skip to content
ახალი ამბები

საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომ გაუარესებაზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა

22 იანვარს გამართული  დებატების  დროს, ევროპარლამენტმა საქართველოში გაუარესებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელა. ძირითადი ევროპული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა „ქართული ოცნება“ მისი ქმედებების, 26 ოქტომბრის არჩევნებისა და დემონსტრანტების მიმართ რეპრესიების გამო გააკრიტიკეს.

დებატები ევროკომისარმა საშინაო საქმეთა და მიგრაციის საკითხებში მაგნუს ბრუნერმა გახსნა და განაცხადა, რომ „ძალადობა და სიძულვილის ენის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ, საჯარო მოხელეების გათავისუფლება და სალომე ზურაბიშვილის მიმართ მუქარა სრულიად მიუღებელია“. ბრუნერმა ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება იმ ქმედებებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა უნდა ახორციელებდეს.

„ევროკავშირი კვლავ სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სწრაფი ზომები მიიღოს დაძაბულობის დეესკალაციისთვის“, – განაცხადა ბრუნერმა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ყველა „უსამართლოდ დაკავებული“ მომიტინგის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ძალადობრივი ქმედებები გამოძიებულ უნდა იქნას, ხოლო უკანონო ქმედებებშში მონაწილე სამართალდამცველებმა პასუხი უნდა აგონ.

მან ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, კონსტრუქციული დიალოგი დაიწყოს ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ასევე მხედველობაში მიიღოს „ქართული საზოგადოების მოწოდებას ახალი არჩევნების შესაძლებლობის შესახებ“.

ბრუნერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკვე შეამცირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან კონტაქტები და შეაჩერა მთავრობისთვის 120 მილიონიანი პირდაპირი დახმარება. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით დგას და „8.5 მილიონი უკვე გადამისამართდა“ ამ მიმართულებით და რომ ისინი მზად არიან გააგრძელონ მხარდაჭერა საქართველოსთვის ამ კრიტიკულ მომენტში. „27 იანვარს, ევროპული საბჭოს მოახლოებულ სესიაზე გაგრძელდება წევრი ქვეყნების დისკუსია საქართველოს შესახებ“, – დაასრულა მან თავისი შესავალი სიტყვა.

ბრუნერის შემდეგ, ევროპარლამენტარების დებატები 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ (EPP ჯგუფი) მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებო და ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. „მაშინ როცა ქართველები თავიანთი ევროპული გზისთვის იბრძვიან, ჩვენი ვალია მკაფიოდ გამოვხატოთ მხარდაჭერა“, – განაცხადა მან. „ქართველი ხალხის ერთადერთი ჭეშმარიტი და ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთადერთი აღიარებული თანამდებობის პირი არის სალომე ზურაბიშვილი“, – ხაზგასმით აღნიშნა იუკნევიჩიენემ და მოუწოდა ევროკავშირს, თავი შეიკავოს საქართველოს „თვითდანიშნული ქართული ოცნების ხელისუფლების“ ლეგიტიმაციისგან. მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერზე და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ და განაცხადა, რომ ის „სასტიკად სცემეს“. იგი ასევე შეეხო „ნეტგაზეთი/ბათუმელების“ დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების თემას. „ევროპამ ამას პასუხისმგებელი პირების, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებით უნდა უპასუხოს. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი, დამოუკიდებელი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ყოველგვარი შეფერხების გარეშე“, – დასძინა მან.

გახარიას თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით, გერმანელმა ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა (S&D) განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლების რეპრესიებისგან არავინაა დაცული, მათ შორის არც ყოფილი პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, მან შეაქო ქართველები მათი გამძლეობისა და დაშინებაზე უარის თქმისთვის. კრემერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „პანიკაშია“ და სანამ პუტინი საქართველოს კოლონიზაციას ცდილობს, „ჯერ კიდევ არის დრო ქართული კოშმარის დასასრულებლად“. მისი თქმით, „ქართველებს უნდა მიეცეთ შანსი გამოხატონ თავიანთი აზრი ახალ და სამართლიან არჩევნებზე“.

ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ (პატრიოტები ევროპისთვის), რომელიც მარინ ლე პენის რუსეთისკენ მიდრეკილი პარტიის წევრია, ევროკავშირს რამდენიმე ბრალდება წაუყენა. „რატომ უნდა ვიმოქმედოთ სუვერენული ხალხის დემოკრატიულ გადაწყვეტილებაზე? ჩვენ გვჭირდება ურთიერთპატივისცემა ერებს შორის. საქართველოში ძალაუფლება სწორედ ხალხს აქვს“, – განაცხადა მარიანიმ. მან ასევე დასძინა, რომ ბრიუსელი თბილისში „ქაოსის“ დამკვიდრებას ცდილობს. „საქართველო არ იქნება ბრიუსელის კოლონია“, – განაცხადა მან.

მარიანის განწყობა გაიზიარა სლოვაკმა ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშმა. „როგორ შეიძლება ხელისუფლება პრორუსულად ჩაითვალოს, როცა ის უარს ამბობს მიიღოს თავისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, მოითხოვს რუსული ჯარების გაყვანას და იბრძვის ტერიტორიული მთლიანობისთვის? იკითხა ონდრუშმა. მისი თქმით, არსებული ვითარება საქართველოს რეალობის უგულებელყოფიდან და ევროპის უპრეცედენტო პოლიტიკური ჩარევიდან გამომდინარეობს. „საქართველოს ხელისუფლების პოზიციის შეცვლა ბოლო ორი წლის განმავლობაში არის პასუხი ევროპის უსამართლო ზეწოლაზე“, – დასძინა მან.

პოლონელმა ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოსიევსკამ (ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი) განაცხადა: „საქართველო კრიტიკულ ეტაპზეა: ევროპული ღირებულებები თუ კრემლის კრიმინალური რეჟიმის ტრიუმფი“. მან მოუწოდა ევროპარლამენტს, რომ გადამწყვეტი ზომები მიიღოს, მათ შორის სანქციები დაუწესოს „ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს“, ქართული ოცნების ხელისუფლების იზოლაცია მოახდინოს, ასევე მხარი დაუჭიროს თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ევროპარლამენტარმა „პოლიტპატიმრების“, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მოქმედების დროა, გადაწყვეტილების მიღების დროა“, – დასძინა მან.

ფრანგმა ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ მწვავედ გააკრიტიკა ევროკავშირის მიდგომა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მიმართ. მისი თქმით, ევროკავშირი ცოტას აკეთებს საქართველოში მომიტინგეების დასახმარებლად, რომლებიც ჯიუტად იბრძვიან ევროპული მომავლისთვის. მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური და მოუწოდა კომისარს ეს პოზიცია ხმამაღლა გააჟღეროს. „ის, რაც საქართველოში ხდება, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კავკასიისთვის, შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და ჩვენთვის. ანგარიში ასეთია: პუტინი – 1, ევროპა – 0. თამაში ჯერ არ დასრულებულა; ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ წავაგოთ!“

ჰოლანდიელმა ევროპარლამენტარმა რაინიე ვან ლანშოტმა (ევროპის თავისუფალი ალიანსი) საქართველოში პოლიტიკური არეულობის საპასუხოდ ევროკავშირს გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. „გარეთ ცივა, ამიტომ წარმოიდგინეთ გარეთ გასვლა და იქ დგომა მომდევნო 6 საათის განმავლობაში. შენ კანკალებ, მუცელი გიღმუის და გეშინია, რომ პოლიციამ შეიძლება უმიზეზოდ გცემოს“, – განაცხადა მან. „სახლში დივანზე ჯდომა ბევრად უკეთესი იქნებოდა, მაგრამ თქვენ ბოლო 55 დღის განმავლობაში იქ ხართ, რადგან გინდათ, რომ თქვენს ქვეყანაში არ იყოს დიქტატურა, გინდათ, რომ თქვენს ქვეყანას ჰქონდეს დემოკრატია და თავისუფლება, გინდათ, რომ თქვენი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს“. შემდეგ მან ევროკომისიას მიმართა: „რას ელოდებით? საქართველოს სჭირდება ჩვენი დახმარება. გაემგზავრეთ თბილისში, მხარი დაუჭირეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს და მსურველებთან ერთად აღასრულეთ რეალური სანქციები“.

გერმანელმა ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს „სახელმწიფო გადატრიალებას თბილისში“ და რომ ქართველ ხალხს სურს ქრისტიანული ღირებულებები. მან გაიმეორა „ქართული ოცნების“ პარტიის გზავნილი ომის შესახებ და განაცხადა, რომ „საქართველო არ უნდა გახდეს მეორე უკრაინა“.

