ქართველი ხალხის აქტი სანქციებისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვის შესახებ აშშ-ის სენატს წარედგინა
ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, სენატორებთან ჯიმ რიშთან, ბენ კარდინთან და პიტ რიკეტსთან ერთად, 23 მაისს აშშ-ს სენატში კანონპროექტი წარადგინა სახელწოდებით „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად საქართველოში და სხვა მიზნებისთვის, ან ‘ქართველი ხალხის აქტი’ (Georgian People’s Act (GPA’))“.
კანონპროექტი საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებებისა და პოლიტიკის საპასუხოდ რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის სანქციებს ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ, საგარეო დახმარების გადახედვასა და არსებული ორმხრივი ურთიერთობების გადაფასებას.
GPA ყურადღებას ამახვილებს აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, და ხაზს უსვამს, რომ ბოლო მოვლენები ამ ურთიერთობების უწყვეტობას და სულისკვეთებას ანგრევს. მასში ნახსენებია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ ხელახალი ინიცირება, შემდგომი მასშტაბური საპროტესტო აქციები, აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული არაპროპორციული ძალა, ოპოზიციონერი დეპუტატების საპარლამენტო მოსმენებიდან გაძევება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა 29 აპრილს გამართულ კონტრაქციაზე, ოპოზიციის წინააღმდეგ დაშინებისა და მუქარის გაგრძელება, ჟურნალისტებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები. შემდეგ კანონპროექტი ამ ახალ გარემოებაში საქართველოსთან ურთიერთობის პირობებს აზუსტებს, რაც ინდივიდუალური პირების მიმართ სანქციებსა და დახმარების პრიორიტეტების გადახედვას ითვალისწინებს.
კანონპროექტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მოაგვაროს ზემოთხსენებული საკითხები და მიიღოს ზომები იმ პირების, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი ისეთი ქმედებების ან პოლიტიკის განხორციელებაზე, რომლებიც მნიშვნელოვნად უთხრის ძირს მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტს ან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე გააგრძელოს რეფორმების გზა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი, გააგრძელოს წვლილის შეტანა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევაში, „მათ შორის რუსეთთან ვაჭრობაზე სანქციების დაწესებისა და რუსეთზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების გზით“.
კანონპროექტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პირი და მოხსნას მათ წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და უზრუნველყოს, რომ 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები იქნება „თავისუფალი, სამართლიანი და ქართველი ხალხის ნების ამსახველი“.
სანქციები
კანონპროექტი ხაზს უსვამს, რომ „აშშ-ის პოლიტიკა ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციურად გაცხადებული მისწრაფებების მხარდაჭერას“, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და ამბობს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბლოკირების ქმედებები „კორუმპირებული ოლიგარქიული ძალებისგან არასათანადო გავლენის გამო, კორუფციის ფორმას წარმოადგენს“. აქედან გამომდინარე, კანონპროექტში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა განიხილოს მოგზაურობაზე შეზღუდვები ან სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ისეთ ქმედებებზე, რომლებიც ხელს უშლის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
GPA-ში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ბოლოდროინდელი მოვლენების საპასუხოდ, უნდა გადააფასოს, მოჰყვება თუ არა საქართველოში ინდივიდუალური პირების მიერ განხორციელებულ ბოლოდროინდელ ქმედებებს აშშ-ს მიერ სანქციების დაწესება მნიშვნელოვანი კორუფციული და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. კანონპროექტში ნათქვამია, რომ „აშშ-მა უნდა განიხილოს ვიზების გაუქმების საკითხი აშშ-ში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის, „რომლებიც შეგნებულად ჩაერთნენ მნიშვნელოვან კორუფციულ ქმედებებში, ან ძალადობის და დაშინების აქტებში, საქართველოში ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების მიზნით“.
