
MEGOBARI აქტზე გაურკვევლობის ფონზე, აშშ-ში საქართველოს ელჩი სენატორ მარკვეინ მალინს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი სენატორ მარკვეინ მალინს შეხვდა ოკლაჰომას შტატიდან. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ სენატორმა დააბრკოლა MEGOBARI აქტის მსვლელობა სენატში.
სენატორ მალინის აქტიური წინააღმდეგობის შედეგად, MEGOBARI აქტის „ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ (NDAA) ჩართვა ვერ მოხერხდა.
„შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები“, – განაცხადა ტალიაშვილმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში. მან მადლობა გადაუხადა სენატორს „პირად წვლილისთვის“ ორმხრივ ურთიერთობებში და „მის, როგორც საქართველოს ნამდვილი მეგობრის, მიმართ მადლიერება გამოხატა“.
„საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, აქტუალურ მოვლენებსა და პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას. ასევე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია პოსტში.
This post is also available in: English