skip to content
ანალიზი

“ომი გინდა?!” – მმართველი პარტიის კამპანია ქართველებს „ომის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ“ უბიძგებს

მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება, მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ სულ უფრო უჭირს, დაარწმუნოს საკუთარი ამომრჩეველი, რომ ის ასრულებს ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე გაცემულ დაპირებას. „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირები კვლავ ამტკიცებენ, რომ საქართველო ევროკავშირში 2030 წელს გაწევრიანდება, თუმცა ერთი დათქმით,  რომ ეს მოხდება „ღირსეულად“ და „ქართული ოცნების“ პირობებით.

ნატა ქორიძე „სამოქალაქო საქართველოს“ მმართველი რედაქტორია. მანამდე, იგი ქართველი დიპლომატის რანგში ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობდა.

თუმცა, საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა ბოლო დროს უარი თქვეს დიპლომატიურ დელიკატურობასა და თავშეკავებულ რიტორიკაზე. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველო ვერ გააგრძელებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, თუ არ გააუქმებს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს და არ შეცვლის თავის ანტიდემოკრატიულ კურსს.

მიუხედავად ამისა, თავის არაჯანსაღ კამპანიაში „ქართული ოცნება“ კვლავ დაჟინებით აცხადებს, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის, და, ამავდროულად, ანტიდასავლურ პროპაგანდას აძლიერებს.

მიუხედავად „ქართული ოცნების“ კარგად აწყობილი პროპაგანდისა, როგორც ჩანს, ძალიან რთული იქნება ქართველი ხალხის დარწმუნება იმაში, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველო გააუმჯობესებს ურთიერთობას დასავლეთთან და მიაღწევს დიდი ხნის ნანატრ მიზანს – ევროკავშირში გაწევრიანებას, ან გაუმჯობესდება ურთიერთობები მის სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ომი და მშვიდობა

შესაბამისად,  „ქართული ოცნება“ ახლა ფსონს ქართველების დაშინებაზე დებს, რათა ოქტომბრის არჩევნებში მას მისცენ ხმა. მისი კამპანიის მთავარი ნარატივი ის არის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა საქართველოსთვის რუსეთთან ომის თავიდან აცილების ერთადერთი გზაა. ის ეუბნება ამომრჩეველს: თუ გინდათ მშვიდობა და სტაბილურობა – მოგვეცით ხმა, თუ გინდათ ომი და ქაოსი – მიეცით ხმა „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“.

მაშინ, როცა ოპოზიცია აღწერს არჩევნებს, როგორც არჩევანს ევროპასა და რუსეთს შორის, „ქართული ოცნება“ მას წარმოაჩენს როგორც არჩევანს ომსა (თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს) და მშვიდობას (თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს) შორის.

ამ ნარატივის განუყოფელი ნაწილია შეთქმულების თეორია „გლობალური ომის პარტიის“ (GWP) შესახებ – ავთენტური ქართული გამოგონება, რომელიც ახლა ვიკიპედიაშიც იძებნება. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს თავის გამოსვლაში გაამყარა და კიდევ უფრო განავითარა ეს ნარატივი.

GWP მოიცავს ფაქტობრივად ამოუცნობ, მაგრამ თითქოსდა ძლიერ ძალებს აშშ-ში, ევროკავშირსა და ნატოში, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის უკან დგანან და თითქოსდა ზეწოლას ახდენენ „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციაზე, რათა საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრიონ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რეგულარულად ახსენებენ მოქალაქეებს ხელისუფლების გმირულ ძალისხმევას, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ მავნე ძალებს და დაიცვას მშვიდობა.

„ომი გინდა?“

„ქართული ოცნების“ კრიტიკოსები და ოპონენტები დიდი ხანია აკრიტიკებენ მმართველ პარტიას დასავლეთთან განხეთქილებისა და რუსეთთან დაახლოების თანმიმდევრული პოლიტიკის გამო. ეს პოლიტიკა მოიცავს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას, მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებთან მიერთებაზე უარის თქმას, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შეუზღუდავ შემოდინებას, ეკონომიკური დამოკიდებულებისა და ვაჭრობის აღდგენის წახალისებას, კრიტიკული რუსი ჟურნალისტებისა და აქტივისტების შემოშვებაზე უარის თქმას, უკრაინისთვის მხარდაჭერის ნაკლებობას და მასთან ურთიერთობების გაუარესებას, და სხვა. „ქართული ოცნება“ თავს იმით იმართლებს, რომ რუსეთთან ურთიერთობებში ესკალაციის შიშით საქართველო სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა.

