ვინც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წინა დღეს გამართულ აქციაზე ლაზერები მიანათა, ისინი არიან, ვინც მანამდე არაერთხელ დაესხნენ თავს პარტიის წევრებს. მისი თქმით, ამ ადამიანების ნაწილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია. მისივე თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენია.

„ჩემი ხმა“ წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ წინასაარჩევნო დარღვევებზე ყოველკვირეული ბრიფინგი გამართა. მან ისაუბრა მედიის ინფორმაციაზე, რომელიც საჯარო სექტორში მომუშავე პირებისა და მათი ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების და სხვა პერსონალური მონაცემების ჩამორთმევის სავარაუდო შემთხვევებს ეხებოდა, თუმცა შესაბამისი ორგანოები, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებენ. მისი თქმით, სამთავრობო უწყებები ამ ინფორმაციას მმართველ პარტიას აწვდიან, რათა მან უკეთ გააკონტროლოს თავისი ამომრჩევლები და, შესაძლოა, არჩევნების მანიპულირება მოახდინოს. ასევე მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ დეზინფორმაციის კამპანია, თითქოს ელექტრონული ტექნოლოგიებით ხმის მიცემა ფარულად აარ ხდება.

სადამკვირვებლო მისიას „ჩემი ხმა“ ქვეყნის მასშტაბით 4 200 დამკვირვებელი ეყოლება, დასძინა თოლორაიამ.

კვირა, 20 ოქტომბერი

კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ სახელისუფლებო მედიამ კანონი დაარღვია

კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა ოპოზიციური „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს იმის გამო, რომ მან კოალიციის პოლიტიკური რეკლამის თავის ეთერში გაშვებაზე უარი თქვა.

26 ოქტომბრის არჩევნების წინ აქცია „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გაიმართა

საქართველოში გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს მოქალაქეები თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ და აქცია სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გამართეს. აქციის მიზანი მსოფლიოსთვის იმის ჩვენება იყო, რომ ქართველები მზად არიან 26 ოქტომბერს პროდასავლურ პარტიებს მისცენ ხმა. აქცია თბილისის ხუთი სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობით დაიწყო და თავისუფლების მოედანზე შეკრებით დასრულდა. აქციაზე პოპულარული ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართა, ხოლო სსო-ების წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა და საქართველოს პრეზიდენტმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. სხვადასხვა შეფასებით, აქციაში 90 000-დან 100 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

შაბათი, 19 ოქტომბერი

„ქართული ოცნების“ აქცია ქუთაისში გაიმართა

მმართველმა პარტიამ რეგიონული ტურის ფარგლებში მორიგი აქცია ქუთაისში გამართა. აქცია წინა შეკრებების მსგავსი სცენარით გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები – პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. დასკვნითი სიტყვით ასევე გამოვიდა საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ წინა ხელისუფლება და მისი მმართველობა და „ქართული ოცნება“ შეაქო, მათ შორის მშვიდობის უზრუნველყოფისთვის. მან კვლავ გაიმეორა პარტიის დაპირებები, აკრძალოს ოპოზიცია, დაუპირისპირდეს ლგბტ თემს, მოამზადოს კონსტიტუციური წესრიგი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და გააძლიეროს მართლმადიდებლური ეკლესიის როლი კონსტიტუციაში იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.

პარასკევი, 18 ოქტომბერი

„ქართული ოცნების“ წევრებმა ოპოზიციურად განწყობილ საჯარო მოხელეებს, სავარაუდოდ, პირადობის მოწმობები ჩამოართვეს

მედიის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წევრებმა საქართველოს რეგიონებში ოპოზიციის მხარდამჭერ საჯარო მოხელეებს, სავარაუდოდ, პირადობის მოწმობები ჩამოართვეს. ეს საკითხი პირველად ოპოზიციური კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ და თამარ კორძაიამ წამოჭრეს, რომლებმაც ბრიფინგზე რამდენიმე ასეთი შემთხვევა დაასახელეს. მათ ბრალდებებს ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტური გამოძიება მოჰყვა, რომელმაც რუსთავში ამგვარი პრაქტიკის მტკიცებულებებიც მოიპოვა. რუსთავის მერმა ბრალდებები უკვე უარყო, ხოლო სახალხო დამცველმა სამართალდამცავ ორგანოებს ამგვარი შემთხვევების გამოძიებისკენ მოუწოდა.

