skip to content
ახალი ამბები

საია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ მან საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვს შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნინო ქურდოვანიძის თქმით, ამ შედეგების ბათილად ცნობა გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე.

საიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხმის მიცემის ფარულობა საარჩევნო კონსტიტუციური უფლების ძირეული კომპონენტია, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც, უფლების დაცულობის მასშტაბი ფიქციური ხდება. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ხმის მიცემის აბსოლუტური ფარულობა დაცული უნდა იყოს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპზე, მათ შორის, ბიულეტენის მოთავსების მომენტში. ფარულობის პრინციპი ასევე ასახულია ევროპულ კონვენციაში, რომლის თანახმადაც, მხარეები ვალდებულნი არიან ჩაატარონ ფარული კენჭისყრა ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნას ადამიანების მიერ ნების თავისუფალი გამოხატვა.

ამის მიუხედავად, საია აცხადებს, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო ხმის მიცემის ფარულობის დაცვა 2024 წლი საპარლამენტო არჩევნებზე. „ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი – ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ამასთან, ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ არჩევნების დღეს ხმის ფარულობის დარღვევის რისკები საიამ არჩევნებამდე ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინა და ამის შესახებ წინასწარ მიმართა ცესკოს, რომ მიეღო შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. თუმცა, ცესკომ დაარმწუნა ორგანიზაცია, რომ კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას. თუმცა, ეს პირობა ვერ შესრულდა.

ქურდოვანიძემ ასევე განაცხადა, რომ ორგანიზაციამ არჩევნების დღეს 589 დარღვევა გამოავლინა და პროკურატურას მათი გამოძიების მოთხოვნით მიმართა.  

საიას სადამკვირვებლო მისიას ჯამში წარდგენილი აქვს:

  • 11 საჩივარი წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზე;
  • კენჭისყრის დღეს საიას დაფიქსირებული აქვს 589 დარღვევა/ცუდი პრაქტიკა;
  • შემაჯამებელი ოქმების ბათილობა გარდა ტექნოლოგიებით განსაზღვრული 2263 უბნის ბათილობისა, დამატებითი საფუძვლებით მოთხოვნილია 1 ტრადიციულ უბანზე;
  • 460 უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და შედეგების ხელახალი გადათვლა;
  • 349 უბნის შემთხვევაში შესაბამისი უბნის კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button