„ქართულ ოცნებას“ საქართველოს ავტორიტარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ჯერ არ დაუსრულებია. საპარლამენტო პროცედურებს მორიგი რეპრესიული კანონები გადის და ბრიუსელს ზომების მისაღებად ცოტა დროღა რჩება. ევროპელი დიპლომატები ცდებიან, თუკი ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ ურთიერთობებს ამაზე მეტად ვეღარ გააუარესებს. მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის დემოკრატიის გზიდან გადახვევას ევროპული დროშის ქვეშ ეწინააღმდეგებიან, ბრიუსელს ვითარებაში მეტი სიცხადის შემოტანა მართებს.
ვანო ჩხიკვაძე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორია.
ამ სტატიის სრული ვერსია ჟურნალ GEOpolitics-ში გამოქვეყნდა ინგლისურ ენაზე. სრული ვერსიის სანახავად მიჰყევით ამ ბმულს.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გარდაუვალობის მთავარ საბუთად კარგა ხანი გვესმოდა ეკონომიკური არგუმენტები. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება (DCFTA) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ქვაკუთხედია. მისი სრულფასოვანი ამოქმედება საქართველოს ეკონომიკის წარმატებისთვის საკვანძო ელემენტად მიიჩნეოდა. მართლაც, ხელშეკრულების განხორციელება ქართულ ბიზნესს მსოფლიოს უდიდეს ერთიან ბაზარზე შესვლაში ხელშესახებ უპირატესობას აძლევს.
თუმცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ამ ხელშეკრულებას ძირი გამოუთხარა. თუკი 2015 წელს საქართველოს ექსპორტში ევროკავშირის წილი 28.3%-ს შეადგენდა, 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 8.7%-მდე დაეცა.
ქართული კომპანიები, რომლებიც ერთ დროს ენთუზიაზმით ეკიდებოდნენ ევროკავშირის ბაზარზე შეღწევის შესაძლებლობებს, ახლა სავაჭრო ბარიერებს, პროცედურების ცვლილებასა და პოლიტიკურ გაურკვევლობას ეჩეხებიან. ამასობაში, მმართველ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა ეკონომიკურმა სუბიექტებმა რუსეთთან და ჩინეთთან შორსმიმავალი ფინანსური და კომერციული კავშირები განავითარეს, რითაც ევროპაზე თავიანთი დამოკიდებულება შეამცირეს.
თუკი უწინ დიდი ბიზნესი ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად გვევლინებოდა, დღეს ის საგრძნობლად მიჩუმდა. თუკი კერძო სექტორი ადრე ევროკავშირთან ვაჭრობას მოდერნიზაციისა და ეკონომიკური სტაბილურობის გზად განიხილავდა, დღეს, როგორც ჩანს, ის შეეგუა საქართველოს მთავრობის მიერ ალტერნატიული ბაზრებისკენ აღებულ კურსს.
ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ საქართველოზე მისი გავლენის ეკონომიკური ბერკეტი საგრძნობლადაა შესუსტებული. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ ფორმალურადაც შეაჩეროს DCFTA და ამით კიდევ უფრო დაშორდეს ევროკავშირს. ამ ნაბიჯის გადადგმა კი ასოცირების პროცესის მთელ შენობას ჩამოაქცევს.
„ქართული ოცნების“ საშინაო პოლიტიკა მთლიანად ასოცირების შეთანხმებას უქმნის საფრთხეს, რამდენადაც ეს დოკუმენტი ნორმატიულ, ღირებულებით საფუძველს ემყარება. შეთანხმების მე-2 მუხლში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისთვის ევროპული ღირებულებების გაზიარება სავალდებულოა. ასოცირების შეთანხმების მე-4 მუხლი საქართველოს ავალდებულებს, განავითაროს და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და დაიცვას კანონის უზენაესობა. შეთანხმების მე-13 მუხლი საქართველოს ცალსახად ავალდებულებს, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვას, მედიის თავისუფლებასა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას. ამავე შეთანხმების მე-4 მუხლი კი საქართველოს ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერებასა და მათი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ავალდებულებს.
