ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ ენერგეტიკული კომპანიების დავალიანების კონკრეტული დათქმით პატიებას გეგმავს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 10 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია. მან იქვე გააფრთხილა, რომ განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიებს სრულად დაეკისრებათ ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება.

„რაც შეეხება დათქმას: იმისათვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, მათ, განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, სრულად დაეკისრებათ ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და ამასთან ერთად, აღუდგებათ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაპატიები ჯარიმებიც“, – განაცხადა კობახიძემ.

მან განმარტა, რომ კონკრეტული დათქმით დავალიანებების პატიება ემსახურება ერთდროულად ორ მიზანს – ერთი მხრივ, კომპანიებს უნდა მოეხსნათ ფინანსური ბარიერი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში და მეორე მხრივ, კომპანიებს უნდა დარჩეთ მაქსიმალური მოტივაცია დაგეგმილი პროექტების სათანადო ვადებში განსახორციელებლად.

„დავალიანებების პატიება უნდა გახდეს ახალი, ორმხრივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, თუმცა, ამასთანავე, პასუხისმგებლობით გაჯერებული პროცესის დასაწყისი“, – აღნიშნა მან. „ჩვენ მკაცრად მივუდგებით ახალ შეუსრულებელ ვალდებულებებს, ან ახალ დავალიანებებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე“.

კობახიძის თქმით, ხელისუფლების „სტრატეგიული მიზანია“, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით „სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა“.

This post is also available in: English

Back to top button