skip to content
ახალი ამბები

ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოს არჩევნების „თავისუფალ და სამართლიან“ ბუნებას ეჭვქვეშ აყენებენ

ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა 27 ოქტომბერს განცხადებები გაავრცელეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ორივემ ეჭვქვეშ დააყენა საარჩევნო პროცესი. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული ყველა დარღვევის გამოძიება მოითხოვა, ხოლო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უჭირს ეს არჩევნები აღიაროს როგორც  თავისუფალი და სამართლიანი.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა საქართველოს არჩევნებზე საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნების გამო. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ არჩევნები „ჩატარდა გამოხატული პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, პოლიტიკურ ძალასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობის ფონზე. ამავდროულად, განსაკუთრებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მისასალმებელია ქართველი ხალხის დიდი ინტერესი ამ არჩევნების მიმართ – როგორც მაღალი აქტივობა, ასევე ქართული საზოგადოების ინტერესი მისი მსვლელობისა და შედეგის მიმართ“.

„ლატვია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა გამოიძიოს გამოვლენილი დარღვევები და უზრუნველყოს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი, ასევე მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა. საქართველოს მთავრობამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს მოქალაქეების უფლებას გამოხატონ თავიანთი აზრი ყველა დემოკრატიული პრინციპის შესაბამისად ჩატარებულ არჩევნებზე. არჩევნების შედეგებს შეფასება საქართველოს ხალხმა უნდა მისცეს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა „ინციდენტებისა და სისტემური დარღვევების უპრეცედენტო რაოდენობას, როგორც საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ასევე კენჭისყრის დღის განმავლობაში“ და „მასობრივ თავდასხმებს მმართველი პარტიის პოლიტიკურ ოპონენტებზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე“. ამასთან „საარჩევნო კამპანიაში დეზინფორმაციის სისტემური გამოყენება და საარჩევნო პროცესის განმავლობაში სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება“, ლიეტუვასთვის ართულებს იმ ფაქტს, რომ არჩევნები შეაფასოს როგორც „თავისუფალი და სამართლიანი“.

„ეს დარღვევები არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამოუკიდებელმა დამკვირვებელმა დაარეგისტრირა. დარღვევების მასშტაბი და სისტემური ხასიათი, ისევე როგორც მკვეთრი შეუსაბამობა დამოუკიდებელ ეგზიტპოლებსა და გამოცხადებულ შედეგს შორის სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და მათ საბოლოო შედეგს. საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების შედეგები არ ცნო“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიული უფლებების პატივისცემაა საჭირო. „ამ უფლებების შელახვის ნებისმიერი მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია. მოვუწოდებთ, რომ არჩევნებისა და მის დროს დაფიქსირებული ყველა დარღვევის შესახებ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს“, – ნათვამია განცხადებაში.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უკვე შეჩერებულია საქართველოს პარლამენტის მიერ სადავო კანონმდებლობის მიღების გამო. „საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მომხდარი დარღვევები კიდევ უფრო ართულებს ამ გზას. შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს მმართველ პარტიას და მის ლიდერებს ეკისრებათ“.

„გვჯერა, რომ საქართველოსთან ევროკავშირის პოლიტიკური კონტაქტები შეჩერებული დარჩება, ხოლო საქართველოს მთავრობის ფინანსური დახმარება გაყინული. ამასთან, დაუყონებლივ უნდა იქნას განხილული დამატებითი შემზღუდველი ზომები არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ ლიეტუვა კვლავ იდგება ქართველი ხალხისა და მისი ევროპული არჩევანის გვერდით. „ჩვენ კვლავ ურყევად დავუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button