საქართველოს პროგრესი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ: ევროკომისიის შეფასება
2022 წლის მარტში საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, ევროკომისიამ მოსაზრება გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნისთვის გაწევრიანების პროცესში გასათვალისწინებელი 12 პრიორიტეტი იყო ასახული. ეს პრიორიტეტები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სასამართლო რეფორმა და ფუნდამენტური უფლებები.
ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის 2023 წლის მოხსენებაში, ამ 12 პრიორიტეტიდან სამი შესრულებულად იქნა მიჩნეული, რის საფუძველზეც კომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიენიჭოს. განხორციელებული პრიორიტეტებია: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის კონსოლიდაცია; კანონმდებლობის მიღება, რომელიც მოსთხოვს საქართველოს სასამართლოებს, აქტიურად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები; და ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) დანიშვნის მიზნით წარდგენის გამჭვირვალე და დამოუკიდებელი პროცესი.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე დეკემბერში მიიღებენ, თუმცა საქართველოში უკვე საზეიმო განწყობაა. შემდგომი პროგრესის მისაღწევად, საქართველომ უნდა შეასრულოს თავდაპირველი შეუსრულებელი პირობები და დამატებით ორი ახალი პირობა, მათ შორის შეებრძოლოს დეზინფორმაციასა და უცხოურ ინფორმაციულ მანიპულირებას, ასევე ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ ჩარევას და გააუმჯობესოს საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი დაბალია და ქვეყანაში ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს, ნათქვამია ევროკომისიის მოხსენებაში).
აღნიშნავს რა, რომ კომისია მიესალმება საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით გაწეულ ძალისხმევას ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, რომლის თანახმად, ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის პრიორიტეტია, და 2022 წლის ივნისიდან თორმეტი პრიორიტეტის ფარგლებში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, „კომისია რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს იმ პირობით, თუ ქვეყანა რიგ ნაბიჯებს გადადგამს“:
- შეებრძოლოს დეზინფორმაციასა და უცხოურ ინფორმაციულ მანიპულირებას, ასევე ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ ჩარევას;
- გააუმჯობესოს საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან;
- მოაგვაროს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციასთან უფრო ინკლუზიური საკანონმდებლო მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
- უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით 2024 წელს და სრულად გაითვალისწინოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. დაასრულოს საარჩევნო რეფორმები, მათ შორის უზრუნველყოს ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობა, არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე;
- გააუმჯობესოს საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. უზრუნველყოს ძირითადი ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა;
- დაასრულოს და განახორციელოს ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული განხორციელებით და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის დაცვით;
- უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც ამ ორგანოებს უკავშირდება. შექმნას კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილება;
- გააუმჯობესოს არსებული სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციისადმი სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით, რომელშიც ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება იქნება ჩართული;
- გააუმჯობესოს ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები მოწყვლადი ჯგუფების, მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების წინააღმდეგ არსებულ საქმეებზე, ხოლო ძალადობის ორგანიზატორები და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს. კონსულტაციები აწარმოოს და ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რაც საშუალებას მისცემს ამ უკანასკნელს, რომ მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში და უზრუნველყოფს მათ თავისუფალ გარემოში მუშაობას.
12 პირობის თავდაპირველი სიიდან ზოგიერთი პუნქტი ევროკომისიამ ახალ სიაში დამატებით პირობებთან ერთად დააჯგუფა.
ევროკომისია რეფორმების პრიორიტეტებზე საქართველოს პროგრესის შესახებ იტყობინება ევროკომისიის თანამშრომლების სამუშაო დოკუმენტში – საქართველოს შესახებ 2023 წლის ანგარიში, რომელიც ევროკომისიის მოხსენებას ახლავს თავს, ასევე საქართველოს შესახებ ძირითადი მიგნებების ანგარიშში. მიღებული შედეგები ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის შესახებ არაერთგვაროვან სურათს ასახავს.
