ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „კორუფციის“ გამო 4 ქართველი მოსამართლე დაასანქცირა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 5 აპრილს განაცხადა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 4 ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს – ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი და მათი ოჯახის წევრები შეერთებულ შტატებში შესვლას ვეღარ შეძლებენ.

მისივე თქმით, დასახელებულმა მოსამართლეებმა, „ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“. 

„ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. Ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

აშშ-ის ელჩის განმარტება

განცხადებიდან მალევე, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება განმარტა.

მისი თქმით: „სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში. მათი ქმედებით მათ უგულვებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოეხდინათ მოსმართლეთა დანიშვნებით მანიპულაცია. აღნიშნული კორუფციული ქმედებებით მათ შებღალეს სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი და შეასუსტეს ქართველი ხალხის ნდობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიმართ“.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით, მსგავსი მნიშვნელოვანი კორუფციის შესახებ სანდო ინფორმაცია არის სანქცირების გადაწყვეტილების მიღების საფუძველი“ და რომ „სანქციები ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას“.

კელი დეგნანმა ასევე გაიხსენა გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართული დემოკრატიის სამიტი, სადაც პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე თავდადება კორუფციასთან ბრძოლისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისადმი. სამიტს 100-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური ესწრებოდა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ელჩმა დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მართლმსაჯულებაა ის მთავარი პრინციპი, რაც თავისუფლებასა და დემოკრატიას განამტკიცებს“ და რომ „კანონის უზენაესობა დაცულია ისეთ სასამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და კანონზე დაყრდნობით და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის, დაშინების, ან ქრთამის საფუძველზე“.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე იმსახურებს კანონის უზენაესობას და სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო პროცესის უფლებას, განურჩევლად მისი სიმდიდრისა, ოჯახური თუ პოლიტიკური კავშირებისა.

ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ კორუფცია და სასამართლო სისტემაში ჩარევა ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას და რომ აშშ აგრძელებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების მხარდაჭერას ევროპულ მისწრაფებებში.

„სანქცირების გადაწყვეტილება ასევე გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა შრომისმოყვარე, ნიჭიერი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ, რომელთაგან ბევრს მე უკვე შევხვდი“, – განმარტა კელი დეგნანმა.

სიტყვის დასარულს ელჩმა დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს მთავობას წლების განმავლობაში მოუწოდებს, რომ გაატაროს სასამართლო სისტემისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები. „ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რაც მიღწეულ იქნა წლების განმავლობაში, მათ შორის, ამერიკის მხარდაჭერით“, – განაცხადა ელჩმა თუმცა დასძინა, რომ გასაკეთებელი მეტია. „სასამართლო [სისტემის] რეფორმების განხორციელება შედის საქართველოს ინტერესებში და აუცილებელია საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის მისაღწევად, რომლისკენაც ქართველები დიდი ხანია მიისწრაფვიან. კორუფციასთან ბრძოლაში გამარჯვებისთვის სტაბილური, წარმატებული და ევრო-ატლანტიკური მომავლის მისაღწევად, რაც ქართველი ხალხის არჩევანია, საქართველოს სჭირდება ჭეშმარიტად მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. სანქციები, რომლებიც გამოცხადდა დღეს 4 კორუმპირებული პირის მიმართ, გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას ებრძოლოს კორუფციას და დაეხმაროს ქართველ ხალხს მიაღწიოს წარმატებას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში, რაც მათ ასე ცხადად სურთ და იმსახურებენ“, – ხაზგასმით თქვა აშშ-ის ელჩმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button