პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარა
საქართველოს პროკურატურამ 30 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში, ვინაიდან ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით.
„საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე. „გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას“.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ ის პროკურატურას მიმართავს წინადადებით გამოიძიოს „უსაფუძვლო ბრალდებები“ მის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ ჩატარებული არჩევნები დადებითად, ხოლო ცესკო-ს მუშაობა უმაღლეს დონეზე შეაფასა, ამავდროულად, ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა ვერანაირი ხარვეზი ვერ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაუსაბუთებლად ესხმიან თავს ცესკოს და ცდილობენ, უსაფუძვლო ბრალდებებით უწყებას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი“.
ცესკო-მ ასევე განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს არსებული საჩივრების განხილვა, თუმცა ხსენებული პოლიტიკოსების მხრიდან არჩევნების „სავარაუდო გაყალბების“ ბრალდებებმა უკვე ფართო მასშტაბი მიიღო.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ წინადადებით საქართველოს პროკურატურას დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება ზემოთ ხსენებულ განცხადებებთან დაკავშირებით. ჩვენის მხრივ კი, გამოვხატავთ მზაობას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და შეუფერხებლად მივაწოდოთ ინსტიტუციაში არსებული გამოძიებისათვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, 28 ოქტომბერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა ტვიტერზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავებისკენ მოუწოდა: „საქართველოს მარიონეტმა პრეზიდენტმა უარი თქვა არჩევნების შედეგების ცნობაზე და გადატრიალების მოწოდებით კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა. ასეთ შემთხვევებში სტანდარტული პრაქტიკაა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრება“.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/10/2024 – საერთაშორისო ორგანიზაციამ არჩევნების სავარაუდო ფართომასშტაბიანი გაყალბების ნიშნები გამოავლინა
- 28/10/2024 – სადამკვირვებლო მისია არჩევნების გაყალბების სქემაზე საუბრობს და 189 უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს
- 27/10/2024 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებს არ ცნობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)