skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველი არჩევნების კომენტირებისგან თავს იკავებს

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 1 ნოემბერს პალიტრანიუსთან ინტერვიუში საქართველოში, სავარაუდოდ, გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გააჟღერა და განაცხადა, რომ მისი მანდატი არ ითვალისწინებს არჩევნებისთვის  ლეგიტიმურობის შეფასებას, არამედ ის გარკვეულ ფაქტებს იკვლევს წინასაარჩევნო გაყალბების ან კანონის დარღვევის შესახებ, რომელიც მისმა აპარატმა არჩევნების დღეს და მის შემდეგ გამოავლინა. იოსელიანმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია უარს ამბობს მასთან თანამშრომლობაზე.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა მას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, იოსელიანმა განაცხადა: „ეს კითხვა არ მიემართება სახალხო დამცველს. არც მე და არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს. ამაზე ბევრჯერ გვაქვს განცხადება გაკეთებული – ჩვენ არ ვართ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ჩვენ არ ვახორციელებდით დაკვირვებას, შესაბამისად, ლეგიტიმურია თუ არა არჩევნები, ამაზე ვერც მე, ვერც ჩემს შემდგომი, ვერც ერთი სახალხო დამცველი ამაზე ვერ იმსჯელებს“.

კითხვაზე, რატომ ელოდა ამდენი ხალხი მის განცხადებას, იოსელიანმა განმარტა, რომ ზოგ შემთხვევაში ეს იყო არაკომპეტენტურობის გამო, ზოგ შემთხვევაში ამის მიზანი ომბუდსმენის აპარატის  დისკრედიტაცია იყო: „ის ადამიანები, პოლიტიკოსები, ვინც ამას კითხულობდნენ და რა სტილითაც კითხულობდნენ, მათი მიზანი ცალსახად დისკრედიტაცია იყო. მათი მიზანი იყო, პოლიტიკურ დისკუსიაში ჩავეთრიე მე ან ჩემი აპარატი… ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ არ ვაკვირდებით არჩევნებს, ძალიან კარგად იციან, ჩვენი მანდატის ფარგლებში რასაც ვაკეთებთ“.

მისივე თქმით, მისმა უწყებამ, თავისი მანდატის ფარგლებში, გამოავლინა მედიის მიერ დაფიქსირებული 110 ინციდენტი, რომლებშიც გამოვლინდა კანონდარღვევის ნიშნები წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდეგ. მან ასევე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველს მხოლოდ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა, რომელიც დაინტერესებული იყო ამ დარღვევების გარკვევით. იოსელიანმა ასევე განაცახდა, რომ მისმა აპარატმა ყველა გამოვლენილ ფაქტზე უკვე მიმართა შესაბამის ორგანოებს და გამოძიების ეტაპზე ინფორმაციას გამოაქვეყნებს.

კითხვაზე თუ რატომ აკრიტიკებს მის აპარატს ოპოზიცია, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ ის არ ემხრობა გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს და არ აკეთებს მათთან „აბსურდულ განცხადებებს“, როგორიცაა, მაგალითად ის, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“. მისი თქმით, რეალურად შეუძლებელია ამდენი ხალხის ჩამოტარება ისე დააორგანიზო, რომ არავინ იცოდეს ამის შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ მას ეჭვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ 100 000 ადამიანს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს, რადგან მისი თქმით, ორი თვის განმავლობაში მისი აპარატი ხალხს სთხოვდა გასაჩივრებას, თუ მათ საბუთები წაართვეს და საჩივარი არავის დაუწერია.

რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერით მონიშნული ადგილი ჩანდა, რომელიც ნათლად აჩვენებდა ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა, რითიც ხმის მიცემის ფარულობა ირღვეოდა, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მისი მანდატი იმის უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომ თითოეულმა ამომრჩეველმა თავისუფლად მისცეს ხმა და გამოხატოს თავისი ნება, ზეწოლის გარეშე. მან იქვე დასძინა, რომ პროცედურული დარღვევები იყო და ამას არავინ უარყოფს.

იოსელიანმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ დაშინების/თაღლითობის/ამომრჩეველთა მოსყიდვის/ პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ მტკიცებულებების მიწოდებაზე, მიუხედავად მისი ბევრი საჯარო თუ პირადი მიმართვისა. მან მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგინონ მათ ხელთ არსებული ნებისმიერი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო არ რეაგირებს ადეკვატურად, და დაპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ საქმეების გამჭვირვალედ გამოსაძიებლად. მისი თქმით, გამოვლენილი შემთხვევები არჩევნების შესახებ მის ანგარიშში აისახება.

სახალხო დამცველი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ 4 ნოემბერს დაანონსებულ აქციას და აქციის მონაწილეთა განზრახვას კარვების გამოყენებაზე. იოსელიანის თქმით, ეს მათი გამოხატვის უფლებაა და მოუწოდა შსს-ს ხელი არ შეუშალოს ამას. სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ კარვები არ არის აქციის საბოლოო მიზანი, რაც იმას ნიშნავს, რომ კარვების არსებობა არაფერს ნიშნავს, თუ ისინი ცარიელია და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, კარვები საკუთარი აზრის სწორად გამოხატვისთვის გამოიყენონ.

სახალხო დამცველს ხშირად აკრიტიკებდნენ ადამიანის უფლებათა საკითხებზე მისი დაგვიანებული რეაგირების ან რეაგირების არქონის გამო. მის ინტერვიუს სოციალურ ქსელშიც კრიტიკა მოჰყვა. ომბუდსმენის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ ფეისბუქის პოსტში დაწერა: „სინამდვილეში სახალხო დამცველს აქვს არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლის უფლებამოსილება და ამის არცოდნა ალბათ არაკომპეტენტურობაა. ეს უფლებამოსილება ერთადერთია რომელიც პირდაპირ წერია კონსტიტუციაში დანარჩენი ორგანულ კანონშია. საქართველოს მეხუთე სახალხო დამცველმა კონკრეტულ არჩევნებზე სპეციალური ანგარიშიც მოამზადა სხვათა შორის. არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მისი რეალიზებაც სახალხო დამცველის მანდატის ქვეშაა“.

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მეოთხე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს რეფერენდუმის ან არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული რეფერენდუმის ან არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავას“.

მსგავსი უფლებები აღწერილია ორგანულ კანონში სახალხო დამცველის შესახებ. მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი მას უფლებას აძლევს განსაზღვროს „რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის ) კონსტიტუციურობა“. 21-მუხლის პირველი ნაწილი ასევე ანიჭეს მას უფლებამოსილებას, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს კონსტიტუციური სარჩელით რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის ) კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, ან თუ ნორმატიული აქტით ან მისი ცალკეული ნორმებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში აღიარებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button