ბლინკენი: აშშ გმობს არჩევნებზე საერთაშორისო ნორმების დარღვევას, გამოძიებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გმობს „საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას“ და უერთდება „საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება“.
„საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც ხელი შეუშალა თანასწორი პირობების შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.
„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება“, – აცხადებს ბლინკენი.
„შემდგომი ნაბიჯებისთვის, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, დაიცვან კანონის უზენაესობა, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს და ერთობლივად იმუშაონ საარჩევნო პროცესის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში არის ასახული, მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უფლებებს და საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითად თავისუფლებებს“, – აცხადებს სახელმწიფო მდივანი.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/10/2024 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებს არ ცნობს
- 27/10/2024 – ევროპელი დეპუტატები: ევროკავშირი ვერ ცნობს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს
- 27/10/2024 – ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სახდეპს საქართველოს არჩევნების გაყალბების შესახებ ბრალდებების გამოძიებისკენ მოუწოდებს
- 27/10/2024 – საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)