ახალი ამბები

სახდეპი ‘უცხოელი აგენტების’ შესახებ კანონპროექტზე შეშფოთებას გამოხატავს

თბილისში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის კომენტირებისას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა 17 აპრილს განაცხადა, რომ აშშ „რჩება ღრმად შეშფოთებული იმით, რომ კანონპროექტი ამოქმედდების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე მომუშავე მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაციას მოახდენს“.

მან ასევე განაცხადა: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტიკა, მედია ორგანიზაციები ქვაკუთხედია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს გაფრთხილებები, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე“.

პატელს ასევე სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებაზე, რომელსაც პარლამენტმა დღეს დაუჭირა მხარი და რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმოტანას გაამარტივებს. როგორც ჟურნალისტმა კითხვის დასმისას აღნიშნა, ეს ცვლილებები „აშკარად“ იქნება გამოყენებული „სანქციების თავიდან ასაცილებლად“. თუმცა, პრესსპიკერის მოადგილემ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, და აღნიშნა, რომ ის „არ იცნობს ამ კანონმდებლობას“, მაგრამ გაეცნობა მას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button