skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებს არ ცნობს

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს ოპოზიციურ პარტიებთან გამართული ინტენსიური კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ იგი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს.  

მან მადლობა გადაუხადა ყველა ამომრჩეველს, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს მისცა ხმა: „თქვენ იყავით ძალიან ბევრი, თქვენ გაიმარჯვეთ. არავის აქვს უფლება, რომ წაგვართვას ეს ევროპული მომავალი“.

პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა დამკვირვებლებს და მედიას, რომელთაც რთულ ვითარებაში ყველაფერი გააკეთეს ხმების დასაცავად.   

„ ჩვენ მოვესწარით ძალიან უჩვეულო რამეს – ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების. გამოყენება ყველა იმ ხერხების, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყნებში თუ ამ ქვეყანაში, რაც შეიძლება გამოიყენო, რომ გააყალბო არჩევნები, პლუს ამას დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ ტექნოლოგია გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინათ გაყალბება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. „შეიძლება ითქვას, ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე“.

„ამ არჩევნების დროს წაგვართვეს არჩევანის უფლება. ჩატარდა რუსული არჩევნები, წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუტი იმიტომ, რომ ამ არჩევნების მერე, თუ არაფერი შეიცვალა,  ძალიან ძნელი წარმოსადგენია როგორი შეიძლება იყოს  ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში. წაგვართვეს არჩევნების კონსტიტუციური უფლება. ჩვენ მოქალაქეებს წაართვეს… წაართვეს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, დაარღვიეს მათი კონსტიტუციური უფლება იმით რომ არ გაიხსნა უბნები და არამხოლოდ ეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა მადლიერება გამოხატა საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომელთაც დარღვევები გამოავლიეს.

„მინდა ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში დარჩენილმა ერთადერთმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა – არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „ეს არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლისა, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში, ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს და ამას ჩვენ არ შევეგუებით ჩვენ თაობებისთვის“.

პრეზიდენტმა მოქალაქეებს 28 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა იმისთვის, რომ „გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთს – ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს და ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა და რაც მთავარია,  ჩვენი მომავალი და იმის საშუალება რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები… ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა“.

მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ქართველების გვერდით დადგნენ.

„ამ არჩევნებს ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს“, – დასძინა პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button