„ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიის პირველი ოცეული დაასახელა
„ქართულმა ოცნებამ“ 10 სექტემბერს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის სათავეში პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია, ხოლო მის შემადგენლობაში მოქმედი დეპუტატები, ოფიციალური პირები, ასევე ოლიმპიური ჩემპიონები და ახალი სახეები არიან.
სიის მეორე ნომერი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა. შემდეგ მოდიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიდა უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
სიაში მხოლოდ ხუთი ქალი კანდიდატია, ისევე როგორც წინა საარჩევნო სიაში. მმართველი პარტიის სიაში ასევე შედის ორი ოლიმპიური ჩემპიონი და რამდენიმე ახალი სახე ბიზნესისა და ხელოვნების სფეროებიდან. „ქართული ოცნების“ ოცეულს შორის „ხალხის ძალის“ ორი წევრიცაა.
წინა საარჩევნო სიიდან „ქართული ოცნების“ ახალ სიაში მხოლო შვიდი კანდიდატი მოხვდა.
„უნდა გვახსოვდეს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები. ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს, თუ მშვიდობას, ირჩევს საზოგადოების მორალურ გადაგვარებას, თუ ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს, თუ საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რაც საქართველოში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის გამარჯვებას ნიშნავს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სიის წარდგენის შემდეგ
„ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეული ასეთია:
- ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე
- ირაკლი კობახიძე, მოქმედი პრემიერ-მინისტრი
- ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი
- შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე
- მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი
- თეა წულუკიანი, მოქმედი კულტურის მინისტრი
- ლაშა ტალახაძე, ძალოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი
- ვახტანგ თურნავა, ბიზნესმენი
- მაკა ბოჭორიშვილი, მოქმედი დეპუტატი, პარლამენტის ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
- გენო პეტრიაშვილი, მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი
- სოზარ სუბარი, მოქმედი დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის ძალის“ წევრი
- მარიამ ქვრივიშვილი, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, ყოფილი დეპუტატი
- ანრი ოხანაშვილი, მოქმედი დეპუტატი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
- ნიკოლოზ სამხარაძე, მოქმედი დეპუტატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- ეკა ჭიჭინაძე, ქალ ხელოვანთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
- შოთა ბერეკაშვილი, ბიზნესმენი, BK Construction-ის დამფუძნებელი
- ლევან მახაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი
- მიხეილ ყაველაშვილი, მოქმედი დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის ძალის“ წევრი
- გიორგი გაბუნია, იურისტი და მომღერალი
- ლიკა შარტავა, საჯარო მოხელე, ფსიქოლოგი, ეროვნული გმირის ჟიული შარტავას შვილიშვილი
26 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები პირველ, სრულად პროპორციულ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული არჩევნები ბოლო ათწლეულის მანძილზე, რომელსაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთსა და ევროპას შორის „რეფერენდუმი“ უწოდა. პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.
„ქართული ოცნება“ პირველი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც გადამწყვეტი კენჭისყრის წინ თავისი პირველი ოცეული წარადგინა.
ასევე წაიკითხეთ:
- 10/09/2020 – „ქართული ოცნება“ პროპორციული სიის პირველ ოცეულს ასახელებს
- 09/09/2016 – ქართული ოცნების საარჩევნო სია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)