skip to content
ახალი ამბები

ცესკო: საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 26 სექტემბერს განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება. ცესკო-ს ინფორმაციით, გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე იქნა მიღებული იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მეტი საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვდნენ.

ცესკო-მ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. „მათ შორის საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არცერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა“, – განაცხადა ცესკო-მ.

ცესკო-მ განმარტა, რომ კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. „სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს.  მათ შორის არც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში გამოგზავნილი წერილის საფუძველზე საარჩევნო უბნის გახსნას“, – განაცხადა ცესკო-მ.

„აქედან გამომდინარე საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია დაინტერესებული პირების მხრიდან აღნიშნული თემით მანიპულირება და საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბების მცდელობა“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

ცესკო-მ აღნიშნა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. „იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, დროულად გაიარონ შესაბამისი პროცედურები. არჩევნებში ჩართულ მხარეებს კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ნუ შეიყვანენ ამომრჩევლებს შეცდომაში და ხელი შეუწყონ ჯანსაღ საარჩევნო გარემოს. არჩევნები საერთო საქმეა და საარჩევნო პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად, ყველა ჩართული მხარის ვალია“, – დასძენს ცესკო.

საზღვარგარეთ მეტი საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი მთელი წლის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იყო. ცესკოს გუშინდელ სხდომამდე ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კომისიისთვის მიწოდებულ მონაცემებში არსებულ ხარვეზზე მიუთითა. მან აღნიშნა, რომ „აგვისტოს დასაწყისში 67 000 საარჩევნო ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე იდგა საკონსულო აღრიცხვაზე. დღეს კი ცესკო აცხადებს, რომ საგარეომ  მხოლოდ 65 000 ამომრჩევლის სია გადასცა“.  

ამ ბრალდებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის უფლება აქვთ არა მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, არამედ საქართველოს არასრულწლოვან მოქალაქეებს, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებს და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებსაც, რომლებიც არ შედიან საარჩევნო უფლების მქონე პირთა კატეგორიაში. „შესაბამისად, ვებ-გვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი (128000 პირი) მოიცავს ყველა ამ კატეგორიის ადამიანს 2015 წლიდან“, – აღნიშნა საგარეო უწყებამ.

„სამწუხაროა, რომ საარჩევნო პროცედურების და წესების შესახებ მოსახლეობის ობიექტური ინფორმირების ნაცვლად, ცალკეული პირები განაგრძობენ ამ თემით მანიპულირებას და შეცდომაში შეჰყავთ ჩვენი თანამემამულეები“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზგასმით აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა სუბიექტი მოქალაქეებს სთავაზობს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მომსახურებას და მათ შორის, შეცდომაში შეჰყავთ ისინი, რომ თითქოს საკონსულო აღრიცხვაზე გამარტივებული დადგომა შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო მომსახურების პორტალის გვერდის ავლით. „აღნიშნული სუბიექტების მიერ მსგავსი სახის მომსახურების გაწევისას ვლინდება მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის, ხშირია შემთხვევები, როდესაც მომსახურების სტატისტიკის გაზრდის მიზნით, მსგავსი სუბიექტები აგზავნიან ერთი და იგივე პირის მონაცემებს. ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც რიგი მათგანი არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იყენებს თანამემამულეთა პირად მონაცემს“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. „საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა გამარტივებული ფორმით შესაძლებელია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge-ს მეშვეობით. გამარტივებული ფორმით განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, ვებ-გვერდი ავტომატურად აგზავნის განცხადების რეგისტრაციის შესახებ შეტყობინებას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button