
პრეზიდენტი პროკურატურას აკრიტიკებს და არჩევნების გაყალბების დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს
მას შემდეგ რაც პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების სავარაუდო გაყალბების თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ „პროკურატურას ვურჩევდი, სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და მოეშვას პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას“.
მან უთხრა პროკურატურას, რომ ის ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე, „თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას“. პრეზიდენტის თქმით, მისი დაბარება პროკურატურაში უცნაურად დაემთხვა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ „საქართველოს მარიონეტმა პრეზიდენტმა უარი თქვა არჩევნების შედეგების ცნობაზე და გადატრიალების მოწოდებით კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა. ასეთ შემთხვევებში სტანდარტული პრაქტიკაა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრება“.
„მივმართავ პროკურატურას, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებებს… ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს რაღაც აშკარად პოლიტიკური პროცესები, რომელიც, სხვათა შორის, არ ვიცი, როგორ დავარქვა, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს. არ ვიცი, ვინ ასრულებს და ვინ – არა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ასევე წარმოადგინა სხვადასხვა ვიდეოკადრები, სადაც არჩევნების დღეს გამოვლენილი დარღვევები იყო ასახული. „აგერ არის პირდაპირი კადრები… ეს არის კადრები, რომელსაც არც ახსნა სჭირდება, არც – განმარტება“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „პირდაპირ იკითხება, რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები“.
„პროკურატურა თურმე ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს“, – განაგრძო პრეზიდენტმა. „მე ვიცოდი, რომ, საერთოდ, პირიქით იყო, საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები… ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება“.
„ასე რომ, პროკურატურას ვურჩევდი, სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და მოეშვას პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას… პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„ყველამ შეამჩნია იმ დღეს და მტკიცებულებების მოგროვებაში არიან ჩართული, პრაქტიკულად, მოქალაქეები, სადამკვირვებლო მისიები, არასამთავრობოები, უზარმაზარი მასალა არსებობს უკვე და ცესკო-ს დისკრედიტაცია შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ იმ ფაქტების დადასტურებას, იმ სისტემური დარღვევების და გაყალბების დადასტურებას, რომელიც სწორედ ევალება პროკურატურას ან საერთაშორისო გამოძიებას“, – აღნიშნა მან. „ხალხისგან და ორგანიზაციებისგან შეგროვილი მასალა, რომელსაც, როგორც ჩანს, არც ეცნობა პროკურატურა, ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა მრავალფეროვან, მასშტაბურ გაყალბებას, რომელმაც მოიცვა, პრაქტიკულად, ყველა ცნობილი თუ უცნობი, ყველა შესაძლო გაყალბების მეთოდი და ფორმა“.
პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა დღის ერთ-ერთ აქტუალურ თემას, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გააჟღერა და რომელიც იმ ფაქტს ეხებოდა, რომ ბიულეტენებზე მონიშნული პარტიები უკანა გვერდზე ჩანდა, რითიც კენჭისყრის ფარულობა მასობრივად დაირღვა. „ცესკო-ს უნდა შეეცვალა ეს ფურცლები, რაც არ გააკეთა და ალბათ ამისთვის ცესკო-ც უნდა ყოფილიყო დაბარებული. არ ვიცი, ეს ჩემი საქმე ნაკლებად არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
This post is also available in: English Русский