skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია PACE-ს მოუწოდებს, არ აღიაროს ქართული ოცნების დელეგატების საპარლამენტო მანდატები

5 იანვარს სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ – კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა და ძლიერი საქართველო – საერთო წერილით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტ თეოდოროს რუსოპულოსსა და ასამბლეაში პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებს, და მოუწოდა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მანდატები არ აღიაროს. PACE-ს 2025 წლის პლენარული სხდომა 27 იანვარს უნდა გაიმართოს.

წერილზე ხელმომწერი ლიდერები მიიჩნევენ, რომ “სერიოზული ხარვეზებით” ჩატარებული 26 ოქტომბრის არჩევნები და ქვეყანაში შექმნილი ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი უნდა გახდეს ახლადარჩეული დეპუტატების მანდატების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. ისინი მიუთითებენ ასამბლეის რეგლამენტის წესზე 8.2, რომლის თანახმადაც საპარლამენტო მანდატების არაღიარების საკითხი შესაძლოა დადგეს “ევროპის საბჭოს მთავარი პრინციპების სერიოზული დარღვევისა” და “ვალდებულებების მუდმივი შეუსრულებლობის” შედეგად.

საერთო წერილში ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების მიერ არჩევნების მასშტაბურად და ინტენსიურად გაყალბების მექანიზმების გამოყენებამ ფუნდამენტურად გამოუთხარა ძირი საარჩევნო პროცესის სანდოობას, წაშალა არჩევნების შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობა და უხეშად დაარღვია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ფუნდამენტური პრინციპები.” ისინი ხაზს უსვამენ, რომ ამჟამინდელი პარლამენტი, რომელიც მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატებისგან შედგება, “არ შეიძლება ლეგიტიმურად არჩეულად ჩაითვალოს.”

ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ PACE-ში საქართველოს დელეგაციის წევრები შესაძლოა “საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან ან მომავალში მოხვდნენ.” წერილში ცალკეა ნახსენები ბიძინა ივანიშვილი, რომელზეც ნათქვამია, რომ იგი “დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტერორზე, ადამიანის უფლებების მასობრივად დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზეა პასუხისმგებელი.”

ოპოზიციური პარტიები PACE-ს აფრთხილებენ, რომ ქართული ოცნება “არ შეიძლება იყოს სანდო პარტნიორი ვინაიდან მან მრავალჯერ დაარღვია ადრე აღებული ვალდებულებები.” მათ მოუწოდეს PACE-ს, დაიჭიროს “პრინციპული პოზიცია” “საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში.” მათი აზრით, ხელახალი არჩევნები და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება “ამჟამინდელი მწვავე კრიზისის გადაჭრის ერთადერთი, ევროპული გზაა.”

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button