ცესკო-მ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა დაასახელა

მომავალ არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია, ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მათი უმრავლესობა, 3 113 747 ხმას ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს. იოსელიანმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობადან 135 922 პირველადი ამომრჩეველია. გარდა ამისა, საზღვარგარეთ 95 910 ქართველი ამომრჩეველი ცხოვრობს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა არჩევნების დღეს დააკვირდება

26 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებისთვის ეუთოს პარლამენტარებისა და თანამშრომლების 60-კაციანი გუნდი საქართველოს მასშტაბით განთავსდება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამგზავრებამდე, გუნდს საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო საზოგადოების, პარტიების წარმომადგენლები, კანდიდატები და ექსპერტები წინასაარჩევნო ვითარებას გააცნობენ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გუნდი მჭიდროდ ითანამშრომლებს ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის პარტნიორ დელეგაციებთან, ნათქვამია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრესრელიზში. „ჩვენი დიდი დელეგაცია აშკარა სიგნალია იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დიდი ინტერესი აქვს საქართველოს მოახლოებული არჩევნების მიმართ“, – განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ (ფინეთი), რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ხელმძღვანელობს.

ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი

კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ სახელისუფლებო მედიამ კანონი დაარღვია

კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი სახელისუფლებო არხების „იმედის“, POSTV-ისა და სტუდია „მაესტროს“ წინააღმდეგ, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური რეკლამის გაუშვებლობის გამო. ნაციონალური მოძრაობის რეკლამა ამ სამ არხზე 10 ოქტომბრის შემდეგ არ გასულა. გარდა ამისა, კომისიამ დაადგინა, რომ POSTV-მ დაარღვია კანონი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დეტალების არ გამხელით. ახლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გადაწყვეტს ძალაში დატოვოს კომისიის გადაწყვეტილება, სახელისუფლებო მედია რეკლამის გაუშვებლობის გამო დაჯარიმდება.

„კოალიციამ ცვლილებისთვის“ „გეგმა 4-4-4“ წარადგინა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ კოალიცია გეგმავს წარმოადგინოს ინიციატივები ოთხ პოლიტურ პრიორიტეტში საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბებიდან ოთხ დღეში, თუ ის ოპოზიციური ძალების მიერ ჩამოყალიბდება. ესენია: 1. ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა; 2. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის და სხვა ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმება; 3. გადასახადების შემცირება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის; 4. 2028 წლისთვის განათლების დაფინანსების ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე აყვანა.  გვარამიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა კოალიციის მხარდაჭერა პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ მიმართ და დაადასტურა ტექნიკური მთავრობის ფორმირების მიმართ აღებული ვალდებულება.

ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი

პრეზიდენტი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დასწრებაზე უარს ამბობს

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიწვეული იყო უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომაზე, მაგრამ მან უარი განაცხადა, რის გამოც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მორიგ სხდომაზე დასწრების მოთხოვნით კიდევ ერთი წერილი გაიგზავნება. პრეზდენტის მიწვევის მიზეზი მისი 8 ოქტომბრის განცხადება გახდა ორბელიანების სასახლეში არჩევნების საკოორდინაციო პლატფორმის შექმნის შესახებ, რათა „ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი ყველაფერ იმას, რაც იმ დღეს მოხდება და შემდეგ, ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“. იუსტიციის მინისტრის თქმით, პრეზიდენტის ინიციატივა შესაძლოა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავდეს.

პრემიერ-მინისტრმა ცესკოს ხელმძღვანელს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომაროსთვის,  გიორგი კალანდარიშვილისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე განკარგულებას მოაწერა ხელი. 10 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, დაცვის დანიშვნა წინასაარჩევნოდ გახდა საჭირო „შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე“. დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს.

სამშაბათი, 15 ოქტომბერი

„სამართლიანი არჩევნები“ ამომრჩეველთა ზეწოლაზე საუბრობს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) გაავრცელა ინფორმაცია მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევების შესახებ. საქმეები მოიცავდა პირადობის მოწმობების მოთხოვნას და დროებით გადაცემას, მმართველი პარტიის სავარაუდო მხარდამჭერთა სიების გადაცემას, მხარდაჭერის სანაცვლოდ საქონლის, ბენზინის ვაუჩერებისა და საჩუქრების დარიგებას და დეზინფორმაციის გავრცელებას, თითქოს ელექტრონული ტექნოლოგიების საშუალებით ხმის მიცემის პროცესი ფარული არ იქნება.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ მოუწოდა ამომრჩევლებს, არავის მიაწოდონ საკუთარი პირადი ინფორმაცია, მათ შორის პირადობის მოწმობები და შეახსენა ამომრჩევლებს, რომ ხმის მიცემა ფარულია. ორგანიზაციამ ასევე მოუწოდა შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ ზემოთხსენებული საქმეები.

