„მძიმე დარღვევების“ მოტივით, სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს
სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“ განაცხადა, რომ მან 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 417 305-ს შეადგენს.
მათი ცნობით, საჩივრები დაიწერა უბნებზე იდენტიფიცირებული ისეთი ხასიათის მძიმე დარღვევების შესახებ, რომლებიც უხეშად არღვევდა არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს – ხმის მიცემის ფარულობასა და ნების თავისუფალ გამოხატვას.
ეს ოლქებია:
1. ბათუმში მოთხოვნილია – 33 უბნის შედეგების ბათილად ცნობა;
2. მარნეული – 32 უბანი;
3. გარდაბანი – 27 უბანი;
4. ქუთაისი – 17 უბანი;
5. გორი – 15 უბანი;
6. თელავი – 15 უბანი;
7. ბოლნისი – 11 უბანი;
8. ქობულეთი – 8 უბანი;
9. ლაგოდეხი – 8 უბანი;
10. გურჯაანი – 8 უბანი;
11. კასპი – 8 უბანი;
12. ახალციხე – 7 უბანი;
13. დედოფლისწყარო – 6 უბანი;
14. მცხეთა – 7 უბანი;
15. ქარელი – 7 უბანი;
16. საგარეჯო – 6 უბანი.
17. სიღნაღი – 5 უბანი;
18. ზუგდიდი – 4 უბანი;
19. ხაშური – 4 უბანი;
20. სენაკი – 3 უბანი;
21. ხობი – 1 უბანი;
22. ყვარელი – 2 უბანი;
23. ახმეტა – 2 უბანი;
24. ბორჯომი – 2 უბანი;
25. წალკა – 2 უბანი;
26. ადიგენი – 2 უბანი;
27. დუშეთი – 2 უბანი;
28. ახალქალაქი – 1 უბანი;
29. დმანისი – 1 უბანი;
„როგორც არაერთგზის აღვნიშნეთ, არჩევნების დღეს ჩვენი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ იქნა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის/განმეორებით ხმის მიცემის, მარკირების შეუმოწმებლობისა და მარკირების გარეშე ხმის მიცემის, უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის, დაკვირვების განხორციელებაში (განსაკუთრებით ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვებაზე) ხელის შეშლისა და შეუძლებლობის, უბანზე არაუფლებამოსილი აგრესიული პირების ყოფნისა და კომისიის წევრების მხრიდან აგიტაციის ასობით ფაქტი”, – განაცხადა მისიის წარმომადგენელი ლონდა თოლორაიამ.
სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ დამკვირვებლები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს მუდმივ რეჟიმში აკვირდებოდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 1 131 საარჩევნო უბანზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)