პოლონელმა ევროპარლამენტარმა მიხალ ვავრიკიევიჩმა (ქრისტიან-დემოკრატები) თავისი გამოსვლა მზია ამაღლობელის მიერ გამოქვეყნებული წერილის ციტირებით დაიწყო. „ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა – ეს მნიშვნელოვანი სიტყვები გაბედულ ქართველ ჟურნალისტს, ქალბატონ მზია ამაღლობელს ეკუთვნის, რომელმაც შეგვახსენა, რა მძიმე მდგომარეობაა საქართველოში“. ევროპარლამენტარმა ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა იმით, რომ განაცხადა: „დღეს მე ქართველი ვარ“. „ჩვენ უნდა დავაწესოთ უფრო მკაცრი სანქციები და მხარი დავუჭიროთ თავისუფალ მედიას, ისევე როგორც მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვიან“, – განაცხადა მან.

ლატვიელმა ევროპარლამენტარმა რიჰარდს კოლსმა (ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი) საქართველოში არსებული ვითარება შეაფასა როგორც სწრაფად გაუარესებადი და განაცხადა: „ქართული კოშმარის პარტიამ უარი თქვა ყველა აღებულ ვალდებულებაზე“.

ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა ჰელმუტ ბრანდშტეტერმა კოლსის პოზიცია გაიზიარა. მან ხაზი გაუსვა სიტუაციის სერიოზულობას და განაცხადა: „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის არ დარჩება მოსკოვის კრიმინალების ხელში”. მან საქართველოს „უძველესი ევროპული ქვეყანა“ უწოდა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს.

გერმანელმა ევროპარლამენტარმა სერგი ლაგოდინსკიმ ისაუბრა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე, რომელიც „სისხლიან მაიდანსა“ და ქუჩის ძალადობას ეხებოდა. „ჩვენ, ბევრი ჩვენგანი თბილისის ქუჩებში ვიყავით, ვაკეთებდით თქვენს საქმეს, სანამ თქვენ ჯერ კიდევ აქ ისხედით“, – განაცხადა ლაგოდინსკიმ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოიყენა სრული ძალაუფლება ჟურნალისტებზე, მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ოპოზიციის წევრებზე, მათ შორის გიორგი გახარიაზე თავდასხმისთვის.

ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა რეინოლდ ლოპატკამ (ქრისტიან-დემოკრატები) დებატებისას განაცხადა, რომ ის პირადად აკვირდებოდა 26 ოქტომბრის არჩევნებს საქართველოში და იხილა მნიშვნელოვანი დარღვევები, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება და ოპოზიციაზე თავდასხმა. მან განაცხადა, რომ 45-ზე მეტი ქვეყნის არჩევნებს აკვირდებოდა და „ეს ჩემთვის ახალი იყო“.

კიდევ ერთმა ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა მიხალ შჩერბამ (ქრისტიან-დემოკრატები) საქართველოში მის ბოლო ვიზიტზე ისაუბრა, რა დროსაც აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მოიპარეს. „საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი პრეზიდენტი ზურაბიშვილია“, – აღნიშნა მან. შჩერბამ  კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ბიძინა ივანიშვილსა და მმართველი პარტიის სხვა ოფიციალურ პირებს, აქტივების გაყინვის ჩათვლით. „ჩვენ გვჭირდება მოქმედება და არა მხოლოდ საუბარი,” – განაცხადა მან. „საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ ის გვჭირდება“.

ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა ლუკას მანდლმა (ქრისტიან-დემოკრატები) და ლიეტუველმა ვიტენის პოვილას ანდრიუკაიტისმა (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი) ღრმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ევროკავშირს უფრო სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდეს.  მანდლმა განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ საქართველოს იმედები „კოშმარად“ აქცია. იმავდროულად, ანდრიუკაიტისმა აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობა ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ევროკომისიას კრიზისის მოგვარების საქმეში გააქტიურებისკენ მოუწოდა.

დებატები მაგნუს ბრუნერის დასკვნითი განცხადებით დასრულდა. მან განაცხადა, რომ ევროკავშირი არ მიატოვებს საქართველოს დემოკრატიისთვის ბრძოლაში და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას ქვეყანაში. გაიმეორა რა ევროკავშირის სოლიდარობის პოზიცია ქართველი ხალხის მიმართ, მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეუთო/ოდირის  რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა. „ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ გაგრძელდება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ კენჭისყრა საქართველოსთან მიმართებით გასატარებელ ზომებზე თებერვლის სხდომაზე გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)