ოპოზიციური პოლიტიკოსები „ქართული ოცნების“ „ომის ბანერების“ წინააღმდეგ

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ ვიდეო გაავრცელეს, სადაც ჩანს, რომ ისინი თეთრ საღებავს ასხამენ „ქართული ოცნების“ ბანერებს, რომელზეც უკრაინის ომი მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ მშვიდობასთანაა შედარებული.

მომხდარს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც განაცხადა, რომ დეკანოიძე და უგულავა პასუხისგებაში უნდა მიეცეთ სისხლის სამართლის კოდექსით და რომ ბანერიდან ფრაზის „არა ომს“ წაშლით მათ აჩვენეს, რომ ომის „ერთგულები“ არიან.

ორშაბათი, 14 ოქტომბერი

15:30 – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვების ბრალდებას უარყოფს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უარყოფს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების მშობელთა პირადი მონაცემების შეგროვება.

სამინისტროს თქმით, მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება განათლების სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსწავლეებისგან მშობლების შესახებ განახლებული ინფორმაციის მოთხოვნა პერიოდული პროცედურაა და რომ სკოლები სისტემაში რეგულარულად ანახლებენ ინფორმაციას, კერძოდ, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, საკონტაქტო ტელეფონის, ელ.ფოსტისა და საცხოვრებელი მისამართის შესახებ. „მოვუწოდებთ კონკრეტულ პირებს, რომ თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რაც მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“,-აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ სკოლებში ბავშვებს მშობლების პირად ნომრებს სთხოვენ, რაც პერსონალური მონაცემების დარღვევაა. იგივე შეშფოთება იმავე დღეს გამოთქვა საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ.

11:30 – სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ ამომრჩევლებზე ხელისუფლების ზეწოლას ამხელს


საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“-ს წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ წინასაარჩევნოდ სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის ჩატარება განაპირობა ტელეკომპანია „ფორმულას“ გამოძიებამ, რომელიც ჟურნალისტების მიერ ნაპოვნ „საიდუმლო ფაილებს” ეხებოდა. ფაილები შეიცავდა პერსონალურ ინფორმაციას საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საჯარო მოხელეებს სთხოვენ მიაწოდონ პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა ტელეფონის ნომრები და სახლის მისამართები, რათა „ქართულმა ოცნებამ“ ვითომდა „ზეწოლა“ მოახდინოს მათზე არჩევნებზე ხმების მოსაპოვებლად. თოლორაიამ ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ საჯარო სკოლებში მოსწავლეებს მშობლების პერსონალურ ინფორმაციას სთხოვენ, რისი ახსნაც მან განათლების სამინისტროს მოსთხოვა. თოლორაიამ ასევე მოუწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიონ არსებული ბრალდებები,

კვირა, 13 ოქტომბერი

13:12 – კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ სახელისუფლებო მედიამ კანონი დაარღვია

კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა ოპოზიციური კოალიციის „ძლიერი საქართველოს“ საჩივარი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა სახელისუფლებო ტელეარხებს „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს კოალიციის პოლიტიკური რეკლამის გაუშვებლობის გამო. კომუნიკაციების კომისიამ ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ დაარღვია კანონი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონდარღვევით გავრცელებისთვის. მანამდე ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა, რომ ოპოზიციური კოალიციების კამპანიის რეკლამების გაშვებაზე მისი უარი „ქართული ოცნების“ რეკლამების გაშვებაზე ოპოზიციური არხების უარმა განაპირობა.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბიეს

„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ მისი ოფისი ვარკეთილის რაიონში დაარბიეს. ფოტოკადრებში ჩანს, რომ ოფისის ფანჯრები ჩატეხილია და ოფისში წითელი საღებავის ბოთლები ყრია.