რუსეთის მიმართ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ნებისმიერ კრიტიკას მოჰყვება კარიკატურული ხასიათის და უკვე “მიმად” ქცეული კითხვა „ომი გინდა?!”. ოფიციალურ განცხადებებში ეს ფრაზა ხშირად აპოკალიფსურ დეტალებამდეა განვრცობილი, თუ რა მოელის საქართველოს, თუ ის სხვაგვარად მოიქცევა (და, თუ, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში).

ომის ჩრდილი უდავოდ ჯერ კიდევ ცოცხალია ქართველების მეხსიერებაში: ბოლოს და ბოლოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან მხოლოდ 16 წელი გავიდა და რუსული ოკუპაციის შეხსენება ყოველდღიურად ხდება, მათ შორის გატაცებებით, პერიოდული მკვლელობებით საოკუპაციო ხაზზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის უფლებების უხეში დარღვევებით და ა.შ.

ეს ტრავმული მეხსიერება, რომელსაც ყოველდღიურად აცოცხლებს უკრაინაში სისასტიკისა და დაბომბვის შესახებ ინფორმაცია, არის ზუსტად ის, რაც „ქართული ოცნების“ ნარატივს კიდევ უფრო მზაკვრულსა და საშიშს ხდის.

ყალბი დილემა

რომ არაფერი ვთქვათ ისედაც ტრავმირებულ და დაუცველ ქვეყანაში ომის საკითხით მანიპულირებისა და საკუთარი მოქალაქეების ომით შანტაჟის მორალურ მხარეზე, რამდენად საფუძვლიანია ეს ნარატივი?

საქართველოს მრავალი გამოწვევა აქვს, მაგრამ გახადა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა უფრო დაცული ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის განმავლობაში? გახადა თუ არა ქვეყანა უფრო უსაფრთხო და მედეგი? გააღრმავა თუ არა ურთიერთობები საქართველოს პარტნიორებთან, რომლებიც ტრადიციულად მთავარ როლს ასრულებდნენ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში?

საქართველოს უსაფრთხოება დამოკიდებულია მის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და მყარ პარტნიორობაზე ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დასავლურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო. თუ კარგად დავაკვირდებით, ყველა მათგანთან ურთიერთობა გაუარესდა მკვეთრი ანტიდემოკრატიული ტენდენციების, მზარდი ანტიდასავლური რიტორიკისა და გეოპოლიტიკური პრეფერენციების აშკარა ცვლილების გამო.

აშშ

წამყვან სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა უპრეცედენტოდ დაბალ დონეზე დაეცა.

2023 წელს შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე ქართველ მოსამართლეს „მნიშვნელოვან კორუფციაში“ ჩართულობისთვის სანქციები დაუწესა, რაც საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებს უსვამს ხაზს. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით, სასამართლო სისტემას მმართველ პარტიასთან დაახლოებული კლანი მართავს. მოსამართლეთა დასანქცირებას მოჰყვა ყოფილი გენერალური პროკურორისა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება რუსეთის FSB-სთან მისი კავშირებისა და საქართველოში რუსეთის მავნებლური საქმიანობის ხელშეწყობის გამო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა 2023 წლის მაისში დააანონსა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო რამდენიმე ათეულ ქართველს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

ამჟამად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ორი კანონპროექტი – MEGOBARI და ქართველი ხალხის აქტი (GPA) – არის ინიცირებული. ორივე მათგანი სანქციებსა და სხვა ზომებს ითვალისწინებს, რომლებიც იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ საქართველოს ხელისუფლება ანტიდემოკრატიულ კურსსა და ოპონენტების დევნას გააგრძელებს.

2024 წლის ივლისში შეერთებულმა შტატებმა განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“.

და ბოლოს, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი დახმარების გაყინვის შესახებ გააკეთა განცხადება.

ასევე გაუარესდა საქართველოს სხვა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობები. ზოგიერთმა მათგანმა, მათ შორის საფრანგეთმა და დანიამ, დახმარების შემცირების შესახებ გაავრცელეს განცხადებები.

