ქართული ქარტია: პრეზიდენტმა მოკლევადიანი პარლამენტისა და ტექნიკური მთავრობისთვის ერთიანი მიზნები წარმოადგინა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას, რომელსაც ფართო საზოგადოება, დიპლომატიური კორპუსი და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების საგზაო რუკა წარმოადგინა. მისი თქმით, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ამ საგზაო რუკის ძირითად დებულებებზე ხმის მიცემის შესახებ.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი ევროპული გზა განუყოფელია და ერთად უნდა იქნას დაცული. მან განაცხადა, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს და ქართული საზოგადოება, მისი თქმით, ელოდება კონკრეტულ გეგმას და „ახლამე მევალება… და ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას, რომ ვუპასუხო ამ დიდ მოლოდინს და ერთად დავსახოთ ეს გზა, რომელიც მიგვიყვანს პირველ რიგში, ჩვენს თავთან და ამავდროულად, ევროპაში“.
პრეზიდენტის თქმით, ეს გზა არჩევნების გზაა. „26 ოქტომბერს არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად, მშვიდობით და სტაბილურობით! უნდა მივიდეთ ისევე მობილიზებულად და შემართებით, როგორც აქამდე და ამავე დროს, გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ „იმის დრო არაა, რომ მივეცეთ სწორედ ნიჰილიზმს, ქიშპობას და ცალკეულ პოლიტიკურ ამბიციებს“.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „გადავწყვიტე თქვენ წინაშე და ამ დღეს წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია“, რომლის ირგვლივაც პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას, თანხმობას და პირობის დადებას ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის“.
ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს.
პრეზიდენტმა ყველას „ევროპული მომავლის გარშემო“ გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას, არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს. პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ იმის მერე, რაც ხელს მოაწერენ ამ ერთობლივ ქარტიას, საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია როგორი იქნება – ეს უკვე მე არ მეხება“.
ხელმომწერი პარტიები, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში, იღებენ ვალდებულებას, რომ საგაზაფხულო სესიის დროს შეასრულონ ქარტიის ამოცანები და 2025 წლის შემოდგომისთვის ვადამდელი არჩევნები დანიშნონ, ამასთანავე შექმნან გარემო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ტექნიკურ, უპარტიო მთავრობას პრეზიდენტი წარმოადგენს.
ქართული ქარტია – სრული ტექსტი
,,ქართულ ქარტიაში” ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ის თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.
ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს.
ეს ნაბიჯებია:
1. ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება
დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისშესახებ“ კანონი, ანუ რუსულ კანონი, ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, ე.წ. მოსმენების და ოფშორების კანონები და სხვა.
ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეები და მიღებული იქნება ამინისტია.
2. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა
- სასამართლოს გათავისუფლება
- გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით;
- ეს შემოწმება შეეხება, ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია;
- შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს;
- შემოწმება შეეხება ასევე, ყველა ახალ მოსამართლეს. სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას;
- სრულფასოვნად ამოქმედდება სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს საქმეთა განაწილების პროცესში პოლიტიკური გავლენები;
- მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;
- გავაძლიერებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატს და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზეც.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ძირეული რეფორმა შეეხება:
ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს – კერძოდ:
- დისციპლინური სამართალწარმოების უფლება, რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია;
- ჩამოერთმევა ადმინისტრაციული ორგანოების თავმჯდომარეების არჩევის უფლება;
- იუსტიციის სკოლა საბჭოსგან დამოუკიდებელი გახდება;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი შეიცვლება: საბჭო მხოლოდ შეამოწმებს კანდიდატებს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით, ხოლო სიას სრულყოფილად წარუდგენს პარლამენტს, რომელიც აირჩევს მათ.
საბჭოს წევრებს აეკრძალებათ:
- სსხვა ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება;
- ორჯერ არჩევის შესაძლებლობა.
საბჭოში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათ არამოსამართლე წევრებს.
3. რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება:
პროკურატურას
- გენერალური პროკურორი აირჩევა მაღალი ქვორუმით და მხოლოდ ერთი ვადით
- საპროკურორო საბჭო გაძლიერდება
სუსი/შსს
- ძალაუფლების დეკონცენტრაციის მიზნით, ჩატარდება სუსის და შსს-ს ძირეული რეფორმა. თითოეულის საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
- გავაძლიერებთ და მივანიჭებთ რეალურ დამოუკიდებლობას, რათა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე.
ანტიკორუფციულ სააგენტოს
- გამოვყოფთ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მივანიჭებთ რეალურ ბერკეტებს. პირველ რიგში, აღვჭურვილი იქნება კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილებით რაც დღეს არ გააჩნია
- სააგენტოს ხელმძღვანელს აირჩევს საქართველოს პარლამენტი და ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე.
ეროვნულ ბანკს
- დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდით და აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით.
- გამოირიცხება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა.
- გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიერ ერთპიროვნულად მიღებული ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საერთშორისო ვალდებულებებს.
მარეგულირებელ ორგანოებს
- გავათავისუფლებთ პოლიტიკური გავლენებისგან და დამოუკიდებელი ხელმძღვანელები დაინიშნებიან დემოკრატიული წესით.
4. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება
სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო პირობები:
დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა
ჩვენ, ამ ქარტიაზე ხელისმომწერნი, ვინც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, რომ შევასრულებთ ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში.
ასევე, ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
ასევე წაიკითხეთ:
- 18/05/2024 – პრეზიდენტმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო
- 16/05/2024 – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუები უცხოურ მედიასთან
- 03/05/2024 – პრეზიდენტმა „ოფშორების“ შესახებ „ქართული ოცნების“ სადავო კანონს ვეტო დაადო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)