
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის 28 წლით დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გიორგი ფარცვანიას დაუსწრებლად 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, რომლებიც უკრაინის მხარეს რუსეთის და სეპარატისტული ძალების წინააღმდეგ ბრძოლასთანაა დაკავშირებული, განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 12 დეკემბერს.
ფარცვანიაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
კომიტეტის ცნობით, სასამართლომ ფარცვანია დამნაშავედ ცნო დაქირავებულ მებრძოლად შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობაში, რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენაში, გადაზიდვაში, ტარებასა და შენახვაში, ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შენახვასა და გადაზიდვაში, იარაღის კონტრაბანდასა და ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში ტერორისტული აქტის ჩადენაში.
კომიტეტის ცნობით, სასჯელი მოიცავს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთას, დარჩენილი ნაწილის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდას და 2 მილიონი რუსული რუბლის ოდენობის ჯარიმას.
გამომძიებლები აცხადებენ, რომ ფარცვანიამ 2014 წლიდან 2017 წლამდე და 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის ფინანსური კომპენსაცია მიიღო.
კომიტეტმა ასევე განაცხადა, რომ 2024 წლის აგვისტოში ფარცვანიამ, რომელიც „სხვა უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში“ მოქმედებდა, უკანონოდ გადაკვეთა რუსეთის საზღვარი ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ასაფეთქებელი მოწყობილობებით. კომიტეტის მტკიცებით, რუსეთის ბელგოროდის რეგიონში მან მონაწილეობა მიიღო გრაივორონის მუნიციპალური ოლქის სოფელ პოროზზე თავდასხმაში, სადაც გამომძიებლების მტკიცებით, ის უკანონოდ შევიდა სახლებში და მძევლად აიყვანა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.
This post is also available in: English