აშშ-მა საქართველოში სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ „განუსაზღვრელი ვადით“ გადადო
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 5 ივლისს საქართველოში მიმდინარე წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე დაგეგმილი სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ განუსაზღვრელი ვადით გადადების შესახებ გაავრცელა განცხადება. განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში იქნა მიღებული.
„შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა 30 მაისს დაიწყო. „ღირსეული პარტნიორის“ გადადების გადაწყვეტილება გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების ყალბმა ბრალდებებმა აშშ-ის და სხვა დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომ თითქოს ისინი უბიძგებდნენ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ, რათა მას უკრაინაზე ზეწოლა შეემსუბუქებინა, და რომ თითქოს ისინი მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში მონაწილეობდნენ. აშშ-ის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების ჩასატარებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აშშ აპირებს გააგრძელოს საქართველოს თავდაცვის ძალებთან მუშაობა, რათა გააძლიეროს საქართველოს შესაძლებლობა, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა. „ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია და დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ ღირებულებას, რასაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები „ღირსეული პარტნიორის“ მსგავს წვრთნებს ანიჭებენ. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს, მათ შორის სამხედრო სწავლების „მტკიცე სულის“ ჩატარებას 2025 წელს“, – ნათქვანია განცხადებაში.
საქართველოს თავდაცვის სანისტრომ „სინანული“ გამოხატა აშშ-ის გადაწყვეტილების თაობაზე და აღიშნა, რომ სწავლების გადადების მიუხედავად, „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025““.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/07/2024 – ვედანტ პატელი: სანქციების მიუხედავად, აშშ გააგრძელებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან ურთიერთობას „პრიორიტეტულ საკითხებზე“
- 27/06/2024 – აშშ-ს კონგრესის ქვეკომიტეტის მოსმენაზე ‘უცხოელი აგენტების’ კანონისა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ იმსჯელეს
- 21/06/2024 – „ქართული ოცნების“ ყოფილი მრჩეველი ლინკოლნ მიტჩელი აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში მოხსენებით წარსდგა
- 19/06/2024 – აშშ-ის ელჩი ხელისუფლებას ურთიერთობების აღსადგენად კურსის სასწრაფოდ შეცვლისკენ მოუწოდებს
- 06/06/2024 – აშშ-მა ათობით საქართველოს მოქალაქეს სანქციების პირველი ტრანში დაუწესა
- 29/05/2024 – აშშ გმობს „უცხოელი აგენტების“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და კანონის საბოლოო მიღებას
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)