ქართული ოცნება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს ხელახლა აინიცირებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 3 აპრილს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ გააკეთა განცხადება. 2023 წლის 7-9 მარტის მასობრივი აქციების შემდეგ პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო. მდინარაძის თქმით, კანონპროექტის შინაარსი იგივე რჩება და მხოლოდ მისი სათაური იცვლება. შესაბამისად, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
„საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით. ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან, კანონპროექტის ინიცირებისთანავე, გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მზად ვიყავით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა. ჩვენს მიერ დღეს დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია“, – განაცხადა მდინარაძემ ბრიფინგზე.
მდინარაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა მმართველი პარტიის შარშანდელი ნარატივი, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება
განცხადებაში საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ „სამოქალაქო სექტორი რჩება ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორად საქართველოში“ და დასძენს, რომ გაუმჭვირვალობა არის „ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, რაც საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებული სიცხადით დაგვიდასტურა“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ წინა არჩევნების დროს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააყალბეს პარალელური ხმების დათვლის შედეგები. „სწორედ მათ მიერ გამოქვეყნებულმა ყალბმა დასკვნამ და განცხადებამ „ყველაზე ცუდი არჩევნების“ შესახებ შეუქმნა ხელოვნური საბაბი რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟს და არჩევნების შედეგების არაღიარებას, რის საფუძველზეც რადიკალები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ და ქვეყანას მთელი ერთი წლის მანძილზე მოსვენების საშუალებას არ აძლევდნენ. შესაბამისად, მდიდარი „ენჯეოები“ 2020-21 წლებში არა მხოლოდ რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში იდგნენ, არამედ მათ მისი მთავარი ინიციატორის ფუნქციაც კი იტვირთეს“.
განცხადების თანახმად, არასამთავრობოები „რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში მეორედ 2022 წლის ივნისში მოექცნენ“, როდესაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო. „მაშინ მდიდარი „ენჯეოები“ ვა-ბანკზე წავიდნენ და საკუთარი პოლიტიკური შინაარსი და რადიკალური დღის წესრიგი სრულად გააშიშვლეს, რადგან შედეგის მიღწევისა და კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი ჰქონდათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
„აქვე შეგახსენებთ, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ 2022 წელს გამართულ ყველა საპროტესტო აქციაში, რომელთა უმთავრესი მოთხოვნა სანქციებთან მიერთება და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა იყო… დღეს უკვე ყველასთვის ცხადია, თუ რა შედეგებამდე მივიყვანდით ჩვენს ქვეყანას, მათი კარნახით და ომისკენ მათი მოწოდებების შესაბამისად რომ გვემოქმედა“, – ნათქვამია განცხადებაში.
„წლების მანძილზე, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ საბჭოური სტილის კამპანიას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ამ მიზნით, ისინი ახორციელებენ სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეების სტიგმატიზებას. მიუხედავად იმისა, რომ „ენჯეოებმა“ დღემდე ვერ წარმოადგინეს სასამართლო საქმეები, რომლებიც სასამართლოში სისტემური ან თუნდაც, მეტ-ნაკლებად სერიოზული არა-სისტემური პრობლემების არსებობას დაადასტურებდა, ისინი დღესაც არ ამბობენ უარს ზემოაღნიშნული კამპანიის წარმოებაზე და გაუმჭვირვალე ფინანსების გამოყენებით, ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის შერყევას ცდილობენ“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობა.
„ქართული ოცნების“ თქმით, სასამართლო სისტემის კრიტიკა ყოველთვის უკავშირდებოდა იმ საქმეებს, რომლებშიც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ფიგურირებდნენ. „ეს იყო „რუსთავი 2-ის“, გიორგი უგულავას, ნიკანორ მელიას, ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და სხვა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეები, რომლებთან დაკავშირებითაც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს და კონკრეტული მოსამართლეების დისკრედიტირებას აქტიურად ცდილობდნენ“.
