skip to content
ახალი ამბები

მოსამართლე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას ადასტურებს, რაც მნიშვნელოვანი პრეცედენტია

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ დაადასტურა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა. ეს გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანი პრეცედენტი გახდა, 30 უბნის შედეგებს ბათილად ცნობს.

ვლადიმერ ხუჭუა პირველი მოსამართლეა, რომელმაც დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) სარჩელი იმის თაობაზე, რომ არჩევნების დროს ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა, ვინაიდან ბიულეტენები იმდენად თხელი იყო, რომ შესაძლებელი იყო ქაღალდის მეორე მხარეს დანახვა, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.

საიას ინფორმაციით, სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატრა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მოტივით, საია ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონულილ წესით ჩატარდა და ასეთი სულ 2263 უბანი და ხმების აბსოლუტური უმრავლესობაა. ამ რაოდენობის ხმების გაბათილების შემთხვევაში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„საია მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას დემოკრატიული საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ბიულეტენის ბოლოში „ქართული ოცნება“ იყო განთავსებული 41-ე ნომრით, ხოლო რამდენიმე ოპოზიციური პარტია, კერძოდ, მე-4, მე-5 და მე-9 ნომრებით ზევით, 25-ე ნომერი კი ბიულეტენის შუაში. დამკვირვებლების და რიგითი მოქალაქეების თქმით, ქაღალდის მეორე მხარეს მარკერის მელანი ნათლად მიუთითებდა, ვის აძლევდა ამომრჩეველი ხმას, ოპოზიციას თუ მმართველ პარტიას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button