არჩევნების გაყალბებაზე განცხადებების შემდეგ კანადა საქართველოსთან ურთიერთობას გადააფასებს
კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ (Global Affairs Canada) 28 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ურთიერთობების გადაფასებას აანონსებს და არჩევნების დღეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს. კანადის ხელისუფლება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებას, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის აქებს.
„როგორც საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და დიდი ხნის მხარდამჭერი, კანადა მხედველობაში იღებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომელიც ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა. თუმცა, კანადა შეშფოთებულია ამომრჩეველზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვის და არჩევნების დღის სხვა დარღვევებით, რომლის თაობაზეც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) და სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლები იტყობინებიან. საჭიროა ამ დარღვევების გამოძიება და მოგვარება. კანადას მტკიცედ სწამს რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„დიდ შვიდეულთან და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინირებით და არჩევნების ჩატარებისა და მისი შედეგების გათვალისწინებით, კანადა გადააფასებს თავის ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან. კანადა ღია რჩება საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, სანამ საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და ყურადღებას მიაქცევს ბოლო პერიოდის დემოკრატიულ უკუსვლას. ჩვენ ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას კი მოვუწოდებთ პატივი სცეს ადმიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას, მშვიდობიანი პროტესტის კონტექსტში. მივესალმებით ქართველებს საარჩევნო პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის, მათ შორის ამომრჩევლების, საარჩევნო თანამშრომლებისა და მოქალაქე დამკვირვებლების რანგში”, — ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 28/10/2024 – ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოს არჩევნების „თავისუფალ და სამართლიან“ ბუნებას ეჭვქვეშ აყენებენ
- 28/10/2024 – ბლინკენი: აშშ გმობს არჩევნებზე საერთაშორისო ნორმების დარღვევას, გამოძიებისკენ მოუწოდებს
- 27/10/2024 – NDI-სა და IRI-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასება საქართველოს არჩევნების შესახებ
- 27/10/2024 – საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი მიგნებები და დასკვნები
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)