
სუსი უარყოფს ინფორმაციას ისრაელის დელეგაციის დაგეგმილი ვიზიტის დროს მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმის საფრთხის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) უარყო მედიის ინფორმაცია, რომ ისრაელის ქნესეთის წევრების ვიზიტი თბილისში „მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმის საფრთხის“ გამო გაუქმდა.
„არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ“, – განაცხადა სუს-მა 12 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში. „ჩვენ კავშირზე ვართ ისრაელის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გაკვირვება გამოთქვეს გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო“.
მანამდე, 12 დეკემბერს, რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურმა ისრაელის მედიაზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ქნესეთის წევრები, რომელთაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ თბილისში „ისრაელის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმში, იძულებულნი გახდნენ, ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, შაბათ-კვირას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გაეუქმებინათ.
გამოცემის თანახმად, ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა იციკ მოშემ დაუდასტურა. რადიო თავისუფლების ცნობით, მოშემ ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარე ინფორმირებული იყო სავარაუდო საფრთხის შესახებ.
„ძალიან სამწუხარო და ნიშანდობლივია, რომ ასეთი ინფორმაცია ქართული მედიის ნაწილის მიერ ჩვენთან გადამოწმების გარეშე ვრცელდება“, – განაცხადა სუს-მა. „კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საქართველოსთვის დამაზიანებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“.
მოგვიანებით სუს-მა მეორე განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია, რომელსაც თავის მხრივ ეს ინფორმაცია მიაწოდა ქნესეთის ეთიკის კომისიის რომელიღაც წარმომადგენელმა. „ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო იციკ მოშემ ვერ დაასახელა“, – განაცხადა სუს-მა.
„კითხვაზე იმის შესახებ, თუ რატომ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ საფრთხის შესახებ გაფრთხილებულია ქართული მხარე, იციკ მოშემ ეს ფაქტი საერთოდ უარყო. მისი განმარტებით, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ საფრთხე რეალური იქნებოდა, ამის შესახებ აუცილებლად შეატყობინებდნენ ქართულ მხარეს“, – აღნიშნა სუს-მა.
This post is also available in: English