
საპროტესტო აქციების ჩატარების წესების გამკაცრების შედეგად შეზღუდვები ფეხით მოსიარულეთა ზონებსაც შეეხება
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა საკანონმდებლო ცვლილებებს დაუჭირეს მხარი, რომლებიც კიდევ უფრო ამკაცრებს საპროტესტო აქციის ჩატარების წესებს. შედეგად, შეკრების ჩატარების შეზღუდვები ფეხით მოსიარულეთა ზონებსაც შეეხება.
ცვლილებების თანახმად, დგინდება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება.
სადავო პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები თანმდევ პროექტებთან ერთად მესამე მოსმენით 10 დეკემბერს მიიღო.
ცვლილებების თანახმად, „თუ შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებების, ხალხის გადაადგილებას ან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანო უფლებამოსილი იქნება შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან/და სვლაგეზის შესახებ შესაბამისი მითითება მისცეს. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს“.
„50, 100 ან თუნდაც 150 ადამიანი არ უნდა ძალადობდეს ოთხ მილიონ ადამიანზე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 10 დეკემბერს კანონში ცვლილებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ. „თუ არ გაქვს საკმარისი რაოდენობა, არ შეიძლება, პრობლემებს უქმნიდე დანარჩენ მოსახლეობას“.
შსს-ს მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს 15 დღემდე პატიმრობას მონაწილეებისთვის და 20 დღემდე პატიმრობას ორგანიზატორებისთვის.
This post is also available in: English