
„ქართული ოცნება“ სახელმწიფო ინსტიტუტების თბილისში დაგეგმილ „სამთავრობო ქალაქში“ გადატანას გეგმავს
„ქართული ოცნება“ ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების თბილისში დაგეგმილ „სამთავრობო ქალაქში“ გადატანას გეგმავს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შესაბამის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის „კონკურსის საშუალებით გეგმავს ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე (ყოფილი „არსენალის მთა“) მდებარე ტერიტორიაზე „სამთავრობო ქალაქის“ გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადების მომსახურების შესყიდვას“. დაინტერესებულმა კომპანიებმა შესაბამისი დოკუმენტაცია არაუგვიანეს 2025 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ახალი კომპლექსი გააერთიანებს სამთავრობო და სამინისტროების შენობებს, მათ შორის პარლამენტს, მთავრობის ადმინისტრაციას, საგარეო საქმეთა, ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, ჯანდაცვის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის, განათლებისა და კულტურის სამინისტროებს, ასევე თბილისის მერიას, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და ღონისძიებების დარბაზს.
პროექტის დოკუმენტაციის თანახმად, პროექტის მთავარი მიზანია „სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და თანამედროვე, ერთიანი და მდგრადი სივრცის შექმნა, რომელიც სრულფასოვნად იქნება ინტეგრირებული დედაქალაქის გეგმარებით სტრუქტურაში“.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროექტი „ხელს შეუწყობს კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების დამატებით მოზიდვას“ და „ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას“ დაეხმარება.
This post is also available in: English