skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე დებატები გაიმართა

საქართველოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და არჩევნების შემდგომი მოვლენები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიის გახსნის დღეს, 27 იანვარს, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ზოგიერთმა დეპუტატმა ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

იულიან ბულაიმ, რუმინელმა დეპუტატმა და ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის (ALDE) ლიდერმა, PACE-ს ანგარიში წარმოადგინა საქართველოს არჩევნების შესახებ, რომელიც გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. ანგარიშზე დაყრდნობით, ბულაიმ განაცხადა, რომ დოკუმენტში გამოვლენილმა დარღვევებმა „მნიშვნელოვნად შელახა საარჩევნო პროცესის სამართლიანობა და ნდობა მისი შედეგების მიმართ, ასევე ეჭვქვეშ დააყენა მისი შედეგების ლეგიტიმურობა“.

ბულაიმ არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს და, კერძოდ, ნოემბრის შემდგომ მოვლენებს „საგანგაშო“ უწოდა, და ამის მიზეზად ევროკავშირის გზიდან გადახვევის თაობაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილება და დემონსტრანტების მიმართ პოლიციის სისასტიკე დაასახელა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ იმის გამო აპატიმრებენ, რომ ისინი ევროპული კურსიდან გადახვევას ეწინააღმდეგებიან. ბულაიმ დასძინა, რომ ანგარიშის დასკვნები და რეკომენდაციები „ახლა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე“.

განაცხადა რა, რომ საქართველო ავტოკრატიისკენ მიდის, ბულაიმ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, PACE-ს ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ განვითარებული მოვლენები „დიდი კითხვის ნიშნის“ ქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას. მან მოუწოდა ასამბლეას „უბიძგოს“ საქართველოს ხელისუფლებას, ახალი არჩევნებისთვის იმუშაოს, რათა თავის „მმართველობას მეტი ლეგიტიმაცია შესძინოს“.

ზანდა კალნინალუკაშევიცამ, ლატვიელმა დეპუტატმა და ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარემ, წარმოადგინა ანგარიში 2024 წელს ასამბლეის მონიტორინგის პროცედურის შესახებ, რომლის ნაწილი საქართველოსაც ეხება. მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში საქართველოში ვითარება „სერიოზულად გაუარესდა“.

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა და სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების (SDP) ლიდერმა ფრანკ შვაბემ განაცხადა, რომ საქართველოში, როგორც ჩანს, ყველაფერი არასწორი მიმართულებით მიდის. მისი თქმით, „სწორი“ იყო, რომ ქართული დელეგაციის უფლებამოსილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ჟოლტ ნემეტმა, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის წევრმა და ევროპული კონსერვატიული ჯგუფისა და დემოკრატიული ალიანსის (EC/DA) წევრმა, ეჭვქვეშ დააყენა ქართული დელეგაციის უფლებამოსილებების გასაჩივრების საკითხი და განაცხადა, რომ საქართველო იმყოფება „ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში“. მან მეზობელი რუსეთის ფაქტორზე მიუთითა.

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი და ერთიანი ევროპული მემარცხენე ჯგუფის წევრი ანდრეი ჰუნკო აცხადებს, რომ ოქტომბრის არჩევნები საქართველოში არაფრით განსხვავდებოდა წარსულში ჩატარებული სხვა არჩევნებისგან და რომ იგი მხარს უჭერს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს.

ასამბლეაზე ასევე სიტყვით გამოვიდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროსაბჭოში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი. მისი მტკიცებით, არჩევნები არ გაყალბებულა და „ხალხს უბრალოდ შედეგები არ მოსწონს”. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირს არ დაუწყია გაწევრიანების მოლაპარაკებები საქართველოსთან და ქართული ოცნებას „არ შეუწყვეტია მოლაპარაკებები“. „ჩვენ მხოლოდ დიალოგს ვითხოვთ, მაგრამ, სამწუხაროდ, აქამდე დისკუსია არ ყოფილა“, – დასძინა მან.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში მიმდინარეობს და 31 იანვრამდე გაგრძელდება. ასამბლეამ უკვე გაასაჩივრა ქართული დელეგაციის უფლებამოსილება. გადაწყვეტილებას მოხდება თუ არა ქართული დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება ასამბლეა 29 იანვარს მიიღებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button