ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე თურქმენეთს სტუმრობს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 11 დეკემბერს თურქმენეთში ჩავიდა, რაც წელს მისი მესამე ვიზიტია ამ ქვეყანაში.

კობახიძე, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანთან ერთად, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში კობახიძე 11 დეკემბერს თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.

„მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში. ამავე ინფორმაციის თანახმად, კობახიძემ „გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას“.

მოგვიანებით, კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოზიტიურ დინამიკას. ხაზი გაესვა მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივაზე, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

This post is also available in: English

Back to top button