ახალი ამბებიდაწვრილებით

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღების შემდეგ, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ დეპუტატებს უპირისპირდებიან

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა 28 მაისს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს და კანონი საბოლოოდ მიიღეს, მათ კანონის მოწინააღმდეგე გაბრაზებული მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების სახლების კედლებზე დაწერეს და მათ საჯაროდ უწოდეს „მონები“ და „მოღალატეები“.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა „ქართული ოცნების“ დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს ეხება. ინციდენტი 29 მაისს მოხდა, როდესაც ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ დეპუტატთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც მას ახალგაზრდა მამაკაცმა ქუჩაში „მონა“ დაუძახა და შუა თითი აჩვენა. გაბრაზებული ჯაფარიძე მანქანიდან გადმოვიდა, ახალგაზრდას შეაგინა, იქვე მდებარე ხილბოსტნეულის დახლიდან ფორთოხალი აიღო და ახალგაზრდას ქუჩაში დაედევნა. მართალია ფორთოხალმა ადრესატამდე ვერ მიაღწია, თუმცა ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

მოგვიანებით, ვიქტორ ჯაფარიძე იმ პატარა საოჯახო მაღაზიაში მივიდა, საიდანაც ფორთოხალი აიღო, რათა, როგორც თავად თქვა, ბოდიში მოეხადა და ფორთოხლის ღირებულება აენაზღაურებინა. მაღაზიის მეპატრონეები, ცოლ-ქმარი კანონის მტკიცე მოწინააღმდეგეები აღმოჩნდნენ. მათ შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს და ჯაფარიძეს შეახსენეს, რომ მან მათ შვილებს ევროპული მომავალი წაართვა. ქმარმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ქართველებს სხვადასხვა სფეროში ეხმარებიან, და მათი დონორები, რომლებმაც მილიონობით ინვესტიცია ჩადეს საქართველოს განვითარებაში, არ უნდა იწოდებოდნენ „აგენტებად“ და დასძინა, რომ ეს იყო რუსეთის ნაბიჯი. დეპუტატს არ აღმოაჩნდა საკმარისი არგუმენტი პასუხის გასაცემად. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა საქართველოში და მას უკვე 1,5 მილიონი ნახვა აქვს. ამავდროულად, წყვილის მაღაზია ძალიან პოპულარული გახდა და მთელი ღამის განმავლობაში ვაჭრობდა, რადგან ბევრი მადლიერი მოქალაქე მივიდა იქ ადგილობრივი ბიზნესის მხარდასაჭერად.

პარიზის აეროპორტში მოქალაქეების გაბრაზების „ატანა“ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ დეპუტატს, ელისო ბოლქვაძეს მოუწია. დეპუტატს რამდენიმე ქალბატონი დაუპირისპირდა, რომელთაც ჰკითხეს მას, რატომ მიემგზავრებოდა „აგენტების ქვეყანაში“, საიდანაც საქართველოში „აგენტებს აფინანსებდნენ“ და რატომ არ მიემგზავრებოდა რუსეთში. დეპუტატს „მონა“ უწოდეს და ურჩიეს, რომ მოსკოვში წასულიყო. ბოლქვაძე ძალიან გაბრაზდა, ერთ-ერთ ქალს „იდიოტკა“ უწოდა და პოლიციის გამოძახებით დაემუქრა.

მოქალაქეებმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების სახლების კედლებზე წარწერებიც დატოვეს. ამ დროისთვის წარწერები დატოვეს დიმიტრი (დიტო) სამხარაძის, ელისო ბოლქვაძისა და ანზორ ბოლქვაძის სახლების კედლებზე. წარწერები მსგავსია და ყველაზე ხშირად დეპუტატებს „მონებს“ და „მოღალატეებს“ უწოდებენ.

ტერორის კამპანია „აგენტების“ კანონის ოპონენტების წინააღმდეგ განახლდა

იმავდროულად, მცირე შესვენების შემდეგ, განახლდა ორკესტრირებული კამპანია „უცხოელი აგენტების“ კანონის ოპონენტების წინააღმდეგ. 31 მაისს მოქალაქეებმა კვლავ დაიწყეს მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების მიღება, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების, კრიტიკული მედიისა და ოპოზიციური პარტიების, მათ შორის, ევროპული საქართველოს, დროას, გირჩი-მეტი თავისუფლების, ნაციონალური მოძრაობის, ლელოს ოფისების კედლები კვლავ უხამსი წარწერებით დაიფარა, სადაც იქ მომუშავე ადამიანებს „უცხოელ აგენტებს“ უწოდებდნენ.

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტის დაწყების დღიდან, ჯერ კიდევ დაუდგენელი დამნაშავეების მხრიდან მომიტინგეების დაშინების არაერთ მცდელობას ჰქონდა ადგილი ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები, ცემა და მათი სახლის ან ოფისის შესასვლელებთან შეურაცხმყოფელი პოსტერების გამოკვრა, სადაც აქტივისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს „აგენტებად“ და „სახელმწიფოს მტრებად“ მოიხსენიებდნენ. ეს ქმედებები, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ოპონენტების წინააღმდეგ დაშინების კარგად ორგანიზებული კამპანიის ნაწილია, მათ შორის, სავარაუდოდ, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით, რა დროსაც აქტივისტებს და ოპოზიციის ლიდერებს ხელისუფლების ზონდერები უსაფრდებიან და სცემენ. გარდა ამისა, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, სასამართლოში 200-მდე მომიტინგე დაიბარეს, ძირითადად ადმინისტრაციული, თუმცა ზოგ შემთხვევაში სისხლის სამართლის ბრალდებითაც, რაც დევნად და აქტივისტებისა და მომიტინგეების დაშინების მცდელობად აღიქმება.

იმავდროულად, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მაკა ბოჭორიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში დაპირისპირებების შესახებ ისაუბრა. მან სრულიად უგულებელყო მოქალაქეების, მედიის, სსო-ების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ორგანიზებული ტერორის კამპანიისა და დევნის საკითხი და სანაცვლოდ, აღნიშნა, რომ კანონის წინააღმდეგ პროტესტი „საკმაოდ აგრესიულია“ და დასძინა, რომ „არავითარი გამართლება არ აქვს [დემონსტრანტთა] ძალადობრივ ქმედებებს“. მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატებზე ზეწოლას აქვს ადგილი, რადგან ხალხი მათ „მონებს და მოღალატეებს“ უწოდებს, რაც, მისი თქმით, „სრულიად არანორმალურია“.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button