skip to content
ახალი ამბები

კოალიციამ „ძლიერი საქართველო“ საარჩევნო სიის ნაწილი წარმოადგინა

კოალიციამ „ძლიერი საქართველო“, რომელსაც პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ხელმძღვანელობს და რომელიც ოთხ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს, ოქტომბრის არჩევნებისთვის დეპუტატობის კანდიდატთა პარტიული სია წარმოადგინა. პარტიულ სიაში წარმოდგენილნი არიან ცნობილი პოლიტიკოსები და აკადემიური წრეების წარმომადგენლების უჩვეულოდ მაღალი რაოდენობა.

სიის სათავეში ყოფილი ბიზნესმენი და პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეა. შემდეგ მოდიან ანა დოლიძე, რომელიც პარტია „ხალხისთვის“ ლიდერია; „ლელოს“ კიდევ ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე და ამავე პარტიიდან მოქმედი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი. სიაში მეხუთე ადგილზეა ლევან ცუცქირიძე, სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში გადავიდა და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დააარსა.

„ერთი რამ უნდა ითქვას, რომ უკვე ალბათ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ დოქტორებისა და პროფესორების რაოდენობით პარტიულ სიაში“, – იხუმრა ანა დოლიძემ 26 სექტემბერს მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას.

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ოთხ ოპოზიციურ ძალას აერთიანებს და ესენი არიან: „ლელო საქართველოსთვის“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ და ლევან ცუცქირიძის „თავისუფლების მოედანი“.

სიის სათავეში ძირითადად „ლელოს“ წევრები არიან. პირველი ათეულიდან ოთხი და ოცეულიდან ცხრა ქალია.

25 სექტემბერს „ძლიერმა საქართველომ“ კოალიციის წევრად საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც წარადგინა, თუმცა მარგველაშვილი პარტიულ  სიაში არ ფიგურირებს.

ქვემოთ მოცემულია კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი 26 წევრი:

  1. მამუკა ხაზარაძე, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი ბიზნესმენი
  2. ანა დოლიძე, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, იურისტი
  3. ბადრი ჯაფარიძე, ყოფილი დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი
  4. ანა ნაცვლიშვილი, მოქმედი დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“
  5. ლევან ცუცქირიძე, „თავისუფლების მოედნის“ ლიდერი, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი
  6. ირაკლი კუპრაძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, „ლელო საქართველოსთვის“
  7. ქეთევან თურაზაშვილი, მოქმედი დეპუტატი, პარტია „მოქალაქეები“
  8. საბა ბუაძე, თბილისის საკრებულოს წევრი, „ლელო საქართველოსთვის“
  9. სალომე სამადაშვილი, მოქმედი დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“
  10. დავით რაქვიაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი
  11. თამარ ლალიაშვილი, იურისტი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე
  12. გრიგოლ გეგელია, პროფესორი, „ლელო საქართველოსთვის“
  13. ლევან სამუშია, იურისტი, „ლელო საქართველოსთვის“
  14. ფიქრია ჩიხრაძე, ყოფილი დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“
  15. გიორგი უშიკიშვილი, ფოლკლორისტი
  16. ვახტანგ სურგულაძე, ექიმი, თბილისის საკრებულოს წევრი, „ლელო საქართველოსთვის“
  17. ლანა გალდავა, პროფესორი
  18. მაკა ნუცუბიძე, იურისტი, პროფესორი
  19. მედეა მეტრეველი, ფილოლოგი, წიგნის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი
  20. ალეკო ელისაშვილი, პარტია „მოქალაქეების“  ლიდერი
  21. ბაკურ კვაშილავა, პოლიტოლოგი, GIPA-ს დეკანი
  22. აგილ მუსტაფაევი, იურისტი, „ლელო საქართველოსთვის“
  23. ირაკლი ქობალია, მკვლევარი, „თავისუფლების მოედნის“ თანადამფუძნებელი
  24. ირაკლი ბუცინაშვილი, აქტივისტი
  25. გიორგი რეხვიაშვილი, იურისტი, პარტია „მოქალაქეები“
  26. ოთო ფარულავა, „ლელო საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი

26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები პირველ სრულად პროპორციულ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button