ბორელი: საქართველოს არჩევნები აძლიერებს ქვეყნის ევროკავშირისგან დაშორების ტენდენციას
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა და ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ 30 ოქტომბერს პრესკონფერენცია გამართეს ევროკავშირის 2024 წლის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით. ჯოზეფ ბორელმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თავისი ბოლო ქმედებებითა და საკანონმდებლო გადაწყვეტილებებით საქართველოს ხელისუფლება „ევროკავშირს დაშორდა“. მისი თქმით, გაფართოების ანგარიში წარმოადგენს გზას „ხელახალი ჩართულობისთვის“.
თავის შესავალ სიტყვაში უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „საქართველომ ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები, რომელზეც სერიოზული დარღვევები აღინიშნებოდა და ამის გამოძიება და მოგვარებაა საჭირო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გზით. მე არ ვაპირებ ამ დარღვევების სათითაოდ ჩამოთვლას, მაგრამ ასეთი დარღვევა ბევრია, ზოგიერთი მათგანი მძიმეა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნები როგორც თავისუფალი და სამართლიანი, არც პირიქით. ასე რომ, ჩვენ ვიმყოფებით იმ ზონაში, რომელიც მოითხოვს გამოძიებას, რათა გაირკვეს რა მოხდა, როგორია დარღვევების მასშტაბი და როგორ აისახა ეს შედეგებზე“.
ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნები „აძლიერებს საქართველოს ხელისუფლების იმ ტენდენციას, რომელიც ჩვენ ბოლო თვეებში ვიხილეთ და რომელიც აშორებს ქვეყანას ევროკავშირს, აშორებს მის ღირებულებებსა და პრინციპებს. ჩვენი ანგარიში მოიცავს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისთვის, თუ იქნება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება. ჩვენ ვთავაზობთ ნათელ გზას ხელახალი ჩართულობისთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“.
რაც შეეხება საქართველოსგან მოსალოდნელ სამომავლო ქმედებებს, ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა: „უცხოური გავლენის შესახებ კანონის გაუქმება, რომელსაც მსუსხავი ეფექტი აქვს სამოქალაქო საზოგადოებაზე და მედია ორგანიზაციებზე, ასევე ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმება, რადგან დისკრიმინაცია არ არის ღირებულება ჩვენს ევროპულ ოჯახში, ეს იქნება საქართველოს ხელმძღვანელობის კონკრეტული ვალდებულების პირველი ნიშნები. ძალიან მნიშვნელოვანია თვალყური ვადევნოთ იმ მოვლენებს, რომლებიც მომდევნო დღეებში განვითარდება იმ დარღვევების გამოძიებასა და გარკვევასთან დაკავშირებით, რაც სადამკვირვებლო ჯგუფების მიერ გამოვლინდა“ .
პრესკონფერენციის კითხვა-პასუხის ნაწილის დროს, უმაღლეს წარმომადგენელს თბილისში არჩევნების შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტის შესახებ ჰკითხებს, რაზეც ბორელმა უპასუხა, რომ „ეს მხოლოდ უნგრეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში მოხდა და მოგეხსენებათ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არ უშლის წევრ ქვეყნებს საკუთარი საგარეო პოლიტიკა ჰქონდეთ. და მე ვხედავ, რომ ზოგჯერ წევრ სახელმწიფოს განსხვავებული მიდგომა აქვს ერთსა და იმავე საკითხზე”.
მისი თქმით, ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია ბოლო განცხადებაში. ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოელის, რომ „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოიძიებს იმ დარღვევებს, რომლებიც გამოვლინდა … [დამკვირვებელთა] ანგარიში მოიცავს გრძელ სიას იმის შესახებ, თუ რა არ იყო კარგი, არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ წინა დღეებში. დამკვირვებლების თქმით, მთელი პროცესი გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი და პროცედურული შეუსაბამობებით, განსაკუთრებით საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ, ასევე პირადობის მოწმობების ჩამორთმევით და დაშინებით, წუხილებით იმის თაობაზე, რომ ამომრჩევლებს ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობა არ ჰქონდათ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)