პოლიტიკური კრიტერიუმები: ევროკომისიის თანახმად, საქართველოს საერთო საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციური წყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება გარკვეულ საფუძველს იძლევა შემდგომი დემოკრატიული და კანონის უზენაესობის სფეროს რეფორმებისთვის. თუმცა, ამ პროგრესს აფერხებს მუდმივი პოლიტიკური დაძაბულობა და ღრმა პოლარიზაცია, რაც კრიტიკულ ეროვნულ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევას კიდევ უფრო ართულებს. მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებამ, სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდულ ჩართულობასთან ერთად, შეაფერხა გადაწყვეტილების მიღებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი.
სამოქალაქო საზოგადოება: საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება აქტიური და თავისუფალია. თუმცა, 2023 წლის მარტში სადავო კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების“ რეგისტრაციას ისახავდა მიზნად, უნდობლობა გამოიწვია. კანონპროექტმა, რომელიც საბოლოოდ გაიწვიეს თბილისში მასშტაბური პროტესტისა და ძლიერი საერთაშორისო გამოხმაურების შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ უნდობლობა გამოიწვია, რასაც შედეგად ძირითად რეფორმებზე კონსულტაციების ბოიკოტირება მოყვა. ეს მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც ინიციატორებმა კანონპროექტი გაიწვიეს.
საჯარო მმართველობა: საქართველო ზომიერად არის მომზადებული საჯარო მმართველობის რეფორმისთვის. ევროკომისიის თანახმად, საჭიროა მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების სამართლებრივი და პროცედურული საფუძველის უზრუნველყოფა. მუდმივი ძალისხმევაა საჭირო სტაბილური, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე საჯარო სამსახურის უზრუნველსაყოფად.
სასამართლო სისტემა: მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემაში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული, ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმასთან და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათთან დაკავშირებით ჯერაც არ არის მოგვარებული და საჭიროა რეფორმების განხორციელება დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა: ევროკომისია აღიარებს, რომ საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და აქვს მზადყოფნის გარკვეული დონე. თუმცა, იქვე ხაზს უსვამს, რომ დეოლიგარქიზაციისთვის საჭიროა შემდგომი ზომების მიღება, როგორიცაა გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისა და განაჩენის გამოტანის ძლიერი გამოცდილების ჩამოყალიბება კორუფციის და განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციის საქმეებზე, და განსაკუთრებით, კერძო ინტერესების, ასევე ამ ინტერესების პოლიტიკის, სასამართლო და ეკონომიკის სფეროებზე გავლენის პრობლემის მოგვარება.
ორგანიზებული დანაშაული: მიღწეულია პროგრესი, თუმცა ევროპული საბჭოს Moneyval-ის გარკვეული რეკომენდაციები კვლავ შესასრულებელია.
ფუნდამენტური უფლებები: გამოწვევები რჩება ისეთ სფეროებში, როგორიცაა დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და დისკრიმინაციისა და სიძულვილის წინააღმდეგ ეროვნული სტრატეგიები.
გამოხატვის თავისუფლება: მედიაგარემო მრავალფეროვანი, თუმცა პოლარიზებულია და მასზე ბიზნესისა და პოლიტიკური ინტერესები ახდენს გავლენას, რაც ზიანს აყენებს მედიის დამოუკიდებლობას. მედიის წარმომადგენლები დემონსტრაციების დროს დაშინებისა და თავდასხმების სამიზნეები ხდებიან. ოპოზიციური მედიის მფლობელების წინააღმდეგ სამართალწარმოება ხელს უშლის კრიტიკულ გაშუქებას. შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება კვლავ პრობლემურია, რასაც ცხადყოფს „თბილისი პრაიდზე“ ძალადობრივი თავდასხმები. შეშფოთება გამოიწვია შეკრებების შესახებ კანონში ნაჩქარევმა ცვლილებებმა, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.
გენდერული თანასწორობა: საქართველომ განავითარა კანონმდებლობა გენდერული თანასწორობისა და გენდერული ძალადობისგან დაცვის შესახებ, თუმცა გაუპატიურების სამართლებრივი დეფინიცია საერთაშორისო კონვენციებს უნდა შეუსაბამოს.
