skip to content
ახალი ამბები

მეთიუ მილერი: აშშ-ს სურს საქართველოს არჩევნებზე სრულფასოვანი გამოძიება

28 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს და საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების სრულფსოვანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. მან არ დააკონკრეტა, რომ საგამოძიებო ორგანო ქართული უნდა იყოს, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ კონსულტაციებს აწარმოებს ევროპელ პარტნიორებთან, თუ რომელი შეიძლება იყოს შესაბამისი ორგანო ასეთი გამოძიების ჩასატარებლად.

მან ბრიფინგი საქართველოს შესახებ განცხადებით გახსნა და აღნიშნა, რომ „ქართველი ხალხი შაბათს მივიდა არჩევნებზე მმართველი პარტიის პოლიტიკით ჩამოყალიბებულ გარემოში, სადაც ადგილი ჰქონდა საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებას, ხმების მოსყიდვასა და ამომრჩეველთა დაშინების“. მისი თქმით, „ამან ხელი შეუწყო არათანაბარ პირობებს და შეარყია საზოგადოების და საერთაშორისო ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ“.

„ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს, რომ სრულფასოვნად გამოიძიონ არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ყველა ინფორმაცია და პატივი სცენ გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას“, – განაცხადა მილერმა.

გარდა ამისა, მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ავტორიტარების მიერ ნაქები პოლიტიკის გაძლიერების ნაცვლად, იმ ურთიერთობაზე იმსჯელოს, რომელიც მას ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან სურს.

მილერმა ასევე ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის 80%-ზე მეტის ნებას, რომელიც ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს კონსტიტუციას, რომლის 78-ე მუხლი ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციას ითვალისწინებს. „ყველა პარტია აწარმოებდა კამპანიას ამ მიზნის მხარდასაჭერად, მაგრამ მმართველმა პარტიამ მიიღო ზომები, რომლებიც არ შეესაბამება ამ კურსს“, – განაცხადა მან.

„საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია დაუბრუნდეს თავის დემოკრატიულ, ევროატლანტიკურ ტრაექტორიას კანონის უზენაესობის პატივისცემით, საარჩევნო პროცესში ხარვეზების აღმოფხვრით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და რეფორმების კუთხით მნიშვნელოვანი ძალისხმევის გატარებით. წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივად მოვუწოდებდით საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა თავის ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და დაბრუნებოდა ევროატლანტიკურ გზას. ჩვენ არ გამოვრიცხავთ შემდგომ ნაბიჯებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება“, – დასძინა მილერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც აშშ-ს მიერ არჩევნების გამოძიების შესახებ მოწოდებას შეეხებოდა, პრესსპიკერმა განმარტა, რომ მას არ დაუკონკრეტებია, რომ ქართულმა ორგანომ უნდა გამოიძიოს სავარაუდო გაყალბების შესახებ ცნობები. „ჩემს განცხადებაში არ დამიკონკრეტებია, რომ ეს გამოძიება ქართველმა ჩინოვნიკებმა უნდა ჩაატარონ. ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იმის შესახებ, თუ რომელი შეიძლება იყოს შესაბამისი ორგანო ასეთი გამოძიების ჩასატარებლად“, – განაცხადა მილერმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button