ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ 2019 წლის „გავრილოვის ღამეს“ საქართველომ სამი უფლება დაარღვია

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 11 დეკემბერს დაადგინა, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს, „გავრილოვის ღამის“ სახელით ცნობილი საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის დროს საქართველომ სამი უფლება დაარღვია.

სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ 26 მოსარჩელიდან 24-ის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი დაარღვია, რომელიც კრძალავს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. ამასთან, მან 14 მოსარჩელის მიმართ მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა, ხოლო 11 მოსარჩელის მიმართ მე-11 მუხლის (შეკრების თავისუფლება) დარღვევა დაადგინა. რაც შეეხება სასამართლოსთან თანამშრობლობის შესახებ 38-ე მუხლს, სასამართლოს ამ მუხლის დარღვევა არ დაუდგენია.

ხუთი სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში 26-მა აქტივისტმა და ჟურნალისტმა შეიტანა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფომ ორ განმცხადებელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 75 000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო კიდევ ორს 85 000 ევრო.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველომ ყველა მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის სხვადასხვა რაოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს. ამასთან, სახელმწიფომ 22 მომჩივანს ხარჯების ასანაზღაურებლად 38 414 ევრო უნდა გადაუხადოს.   

სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას, იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ დიდმა პალატამ დღევანდელი გადაწყვეტილებით „კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმასა და შტურმს“. სამინისტროს თქმით, სასამართლომ აღნიშნა, რომ „20 ივნისის დემონსტრაციის დროს ესკალაცია და პარლამენტზე შტურმი წაახალისეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა“.

„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა და სპეციალური საშუალებები მიმართული უნდა ყოფილიყო იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთა ქმედებაც იყო ძალადობრივი. შესაბამისად, იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო ამ სტანდარტის დაცვა და პროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 (არასათანადო მოპყრობა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იმავდროულად, გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ განაცხადა, რომ დიდი პალატის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ „გახარიას მიმართ პროკურატურის ბრალდება შეთითხნილია“. „ეს არის პოლიტიკური დევნა და ეს ბრალდება დანაშაულის რეალური ავტორებისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზანს ემსახურება“, – აცხადებს პარტია.

This post is also available in: English

Back to top button