მიგრაცია და თავშესაფარი: საქართველოს კანონმდებლობა მიგრაციის შესახებ ნაწილობრივ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს; თუმცა, რჩება მიგრანტების შემოდინებასთან დაკავშირებული პრობლემები.
ეკონომიკური კრიტერიუმები: საქართველო ზომიერად არის მზად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად.
სახელმწიფო შესყიდვები: პროგრესი მიღწეულია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, მაგრამ საჭიროა ევროკავშირის სტანდარტებთან შემდგომი შესაბამისობა. გაუმჯობესებაა საჭირო სტატისტიკის სფეროში.
კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და რეგიონული თანამშრომლობის სფეროში საქართველო მოწოდებულია გააუმჯობესოს ორმხრივი ურთიერთობები კანდიდატ ქვეყნებთან, პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებთან და ევროკავშირის მეზობელ წევრ ქვეყნებთან.
ევროკომისიის თანახმად, საქართველო ევროკავშირის კანონთა კრებულთან შესაბამისობაში პროგრესს აღწევს რამდენიმე მიმართულებით, განსაკუთრებით შიდა ბაზარზე. თუმცა, პროგრესი შეზღუდულია ზოგიერთ სფეროში, როგორიცაა საქონლის თავისუფალი გადაადგილება და კონკურენციის პოლიტიკა. არსებობს მომზადების სხვადასხვა დონე სხვადასხვა სექტორში, დაწყებული მომზადების ზომიერი დონით და დამთავრებული მომზადების ადრეული დონით.
რაც შეეხება საგარეო ურთიერთობების სფეროს, შეზღუდული პროგრესი იქნა მიღწეული საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში. საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის შემზღუდველ ზომებს (სანქციებს) რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ. საქართველოსგან ელიან, რომ მნიშვნელოვნად გაზრდის ევროკავშირის განცხადებებსა და საბჭოს გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის დონეს, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში. საქართველო აქტიურად ჩაერთო, რომ მისი ტერიტორია და რეგისტრირებული სუბიექტები სანქციების თავიდან აცილების მიზნით არ გამოეყენებინათ, განსაკუთრებით ფინანსურ სექტორში.
ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს ქვეყნის მზაობის შეფასებას სხვადასხვა სფეროში თავების მიხედვით. ევროკომისია იყენებს მომზადების ოთხ დონეს, დაწყებული მომზადების ყველაზე დაბალი დონით და დამთავრებული მომზადების ყველაზე მაღალი დონით: მომზადების ადრეული დონე (5 თავი საქართველოს შემთხვევაში), მომზადების გარკვეული დონე (17 თავი), ზომიერად მომზადებული (10 თავი), მომზადების კარგი დონე (არცერთი).
ევროკომისიის ბოლო, 2023 წლის თებერვლის ანგარიშის შემდეგ, საქართველომ ორ სფეროში გააუმჯობესა თავისი მაჩვენებელი, კერძოდ, გადასახადების, ასევე რეგიონული პოლიტიკისა და სტრუქტურული ინსტრუმენტების კოორდინაციის თავებში.