ევროკავშირი

ევროკავშირთან ურთიერთობამ ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია: ხელისუფლების მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის თავდაპირველი 12 ნაბიჯიდან უმეტესობის შეუსრულებლობა (მხოლოდ სამი ნაბიჯი განხორციელდა როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შეფასებებით); საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა; რუსეთთან დაახლოება (მათ შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა და სანქციების გვერდის ავლაში სავარაუდო ჩართულობა); 2023 წელს უცხოელი აგენტების კანონის მიღების პირველი მცდელობა რომელსაც მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები; კანონპროექტის გაწვევა, რასაც თან ახლდა ხელისუფლების ოპონენტებისა და კრიტიკოსების დევნა, როგორც პოლიტიკური სპექტრიდან, ისე სამოქალაქო საზოგადოებიდან – ყოველივე ამან თავისი როლი ითამაშა ამ პროცესში.

ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის სტატისტიკური მაჩვენებლები მკაფიოდ აჩვენებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან განსხვავებებს, რაც იმის მაუწყებელია, რომ საქართველო და ევროკავშირი ვერ თანხმდებიან ბევრ გლობალურ საკითხზე, საფრთხესა და მიდგომაზე.

2024 წლის აპრილში “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის ხელახალი ინიცირება და მისი საბოლოო მიღება, მიუხედავად მასობრივი პროტესტისა და პარტნიორების მრავალჯერადი გაფრთხილებისა, ასევე ოპონენტებზე განახლებული თავდასხმები და რეპრესიები ბოლო წვეთი გახდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებში. 2024 წლის ივლისში ევროკავშირმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ბლოკში გაწევრიანების პროცესი და გაყინა თავდაცვის სამინისტროს დახმარება. 2 აგვისტოს ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი დახმარების შეჩერების საკითხს განიხილავს.

ნატო

ნატოში ინტეგრაცია (და მით უმეტეს, წევრობა) ხელისუფლების დისკურსიდან საერთოდ გაქრა. ნატომ ღიად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული რეფორმების ნაკლებობის გამო. ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ერთ-ერთ მიზეზად ნატოს გაფართოება დაასახელა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს ბოლო ორ სამიტს არ დასწრებია. 2024 წლის ნატოს ვაშინგტონის სამიტის დასკვნით დოკუმენტში პირველად არ იყო ნახსენები ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ფორმულირება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. საქართველო დოკუმენტში მხოლოდ ერთხელაა ნახსენები და ისიც რუსეთისთვის მოწოდების კონტექსტში, რომ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

2024 წლის მარტში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) StratCom-ის ინიციატივის შეწყვეტა მხოლოდ ერთი მაგალითია ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობის ჩავარდნისა. კიდევ ერთი მაგალითია გასულ წელს ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრების უპრეცედენტო კლება. იმავდროულად, მთავრობამ 2024 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ ვაზიანის სტრატეგიული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობას გეგმავს, რომელიც, ექსპერტების თქმით, მისი ნორმალური ფუნქციონირების პარალიზებას გამოიწვევს. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ვაზიანი მასპინძლობს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC).

რას ნიშნავს ეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის?

უკვე დიდი ხანია საქართველოს უსაფრთხოების ხერხემალი დასავლეთის სამხედრო და პოლიტიკური დახმარებაა. ეს მოიცავს პირდაპირ დახმარებასა და აშშ-სთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს; ნატოსთან თანამშრომლობას, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგის, ნატოს ოპერაციებისა და ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის გზით; ან ევროკავშირთან თანამშრომლობას, მათ შორის ევროკავშირი-საქართველოს უსაფრთხოების დიალოგის ან მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტის მეშვეობით.

პარალელურად, ბოლო წლებში საქართველოს თავდაცვის ხარჯები მშპ-სთან პროცენტული შეფარდებით სტაბილურად მცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ნაკლებად უნარიანი ხდება, დაიცვას თავი და მტერსაც მისი შემოჭრა ძვირად დაუჯინოს.

არაღიარების პოლიტიკა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომლის წარმატებაც დასავლეთთან თანამშრომლობამ განაპირობა. დასავლელი პარტნიორები – ევროკავშირი, აშშ, ნატო და სხვები, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოს ეხმარებოდნენ დაჰპირისპირებოდა რუსეთის დაუღალავ მცდელობებს, დაეყოლიებინა ან ზეწოლა მოეხდინა ყველა კონტინენტის ქვეყნებზე, რომ ეღიარებინათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად. მათმა მხარდაჭერამ საბოლოოდ არაღიარების პოლიტიკის უდავო წარმატება განაპირობა.