„შეგახსენებთ იმასაც, რომ „ენჯეოებს“ არ ჰქონდათ არავითარი რეაქცია, როდესაც ყოფილ და მოქმედ ქართველ მოსამართლეებს, „ბანგალორის პრინციპების“ წინააღმდეგ, ფაქტობრივი სანქციები შეუფარდეს და იგივე სანქციები მათი ოჯახის სრულწლოვან და არასრულწლოვან წევრებზეც გაავრცელეს, რაც ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში შელახვის უკიდურესი ფორმაა. ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ე.წ. სამოქალაქო სექტორისთვის სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებს ჩალის ფასიც კი არა აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასა და ე.წ. „ლგბტ“ პროპაგანდაში“, ასევე ისეთი კამპანიების განხორციელებაში, რომელთა მიზანი „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევაა“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არასამთავრობოების „ამ ისტერიულ კამპანიას სათავეში ჩაუდგა ადამიანი, რომელიც მაშინ ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის სტატუსს ატარებდა, სინამდვილეში კი, საქართველოში არა ამ ქვეყნის, არამედ „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებს წარმოადგენდა“.
„„ენჯეოების“ დაფინანსების სრული გაუმჭვირვალობის მიუხედავად, შარშან ჩვენთვის ცნობილი გახდა საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსების კონკრეტული ფაქტების შესახებ, რომლებიც რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ იყო მიმართული. კერძოდ, გასული ერთი წლის განმავლობაში, საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია „დროას“, ფრანკლინის კლუბის, კანვასის ტრენინგების, აგრეთვე უცხოური ფონდებიდან სხვა გაერთიანებებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, რომლებიც საქართველოში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას უწყობდა ხელს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც „„დროას“ დაფინანსება და სხვა მსგავსი შემთხვევები გვიჩვენებს, თუ რამდენად უხეშია შესაბამისი უცხოური ძალის დამოკიდებულება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის, ისევე, როგორც, ზოგადად, საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ. განვითარებულ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების უცხოური დაფინანსება მკაცრად იზღუდება“.
საპარლამენტო უმრავლესობა „დემოკრატიის ევროპულ ფონდს“ (EED) ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან „უკვე მოახდინა არალეგიტიმური გავლენა 2024 წლის არჩევნებზე, რაც აუცილებლად მოხვდებოდა ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში, შესაბამისი „ენჯეოები“ იგივე წყაროებიდან რომ არ იღებდნენ დაფინანსებას“.
„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ გვიკვირს, რომ ყოფილმა ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს შარშან სამარცხვინო ტყუილი აკადრა და ამერიკული კანონიდან გადმოწერილი კანონპროექტი, რომელსაც რუსეთში მოქმედ კანონთან საერთო არაფერი ჰქონდა, „რუსულ კანონად“ მონათლა. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ელჩის პირობებში, საქართველოში ექსტრემიზმის მხარდაჭერის პრაქტიკა შესუსტდა, გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ მოქმედი ელჩი ქართველ ხალხს ამგვარ ტყუილს არ აკადრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, ექსტრემიზმის მხარდაჭერის პრაქტიკა მართალია შესუსტდა, მაგრამ ამგვარი პრაქტიკა სრულად აღმოფხვრილი არ არის… ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ყველაზე მსხვილი ამერიკული და ევროპული ფონდების, მათ შორის „დემოკრატიის ნაციონალური ფონდისა“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ (EED) ფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. თუმცა, ვერ მივაღწიეთ ვერავითარ პროგრესს ამ ფონდების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით“, – ნათქვამია განცახდებაში.
საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ და მათმა ლობისტებმა „შარშან შეცდომაში შეიყვანეს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საკუთარი ხელით ათქმევინეს უარი კანონზე. „ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ქართული საზოგადოების ღირსების დაცვა ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. საზოგადოების მოტყუება არავის უნდა შერჩეს“.
„აქვე აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ავსტრალიაში, გასული წლის მანძილზე, ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთში და უკრაინაში, რაც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის საკითხის აქტუალობას დამატებით ადასტურებს. სახელმწიფოს სუვერენული უფლება და პასუხისმგებლობაა, ხალხისთვის და მისი დემოკრატიული მანდატით აღჭურვილი ხელისუფლებისთვის უზრუნველყოს ინფორმაციის გამჭვირვალობა უცხოური დაფინანსების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების დასასრულს, საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნავს, რომ „შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ და მათმა ლობისტებმა მიზანმიმართულად ჩაშალეს საგნობრივი დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან თავად ყველაზე უკეთ იცოდნენ, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ და ყველა მათი ე.წ. არგუმენტი ცარიელი სიცრუე იყო. წელს ყველას მოუწევს საგნობრივ დისკუსიაში შემოსვლა, რაც საზოგადოებას დაანახებს, თუ რა მასშტაბის სიცრუე აკადრეს მათ ქართულ საზოგადოებას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)