საქართველოში დღეს ამ ფასეულობებისა და პრინციპების დარღვევა ყველასთვის აშკარაა, არადა ასოცირების შეთანხმების შესრულება საქართველოსთვის იურიდიულად სავალდებულოა. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ხელშეკრულების 427-ე მუხლი ორივე მხარეს შეთანხმების ცალმხრივად გაუქმების უფლებას აძლევს, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი თბილისი ევროკავშირთან დაპირისპირებას ერთ დღესაც თავის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს.
უკვე არსებობს პრეცედენტი: 2015 წელს ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოში დღეს არსებული ვითარებიდან სრულიად განსხვავებული, ძირითადად ეკონომიკური მიზეზებით მოხდა, ისლანდიის გაკვეთილი ისაა, რომ თუ ხელისუფლება პოლიტიკურად გადაწყვეტს, უარი თქვას ევროკავშირში ინტეგრაციაზე, მას ამის გაკეთება საზოგადოების განწყობის გაუთვალისწინებლადაც შეუძლია. ისლანდიაში ეს გადაწყვეტილება რეფერენდუმის თუ საპარლამენტო კონსენსუსის გარეშე მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ამას ბევრი მოითხოვდა.
შეიძლება საქართველოც იმავე გზას დაადგეს, თუმცა, ისლანდიისაგან განსხვავებით, ქვეყნის დემოკრატიული მომავლისათვის შედეგები აქ გაცილებით უფრო მძიმე იქნება. არაა გამორიცხული, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი ბრიუსელს გადააბრალოს. მეტიც, თუკი უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში ევროკავშირისკენ ხელშესახები წინსვლა არ გამოჩნდა, თბილისს შეუძლია თქვას, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არც არასოდეს ყოფილა რეალისტური.
ბრიუსელში უნდა ხვდებოდნენ, რომ დღეს კითხვა ის კი არაა, რამდენად სურს „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის გზაზე დარჩენა, არამედ ის, თუ რამდენად შეძლებს ქართული საზოგადოება და ოპოზიცია მანამდე აღუდგეს წინ ამ გზიდან საბოლოო გადახვევას, სანამ ქვეყანას შეუქცევადი ზიანი მიადგება.
ევროკავშირი ურთიერთობების მოსალოდნელ გაუარესებას პასიურად არ უნდა დაელოდოს. მან უნდა გააძლიეროს საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიაზე დაკვირვება და ნათლად განაცხადოს, რომ გაწევრიანების პროცესიდან გამოსვლა არა უბრალო პოლიტიკური მანევრი, არამედ კატასტროფული გადაწყვეტილებაა, რომელსაც რეალური შედეგები მოჰყვება.
მთავრობაზე ზეწოლის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი გზა შეიძლება გახდეს კანონის უზენაესობის შესახებ ევროკავშირის ანგარიშში საქართველოს შეტანა. 2024 წელს ბრიუსელმა ამ ანგარიშში პირველად მიმოიხილა ოთხ კანდიდატ ქვეყანაში – ალბანეთში, მონტენეგროში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სერბეთში კანონის უზენაესობის მხრივ არსებული ვითარება. ამით ბრიუსელმა ხაზი გაუსვა, რომ თუკი გაწევრიანების პროცესის დასრულება სურთ, კანდიდატებმა დემოკრატიისკენ შეუქცევადი მოძრაობა უნდა განაგრძონ. ევროკავშირის ხელთ არსებული კიდევ ერთი ინსტრუმენტია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება.
ბრიუსელმა ყველას უნდა გვაჩვენოს, რომ „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს თან ასოცირების ევროპული პროექტიდან გაიძურწოს და თან ევროკავშირთან თანამშრომლობის ეკონომიკური და სავიზო უპირატესობები შეინარჩუნოს.
„სამოქალაქო საქართველოს“ მოსაზრებების გვერდზე გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის სტატიის ავტორებს. ისინი შეიძლება არ ასახავდნენ რედაქციის ოფიციალურ პოლიტიკას ან პოზიციას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)