პარასკევი, 11 ოქტომბერი

სამი ოპოზიციური მედია დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი ტელეარხი – „მთავარი არხი“, „ფორმულა“, „ტვ პირველი“ – რომელმააც უარი თქვა ომზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის ერთერში გაშვებაზე 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა (იხილეთ მეტი აქ) .

ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიში

ეუთო/ოდირის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ 11 ოქტომბერს შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო გარემოს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს აფასებს. ანგარიშის თანახმად, „არჩევნები დამკვიდრებული პოლიტიკური პოლარიზების, უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობის, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობისა და გაერთიანებისა და გამოხატვის უფლების დაცვასთან დაკავშირებით წარმოშობილი შფოთის ფონზე მიმდინარეობს“.

15:00 – კომპანია Savanta-ს საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები

ბრიტანულმა  კომპანია Savanta-მ  ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“  „მედიის თავისუფლების ფონდის“ დაკვეთით საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1561 ადამიანი. კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს + -2,48%-ს, 95%-იანი სანდოობით.

კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ – „ხალხის ძალა“ – 36%
  • „კოალიცია ცვლილებისთვის”  –  18%
  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“  –  14%
  • „გახარია – საქართველოსთვის” – 10%
  • „ძლიერი საქართველო”  – 8%
  • „გირჩი“  – 3%
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”  – 3%
  • „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 2%
  • სხვა –  6%

13:28 – ცესკო-მ 7 დამატებითი უბნის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ დამატებით 7 საარჩევნო უბნის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, დამატებითი უბნები შეიქმნება ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკში, პარიზში. დამატებითი უბნების გახსნა შესაძლებელია განახლებული მონაცემების საფუძველზე, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ცესკოს მიაწვდის ყველა მოთხოვნის სრულად გაანალიზების შემდეგ.

ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი

20:50 – ცესკო: 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმას 95 834 ემიგრანტი მისცემს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული მონაცემებით, საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა ამ დროისთვის 95 834-ია. მანამდე ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე 65 508 პირისთვის 42 ქვეყანაში 60 უბანი შეექმნა. თუმცა, განახლებული მონაცემების საფუძველზე, დამატებით 30 326 ამომრჩევლისთვის 7 დამატებითი უბნის გახსნა გახდა საჭირო. ეს არ არის საბოლოო მონაცემი და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება შესაბამის უწყებებთან.

ეს საკითხი ცესკო-ს მომავალ სხდომაზე განიხილება. ამავე სხდომაზე ასევე განიხილება ისრაელში უკვე გახსნილი საარჩევნო უბნის საკითხი, იქ არსებული დაძაბული სამხედრო და პოლიტიკური სიტუაციის გამო. აღსანიშნავია, რომ ცესკო-ს თქმით, ამავე მიზეზის გამო საარჩევნო უბანი უკრაინაში არ გაიხსნება.

15:00 – კომუნიკაციების კომისია, სავარაუდოდ, გახარიას პარტიას უფასო პოლიტიკურ რეკლამაზე წვდომას უზღუდავს

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კომუნიკაციების კომისია მათ პარტიას უფასო პოლიტიკურ რეკლამაზე წვდომას უზღუდავს. არსებული რეგულაციებით, პოლიტიკურ პარტიას შეუძლია ჰქონდეს უფასო რეკლამა ტელევიზიით, თუ საზოგადოებრივი აზრის 5 გამოკითხვაში მას 4%-იანი მხარდაჭერა მაინც აქვს. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პარტიას „საქართველოსთვის“ „კვალიფიციური სუბიექტის“ სტატუსი მიანიჭა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე. კომუნიკაციების კომისიამ ამ გადაწყვეტილების გამო საზოგადოებრივი მაუწყებელი დააჯარიმა და სთხოვა „ფორმულას“ შედეგების გადასამოწმებლად მიეწოდებინა დოკუმენტაცია, რომელიც Edison Research-მა გამოიყენა.  

„მინდა მივმართო პერსონალურად კახა ბექაურს, ძალიან კარგად მესმის, რომ მონური დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი და სწრაფი გზა გამდიდრებისა, მაგრამ ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია არის დამოუკიდებელი უწყება, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში და აკეთებდეს ყველაფერს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და მინდა გავაფრთხილო პირადად მე, გიორგი გახარიამ ის, რომ პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა“, – განაცხადა გახარიამ ბრიფინგზე.

This post is also available in: English Русский

Back to top button