ახალი ამბები

პრემიერი: უკრაინაში ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც 29-31 მაისს გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში ბრატისლავას სტუმრობს, დღეს თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებსა და „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე ისაუბრა.

ომი უკრაინაში

„ახლა რასაც ვხედავთ უკრაინაში, ეს კატასტროფულია, რა თქმა უნდა. ათასობით ადამიანი კვდება ყოველდღიურად“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომზე საუბრისას. მოდერატორის კითხვაზე – თუ რატომ დაიწყო რუსეთმა 2022 წელს ომი უკრაინასთან? – პრემიერმა ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ბევრ სხვა მიზეზთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო „ნატოს გაფართოება“.

„არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, – ხაზი გაუსვა მან და აღნიშნა, რომ შედეგად უკრაინაში მიმდინარეობს „ბრუტალური“ ომი და „ვერ ვხედავთ რაიმე ძალისხმევას ან რაიმე ნებას რომელიმე მხრიდან, რომ ეს ომი გაჩერდეს“.

„ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, გვინდა რომ მშვიდობა აღდგეს და ძალიან მალე აღდგეს, მაგრამ მინდა ჩემს ქვეყანაზე ვისაუბრო ჯერ“, – თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა და ამის შემდეგ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ძალიან რთული დღეები გვქონდა 2008 წელს. დღეს შეიძლება ვიღაცას დაავიწყდა, რომ საქართველოს, ჩვენი ტერიტორიის 20% პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და 2008 წელს, ომის შემდეგ, რუსეთმა კი არ დატოვა ჩვენი ტერიტორია, პირიქით, დარჩა, ააშენეს 2 სამხედრო ბაზა ჩვენს მიწაზე, ჩვენს ტერიტორიაზე და ეს არის შედეგი იმ დამანგრეველი ომისა“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ „იმ დროს ომს არ მიექცა საკმარისი ყურადღება. იმ აგრესიას, რუსეთის აგრესიას არ მიექცა საკმარისი ყურადღება. არავინ არ დაუწესა რუსეთს სანქციები“.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კარგად აღჭურვილი ჯარი ჰყავს, ის „მაინც პატარა ქვეყანაა“. „ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მთავრობის ინტერესში უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა ქვეყანა არ არის არც ევროკავშირის, არც ნატოს წევრი, როდესაც არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ ის ომი, არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ დამანგრეველი იყო ჩვენთვის“. „ჩვენ რომ მთავრობაში ვყოფილიყავით, ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო იმ დროს, მაშინ ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ის ომი“, – ხაზი გაუსვა მან.

„ამიტომ ჩემი საბოლოო მიზანი და ყველა ქართველის და ჩვენი მთავრობის საბოლოო მიზანია იმის მიღწევა, რასაც ჰქვია დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლება „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკას იყენებს და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ მიუხედავად ოკუპაციისა, „საქართველომ მოახერხა და მიაღწია უსაფრთხოების, სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველყოფა“.

„თანამედროვე ისტორიაში, როცა დავიბრუნეთ 90-იან წლებში დამოუკიდებლობა, ეს ჩემი და ჩვენი მთავრობის არსებობა არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში. სხვა მთავრობის პირობებში 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გვქონდა ომი და ესკალაცია და კონფლიქტი. ჩემს პერიოდში ეს არ ყოფილა, ტერიტორიებიც არ დაგვიკარგავს“, – განაცხადა მან.

კანდიდატის სტატუსი

პრემიერმა ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „უსამართლო“, „დაუსაბუთებელი“ და „არამიზანშეწონილი“ ნაბიჯი იყო, როდესაც გასულ წელს საქართველოს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს. „მაგალითად, რა გზავნილია ეს რუსეთისთვის? ე.ი. ჩვენ, ევროპელები ვტოვებთ საქართველოს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას ორჯერ-სამჯერ ჯობს“, – განაცხადა მან.

პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ „თუ დამსახურებაზეა საუბარი, საქართველოსთვის უნდა მიენიჭებინათ ხო, მუშაობის საფუძველზე. საქართველო იყო და კვლავ არის 2-ჯერ, 3-ჯერ წინ, ვიდრე ის ორი ქვეყანა“. „ამიტომ ეს კითხვა, ჯობია, დაუსვათ, ევროპელ მეგობრებს, რატომ არ მისცეს სტატუსი საქართველოს. არც არგუმენტები, არც განმარტება არ გაგვაჩნია“, -თქვა მან და დასძინა, რომ „მოლდოვას და უკრაინასაც მისცეს ეს 12 პრიორიტეტი, მაგრამ სტატუსი წინასწარ მიანიჭეს. ეს არის განსხვავება“.

„ამიტომ არ გვესმის რატომ. ჩვენ მარტო ის გვითხრეს, რომ უკრაინა ომშიაო. ჩვენც ვიყავით ომში 2008 წელს, 20% კვლავ ოკუპირებულია, ამიტომ სად არის განსხვავება? მოლდოვა რთულ სიტუაციაში არისო, რაციონალური ნიშანი აქ არ არის. საქართველო თუ ვერ მიიღებს ამ სტატუსს წლის ბოლოსთვის, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა“- განაცხადა პრემიერმა.

