ახალი ამბები

აფხაზეთში სატრანზიტო ჰაბის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას თბილისი ემიჯნება

თბილისი გაემიჯნა ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში ახალი საავტომობილო-სატრანზიტო ჰაბის მშენებლობის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოსა და რუსეთს შორის ალტერნატიული სატრანსპორტო კავშირის ფუნქციას შეასრულებს.

მედია საშუალებები და პროექტში სავარაუდოდ ჩართული ბიზნესმენები ვარაუდობენ, რომ ენგურის ხიდის მახლობლად მდებარე ჰაბის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

ასტამურ ახსალბამ, სატრანზიტო და ლოჯისტიკის კომპანიის დირექტორმა და მსოფლიოს ხალხთა ასამბლეის აფხაზეთის ფილიალის ხელმძღვანელმა, 7 დეკემბერს Sputnik Abkhazia-ს განუცხადა, რომ ჰაბი ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის ალტერნატივა იქნება, რომელიც ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის ერთადერთი ოფიციალურად მოქმედი სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტია.

ახსალბას თქმით, პროექტი მოსკოვთან 2010-2011 წლებში დადებულ საბაჟო შეთანხმებას ეფუძნება. მისი თქმით, ჰაბი ირანს, ინდოეთსა და აზერბაიჯანს რუსეთიდან და რუსეთში ტვირთების გადაზიდვაში დაეხმარება. ახსალბამ განაცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოების დაახლოებით 80% უკვე დასრულებულია და დარჩენილია ტერმინალზე სკანერების, რენტგენის სისტემებისა და სხვა მოწყობილობების დამონტაჟება.

გალში სატრანზიტო ჰაბის შესახებ დასმულ კითხვაზე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 10 დეკემბერს განაცხადა: „ჩვენ არავითარ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, ეს არის სრული სიყალბე. ჩვენი მხრიდან ამაზე ვერ იქნება საუბარი“.

„წინა ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. მაშინ იყო შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავლობით უნდა შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი არის გაჩერებული და ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა“, – განაცხადა მან.

„აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არის ძალაში და არავითარი ინიციატივა ამ მიმართულებით ხელისუფლებას არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

This post is also available in: English

Back to top button