ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: „ჩხრეკა ე. წ. “ქოლცენტრში” ჩატარდა“
არჩევნებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ ჩხრეკა სამ სავარაუდო ე.წ. „ქოლცენტრში“ ჩაატარა. სამსახურში განაცხადეს, რომ დასახელებული ობიექტების ჩხრეკა მოსამართლის გადაწყვეტილებით განხორციელდა.
განცხადებას წინ უძღოდა ინფორმაცია სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული რამდენიმე ჩხრეკის შესახებ. კერძოდ ჩხრეკის სამიზნეები გახდნენ ამერიკული ანალიტიკური ცენტრის „ატლანტიკური საბჭოს“ ორი თანამშრომელი, ამერიკული ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი კომპანია Concentrix, მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილი და კომიკოსი ონისე ცხადაძე. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში არცერთი მათგანი არ არის დასახელებული, ქოლ-ცენტრების გამოძიება სავარაუდოდ რამდენიმე, თუ არა ყველა, ამ ჩხრეკას უკავშირდება.
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომპანია Concentrix-ის თბილისის სათაო ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკისას თანამშრომლებს ოფისში შესვლის უფლება არ მისცეს და ადგილზე მხოლოდ ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ. „„ეს გაუგებრობა ძალიან დააზარალებს საქართველოს გლობალური მასშტაბით“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. კომპანია საქართველოში 2021 წელს შემოვიდა და მას შემდეგ უცხოური ინვესტიციების მხარდასაჭერად მუშაობს.
გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისში ვალერი ტყეშელაშვილის მშობლების სახლიც გაჩხრიკა. ტყეშელაშვილს უთხრეს, რომ ჩხრეკა ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრის საქმეს უკავშირდებოდა, თუმცა ტყეშელაშვილი რაიმე კავშირს უარყოფს. ის ჩხრეკას თავის ოპოზიციურ პოზიციას უკავშირებს. მისივე თქმით, ყველა ტექნიკური აღჭურვილობა ამოღებულია.
მორიგი ჩხრეკა კომიკოსის ონისე ცხადაძის სახლში ჩატარდა. მისი ძმა ამბობს, რომ გამომძიებლებმა ჩხრეკის მიზეზად საერთაშორისო კომპანიაში ონისე ცხადაძის მუშაობა დაასახელეს. მან ასევე განაცხადა, რომ ყველანაირი ტექნიკა, მათ შორის ძმების ლეპტოპები, ამოღებულია.
სამინისტრომ განაცხადა, რომ მიღებული ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და „საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან“. „ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
„ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით“, – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ატლანტიკური საბჭოს ორი თანამშრომლის, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლების ჩხრეკის შესახებ, რომელთაც ოჯახის წევრების პირადი ნივთები, ლეპტოპები და სხვა ტექნიკური აღჭურვილობა ჩამოართვეს. ამ კონკრეტულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი სხვადასხვა მუხლით მიმდინარეობს, ესენია ფულის გათეთრება, თაღლითობა და გადასახადებისგან თავის არიდება.
ყველა შემთხვევა, სავარაუდოდ, ურთიერთდაკავშირებულია, თუმცა რა კავშირებია მათ შორის ჯერჯერობით უცნობია. „მოდით, დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას. ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო იყოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)