ახლა, როდესაც „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკისა და ანტიდემოკრატიული ქცევის გამო ურთიერთობა პრაქტიკულად ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან გაუარესდა, საქართველოს ხელისუფლება საფრთხეს უქმნის არაღიარების პოლიტიკის მიღწევებს. საქართველოს პარტნიორებს პოზიცია არ შეუცვლიათ. ისინი მომავალშიც გააგრძელებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. თუმცა, გარდაუვალია, რომ დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესება თანდათან მოადუნებს მის ყურადღებას საქართველოს პრობლემებზე და დასავლეთის მზადყოფნას (პროაქტიულად) დახარჯოს თავისი პოლიტიკური და დიპლომატიური კაპიტალი საქართველოს ინტერესების დაცვაზე, მათ შორის არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაზე.

ახლად აღმოჩენილი პარტნიორები

რუსეთთან დაახლოებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ასევე გააღრმავა კავშირები ჩინეთთან და ირანთან.

პირდაპირი ფრენების აღდგენასთან და ასიათასობით რუსეთის მოქალაქის უკონტროლო შემოშვებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე და ნახშირწყალბადებზე სტაბილურად გაიზარდა; 2022 წელს, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 192.65%-ით გაიზარდა, ხოლო ნავთობაირების იმპორტი – 30.61%-ით. ეს ზრდის ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდა, რა დროსაც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 17.3%-ით, ხოლო ნავთობაირების იმპორტი – 16.55%-ით გაიზარდა.

ამასთან, რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რუსეთის მიმართ „ჯანსაღი“ პოლიტიკისა და „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღების გამო აქებენ. ამ ფონზე, მოსკოვთან დაკავშირებულმა საეჭვო პოლიტიკურმა სუბიექტებმა კვლავ გაააქტიურეს მოწოდებები საქართველოს ნეიტრალიტეტის შესახებ.

„ქართულმა ოცნებამ“ გააღრმავა ურთიერთობები ჩინეთთან, მათ შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ განცხადებას; გაუქმდა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ხოლო ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ანაკლიის პორტის ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აქტიურად აგრძელებს ურთიერთობას ირანთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი წელს უკვე ორჯერ ეწვია ირანს. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებდნენ, რომ ირანი არ ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 30 ივლისს განაცხადა: „არანაირი ომის თანამონაწილე, ჯერ ეს ერთი, ირანი არ არის. არ ვიცი მე, საიდან ასკვნით ამას“.

Si vis pacem, para bellum

უძველესი მაქსიმა „თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“ აშკარად არ არის ის, რითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხელმძღვანელობს. მისმა ქმედებებმა საერთაშორისო ასპარეზზე განაპირობა საქართველოს განიარაღება მრავალსაუკუნოვანი მოწინააღმდეგის წინაშე, რომელიც მის ტერიტორიაზე უკვე რამდენჯერმე შემოიჭრა. ამ ქმედებებმა ასევე გამოიწვია საქართველოს საგრძნობი იზოლაცია, რაც დამღუპველია საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.

იქნება ეს ტრადიციული სტრატეგიული პარტნიორებისგან ჩამოშორება, რომლებიც დაეხმარნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში, ანტიდასავლური რიტორიკა, დემოკრატიული რეფორმების შეჩერება, რუსეთთან დაახლოება თუ მასზე დამოკიდებულების ზრდა – ეს ყველაფერი საქართველოს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის. და თუ საქართველოს რაიმე უნდა ესწავლა თავისი ისტორიიდან, ეს არის ის, რომ რაც უფრო ნაკლებად უსაფრთხოა ის და რაც უფრო ნაკლები მეგობარი ჰყავს, მით უფრო დიდია რუსეთის ცდუნება, რომ მას თავს დაესხას.

ერთადერთი გონივრული დასკვნა, რომელიც კარგად ინფორმირებულმა მოქალაქემ „ქართული ოცნების“ პოლიტიკიდან უნდა გამოიტანოს, არის ის, რომ მან საქართველო ნაკლებად უსაფრთხო გახადა და ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. როგორც არ უნდა ცდილობდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომ მოქალაქეები საპირისპიროში დაარწმუნოს, უდავოა, რომ მან 12-წლიანი მმართველობის პერიოდში საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაში სრული მარცხი განიცადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button