skip to content
ახალი ამბები

ევროკომისიამ გაფართოების მეორე ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკომისიამ ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) საქართველოს შესაბამისობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში გაწევრიანებისთვის ქვეყნის მზაობას აფასებს.

ევროკომისიის პრესრელიზში ხაზგასმულია ეუთო/ოდირის დასკვნები საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ დამკვირვებელმა „გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომელსაც დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში ჰქონდა ადგილი“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის საჭიროებას, რაზეც უკვე  იყო საუბარი წინა საკვანძო რეკომენდაციებში“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კომისიის შარშანდელი რეკომენდაციები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით „არ შესრულდა“. ანგარიშის კომენტირებისას, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ნება მიბოძეთ, მკაფიოდ ვთქვა: ეს [უკუსვლა სასამართლო სისტემასა და ფუნდამენტურ უფლებებში] უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის“.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა ცხრა ნაბიჯი – ძირითადად კანონის უზენაესობასა და დემოკრატიასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა საკმარისი პოლიტიკური მზაობა აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად“. ევროკომისიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მომდევნო წელს, საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ასევე გააუქმოს საკანონმდებლო პაკეტი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს შესაბამისობის დონე ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან მნიშვნელოვნად დაბალ, 49%-ს შეადგენს (თუმცა წინა ციკლის დროს  44% იყო) და რომ „საქართველოს 2023 წლის ივნისიდან არ მიუღია მონაწილეობა ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში“.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ „საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა სხვადასხვა რეისებზე რუსეთისკენ და რუსეთიდან“, თუმცა ასევე ნათქვამია, რომ „საქართველო თანამშრომლობდა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად“.

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და 2008 წლიდან ჩართულია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ძალისხმევაში, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით“, – ხაზგასმულია ანგარიშში.

ელჩმა ჰერჩინსკიმ ანგარიშის სულისკვეთება შეაჯამა: „წელს საქართველომ უკან დაიხია, ხოლო სხვა კანდიდატი ქვეყნებმა წინ წაიწიეს, რამდენიმე მათგანმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნეს“.

მან განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი ღია რჩება, თუმცა გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. „ვთავაზობ ხელისუფლებას ძალიან დიდი ყურადღებით წაიკითხოს გაფართოების შესახებ ეს ანგარიში. ის გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ და გზამკვლევს ევროკავშირში საქართველოს შესაძლო წევრობისკენ. მაგრამ მისი განხორციელება მოითხოვს ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას და დაბრუნებას ჩვენი უპირობო პრინციპებისა და ღირებულებებისადმი, რომლებზედაც ევროკავშირი არის დაფუძნებული“.

ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს საქართველოს მზაობის შეფასებას სხვადასხვა სფეროებში:

თავიმზაობის დონე
თავი 23: სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებებიმომზადების გარკვეული დონე
თავი 24: მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოებამომზადების გარკვეული დონე
თავი 5: საჯარო შესყიდვებიმომზადების გარკვეული დონე
თავი 18: სტატისტიკამომზადების გარკვეული დონე
თავი 32: ფინანსური კონტროლიმომზადების გარკვეული დონე
თავი 1: საქონლის თავისუფალი გადაადგილებამომზადების გარკვეული დონე
თავი 2: მუშახელის თავისუფალი გადაადგილებამომზადების ადრეული დონე
თავი 3: დაფუძნების უფლება და სერვისების მიწოდების თავისუფლებაზომიერად მომზადებული
თავი 4: კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებაზომიერად მომზადებული
თავი 6: მეწარმეობის შესახებ კანონმდებლობამომზადების გარკვეული დონე
თავი 7: ინტელექტუალური საკუთრების  დაცვის შესახებ კანონმდებლობამომზადების გარკვეული დონე
თავი 8: კონკურენციის პოლიტიკამომზადების ადრეულ დონესა და მომზადების გარკვეულ დონეს შორის
თავი 9: ფინანსური სერვისებიმომზადების გარკვეული დონე
თავი 28: მომხმარებელთა და ჯანმრთელობის დაცვამომზადების გარკვეული დონე
თავი 10: ციფრული ტრანსფორმაცია და მედიამომზადების გარკვეული დონე
თავი 16: გადასახადებიმომზადების გარკვეულ დონესა და ზომიერად მომზადებულს შორის
თავი 17: ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკაზომიერად მომზადებული
თავი 19: სოციალური პოლიტიკა და დასაქმებამომზადების გარკვეული დონე
თავი 20: საწარმოების და ინდუსტრიული პოლიტიკაზომიერად მომზადებული
თავი 25: მეცნიერება და კვლევაზომიერად მომზადებული
თავი 26: განათლება და კულტურაზომიერად მომზადებული
თავი 29: საბაჟო კავშირიზომიერად მომზადებული
თავი 14: ტრანსპორტის პოლიტიკამომზადების გარკვეული დონე
თავი 15: ენერგეტიკამომზადების გარკვეული დონე
თავი 21: ტრანს-ევროპული ქსელებიმომზადების გარკვეული დონე
თავი 27: გარემო და კლიმატის ცვლილებამომზადების ადრეული დონე
თავი 11: სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარებამომზადების ადრეული დონე
თავი 12: სურსათის უვნებლობა, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკამომზადების გარკვეული დონე
თავი 13: თევზის რეწვამომზადების გარკვეული დონე
თავი 22: რეგიონული პოლიტიკა და სტრუქტურული ინსტრუმენტების კოორდინაციამომზადების ადრეულ დონესა და მომზადების გარკვეულ დონეს შორის
თავი 33: ფინანსური და საბიუჯეტო დებულებებიმომზადების ადრეული დონე
თავი 30: საგარეო ურთიერთობებიზომიერად მომზადებული
თავი 31: საგარეო, უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკაზომიერად მომზადებული

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button