დანია საქართველოსთვის დახმარების საკითხს სრულად გადახედავს, რიგ დაგეგმილ აქტივობასა და ახალი პროგრამების მხარდაჭერას შეაჩერებს
საქართველოს დამოუკიდებელი დეპუტატის თეონა აქუბარდიას კითხვის საპასუხოდ, დანიის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ დანიამ საქართველოს ხელისუფლების დახმარებისა და მხარდაჭერის „სრული გადახედვა“ დაიწყო, ხოლო ამ გადახედვის პროცესში, „დანია შეაჩერებს საქართველოს ხელისუფლებასთან დაგეგმილ რიგ აქტივობას და ახალი პროგრამების მხარდაჭერას“. თეონა აქუბარდიას შეკითხვა დანიასა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას შეეხებოდა, კერძოდ კი დანიის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებას და სხვა რესურსებს.
საელჩო განმარტავს, რომ ეს ნაბიჯი განაპირობა ივნისში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებამ, რომ გადაიხედოს საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში გასაცემი თანხების შეჩერების საკითხი. ევროკავშირის საბჭოს სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაც გადაწყვიტეს. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებები საქართველოს მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებისა და საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ნაბიჯების შედეგია.
დანიის საელჩოს წერილში აღნიშნულია, რომ 2023 წელს დანიამ და საქართველომ ოთხწლიანი სამხედრო თანამშრომლობა დაიწყეს, რომლის საერთო ბიუჯეტიც დაახლოებით 71,5 მილიონი დანიური კრონია (დაახლოებით 10 360 000 აშშ დოლარი). პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო ტრენინგები, სემინარები, კონფერენციები და სხვა აქტივობები. წერილში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა სახის დახმარება და მხარდაჭერა შეჩერდება, ან რომელი პროექტები აღარ განხორციელდება.
წერილის დასასრულს, დანია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას და დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი“, ვინაიდან ეს არის ორ ქვეყანას შორის „ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)