ამის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობამ „მყისიერად“ დაიწყო ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 პრიორიტეტის შესრულებაზე მუშაობა. „ამ პროცესში ჩავერთეთ და ივნისისთვის ყველაფერი იქნება დასრულებული, ერთი რეკომენდაციის გარდა. ეს არის დეპოლარიზაცია, ან პოლარიზაციის დასრულება“. „თუ გვინდა თავიდან ავიცილოთ პოლარიზაცია, მოგვანიჭეთ სტატუსი“, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა დასავლელ პარტნიორებს და დასძინა, რომ „სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში“.

ევროკომისიის მიერ გაცემული პრიორიტეტების შესრულების კონტექსტში დეოლიგარქიზაციის შესახებ დასმული კითხვის პასუხად ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, უპასუხა, რომ ამ მიმართულებით საქართველომ უკრაინის გამოცდილებისა და მაგალითის გაზიარებით კანონპროექტი შეიმუშავა და მოსაზრებისთვის ვენეციის კომისიაში გაგზავნა. „მიმაჩნია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. მიუხედავად ამისა, ჩვენ გარკვეული კრიტიკაც მოვისმინეთ, რომ საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი, რატომ არ გვჭირდება, ვერ ვხვდები“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მოცემული მომენტისთვის „რეალური“ ოლიგარქი ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილია. ამ კონტექსტში, მოდერატორის მხრიდან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე მინიშნების პასუხად ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა: „როგორც კი მივიღებთ ამ კანონს, ყველაფერი იქნება გარკვეული და მისტიკას მოვხსნით ამ საკითხს და ამ ბრალდებებს. უსაფუძვლო და არგუმენტების გარეშეა ეს ბრალდებები. ამიტომ, რახან იკითხეთ დამფუძნებლის, ბატონი ივანიშვილის საკითხი, ძალიან ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა აქვს განხორციელებული“.

ამის შემდეგ, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თუკი წლის ბოლოსთვის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, „ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა“. კითხვაზე – თუ რას გააკეთებს საქართველო ასე თუ მოხდა?“ – ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა: „ეს თუ ასე მოხდა, საქართველო გააგრძელებს წინსვლას ყველა იმ რეფორმით, განვითარებით და ა.შ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ რთულ გარემოში, ამ სიტუაციაში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის, რომელიც არის ასოცირების ტრიოში თავისი მუშაობით ნომერი პირველი, იქნება ძალიან დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა“.

რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციები

რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრისას პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამას საქართველოს ეკონომიკაზე „უმნიშვნელოვანესი“ გავლენა ექნებოდა. „ამიტომ, ჩემი აზრი არის ასეთი: როცა ამ საუბარს ვაწარმოებდით, სრულად შევესაბამებით საერთაშორისო საფინანსო სანქციებს, ამას ვაკეთებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის უწყებებმა, ყველამ აღიარა, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს“, – განაცხადა მან.

პრემიერისვე განცხადებით, რაც შეეხება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს, „ეს სხვა რაღაცაა“. „ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან, არ შეუწყვეტია სავაჭრო ურთიერთობები, შეერთებული შტატებიც ასევე, საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?“, – თქვა მან და დასძინა: „ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ საკმაოდ განაწყენებული ვიყავით, რომ დასავლეთში სერიოზულად არავინ მიიღო 2008 წლის ომი… 2008 წელს მსოფლიო ვერ ფიქრობდა, რამდენად სერიოზული იყო ომი ჩვენთან“ და ომის შემდეგ პერიოდში ევროკავშირმა 2.5 ტრილიონი ევრო გადაუხადა რუსეთს.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას საქართველოს წინა ხელისუფლებაც ცდილობდა და 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს „უვიზო რეჟიმი მიანიჭეს“ და „მიჰყიდეს სტრატეგიული ენერგოობიექტები რუსეთის სახელმწიფო საწარმოებს“. „ეს არის რეალობა“, – დასძინა პრემიერმა.

„საქართველო აჩვენებს ძალიან გონივრულ, ძალიან პრაგმატულ, საკმაოდ უნიკალურ დამოკიდებულებას. ჩვენ ამ რთულ სიტუაციაში ნავიგაციას ვცდილობთ და თან წინ მივიწევთ ჩვენს ევროკავშირის გზაზე და კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს ვდებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა: „ნებისმიერი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მთავრობის მუშაობაზე ისაუბრებს და იტყვის, რომ ჩვენი გაკეთებულია ევროკავშირის გზაზე ყველაფერი“.

„უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტი

დისკუსიის მოდერატორმა პრემიერ ღარიბაშვილს „უცხოეთის აგენტებზე“ უმრავლესობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზეც ჰკითხა, რომელიც მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ თავადვე ჩააგდო.

„რატომ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც უკვე გადაიჭრა, ეს კანონპროექტი გაწვეული იქნა, დავხურეთ თავი, ამიტომ აქცენტი გავაკეთოთ უფრო სერიოზულ საკითხებზე, ეს იყო ინიციატივა, რომელიც სხვა ბევრ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ევროპარლამენტში იქნა განხილული, მსგავსი კანონის მიღება, მაგრამ არ მინდა დეტალებში შევიდე, არც სპეკულაციები მინდა ამაზე. იყო ეს ინიციატივა და ჩვენ გავიწვიეთ, გავითხოვეთ ეს კანონპროექტი, ეს თავი დახურულია“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა კითხვის პასუხად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button