კლასტერი | თავები | 2022 მომზადების დონე | 2023 მომზადების დონე |
---|---|---|---|
საფუძვლები | თავი 24: მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება | მომზადების გარკვეული დონე | მომზადების გარკვეული დონე |
თავი 5: საჯარო შესყიდვები | მომზადების გარკვეული დონე | მომზადების გარკვეული დონე | |
თავი 18: სტატისტიკა | მომზადების გარკვეული დონე | მომზადების გარკვეული დონე | |
თავი 32: ფინანსური კონტროლი | მომზადების გარკვეული დონე | მომზადების გარკვეული დონე | |
შიდა ბაზარი | თავი 1: საქონლის თავისუფალი გადაადგილება | მომზადების გარკვეული დონე | მომზადების გარკვეული დონე |
თავი 2: მუშახელის თავისუფალი გადაადგილება | მომზადების ადრეული დონე | მომზადების ადრეული დონე | |
თავი 3: დაფუძნების უფლება და სერვისების მიწოდების თავისუფლება | ზომიერად მომზადებული | ზომიერად მომზადებული | |
თავი 4: კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება | ზომიერად მომზადებული | ზომიერად მომზადებული | |
თავი 6: მეწარმეობის შესახებ კანონმდებლობა | მომზადების გარკვეული დონე | მომზადების გარკვეული დონე | |
თავი 7: ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ კანონმდებლობა | მომზადების გარკვეული დონე | მომზადების გარკვეული დონე | |
თავი 8: კონკურენციის პოლიტიკა | მომზადების ადრეული დონე | მომზადების ადრეული დონე | |
თავი 9: ფინანსური სერვისები | მომზადების გარკვეული დონე | მომზადების გარკვეული დონე | |
თავი 28: მომხმარებელთა და ჯანმრთელობის დაცვა | მომზადების გარკვეული დონე | მომზადების გარკვეული დონე | |
კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა | თავი 10: ციფრული ტრანსფორმაცია და მედია | მომზადების გარკვეული დონე | მომზადების გარკვეული დონე |
თავი 16: გადასახადები | მომზადების გარკვეული დონე | ზომიერად მომზადებული | |
თავი 17: ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა | ზომიერად მომზადებული | ზომიერად მომზადებული | |
თავი 19: სოციალური პოლიტიკა და დასაქმება | მომზადების გარკვეული დონე | მომზადების გარკვეული დონე | |
თავი 20: საწარმოების და ინდუსტრიული პოლიტიკა | ზომიერად მომზადებული | ზომიერად მომზადებული | |
თავი 25: მეცნიერება და კვლევა | ზომიერად მომზადებული | ზომიერად მომზადებული | |
თავი 26: განათლება და კულტურა | ზომიერად მომზადებული | ზომიერად მომზადებული | |
თავი 29: საბაჟო კავშირი | ზომიერად მომზადებული | ზომიერად მომზადებული | |
მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი დაკავშირებადობა | თავი 14: ტრანსპორტი | მომზადების გარკვეული დონე | მომზადების გარკვეული დონე |
თავი 15: ენერგეტიკა | მომზადების გარკვეული დონე | მომზადების გარკვეული დონე | |
თავი 21: ტრანს-ევროპული ქსელები | მომზადების გარკვეული დონე | მომზადების გარკვეული დონე | |
თავი 27: გარემო და კლიმატის ცვლილება | მომზადების ადრეული დონე | მომზადების ადრეული დონე | |
რესურსები, სოფლის მეურნეობა, კავშირი | თავი 11: სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება | მომზადების ადრეული დონე | მომზადების ადრეული დონე |
თავი 12: სურსათის უვნებლობა, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა | მომზადების გარკვეული დონე | მომზადების გარკვეული დონე | |
თავი 13: თევზის რეწვა | მომზადების გარკვეული დონე | მომზადების გარკვეული დონე | |
თავი 22: რეგიონული პოლიტიკა და სტრუქტურული ინსტრუმენტების კოორდინაცია | მომზადების ადრეული დონე | მომზადების გარკვეული დონე | |
თავი 33: საფინანსო და საბიუჯეტო დებულებები | მომზადების ადრეული დონე | მომზადების ადრეული დონე | |
საგარეო ურთიერთობები | თავი 30: საგარეო ურთიერთობები | ზომიერად მომზადებული | ზომიერად მომზადებული |
თავი 31: საგარეო, უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკა | ზომიერად მომზადებული | ზომიერად მომზადებული |
ასევე წაიკითხეთ:
- 03/02/2023 – ევროკომისიამ ევროკავშირის კანონთა კრებულთან შესაბამისობის შესახებ ანალიტიკური ანგარიშები გამოაქვეყნა
- 08/11/2023 – ევროკავშირის ელჩი: ეს არის დიდი აღიარება ევროკავშირის მხრიდან, თუმცა მნიშვნელოვანი სამუშაო რჩება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)