კანონპროექტის მიხედვით, ეს ხელახალი შეფასება უნდა დაიწყოს 2012 წლიდან და ყველა იმ პირს შეეხოს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში მაღალი თანამდებობები ეკავათ ან უკავიათ, ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების სახელით, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურების, დაზვერვის, სასამართლო, ადგილობრივი ან მუნიციპალური ხელისუფლების სახელით მოქმედებენ. ვიზების შეზღუდვა შეეხებათ როგორც ამ პირებს, ისე მათი ოჯახის წევრებს.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სანქციებს საქართველოში მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისთვის. ეს სანქციები შეეხება როგორც პასუხისმგებელ პირებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს და მოიცავს ქონებაზე უფლების შეზღუდვას, ვიზაზე უარის თქმასა და ანულირებას, ა.შ.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონისა და სხვა კანონმდებლობის მიღებას, რომელიც აფერხებს მის ინტეგრაციას ევროკავშირში, კანონპროექტის თანახმად, აშშ-ს მთავრობა ხელახლა შეაფასებს საქართველოს მიმართ პოლიტიკას და გადახედავს საქართველოსთვის ამჟამად ხელმისაწვდომ საგარეო დახმარებას, ასევე დახმარებას უსაფრთხოების სფეროში.
საგარეო დახმარების ყოვლისმომცველი გადახედვა
კანონპროექტი ავალებს სახელმწიფო მდივანს, აქტის ამოქმედების დღიდან არაუგვიანეს 60 დღისა და USAID-ის ადმინისტრატორთან და სხვა შესაბამის ფედერალურ სააგენტოებთან კოორდინაციით, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს ანგარიში, სადაც აღწერილი იქნება ნებისმიერი დახმარება, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებას გაუწია და რომელიც არ იქნა მიმართული დემოკრატიის განვითარებასა და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, ასევე წარმოადგინოს დეტალური მიმოხილვა თითოეული პროექტისა და მისთვის გამოყოფილი დაფინანსების შესახებ.
კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა იმ პროექტის შეჩერებას, რომელთაც ახორციელებს სახელმწიფო დეპარტამენტი ან შეერთებული შტატების სხვა სამთავრობო უწყებები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა მატერიალურ დახმარებას უწევენ სახელმწიფო მოღვაწეებს, ოფიციალურ პირებს, ან მათ უფლებამოსილ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას და ხელს უწყობენ რუსეთის აგრესიას საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგი – ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტი – ასევე უნდა შეჩერდეს.
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა შენარჩუნებულია
რაც შეეხება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, კანონპროექტი ხაზს უსვამს საქართველოსთან ძლიერ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და მადლიერებას გამოხატავს საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილისთვის საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, მათ შორის ნატოს ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციებში ავღანეთში და ა.შ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა შეძლებისდაგვარად უნდა შეინარჩუნოს ძლიერი კავშირები შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის.
დამატებითი ზომები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად
კანონპროექტი ხაზს უსვამს, რომ აშშ პოლიტიკა კვლავ მიმართული იქნება დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერისკენ, რათა ხელი შეუწყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, გაერთიანების თავისუფლებას, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, მედიის დამოუკიდებლობას, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობას, მავნე გავლენასთან დაპირისპირებას და ანტიკორუფციულ ძალისხმევას.
GPA-ის თანახმად, აშშ კვლავ მზადაა:
- მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას;
- მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს და სსო-ებს, რომლებიც ასახავენ ქართველი ხალხის სწრაფვას დემოკრატიისა და ევროპის ხალხთან საერთო მომავლისკენ;
- მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების შესაძლებლობას დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის შემდგომი აგრესიისა და ხელყოფისაგან;
- მხარი დაუჭიროს შიდა და საერთაშორისო ძალისხმევას, მათ შორის უზრუნველყოს დაკვირვება არჩევნების წინ და არჩევნების დღეს, რათა დაეხმაროს 2024 წლის ოქტომბერში საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას;
- მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის უფლებას, თავისუფლად მიიღოს მონაწილეობა მშვიდობიან პროტესტში, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და გააკეთოს დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, მათ შორის სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით, სხვა ქვეყნების ან მათი სახელით მოქმედი პირების მხრიდან ჩარევის, დაშინების ან იძულების გარეშე.
„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღების საპასუხოდ, სახელმწიფო მდივანმა და USAID-ის ადმინისტრატორმა უნდა განიხილონ შემდგომი ძალისხმევა, რათა დაადგინონ – როგორ გააგრძელონ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების მხარდაჭერა და უნდა გამოეყოს თუ არა დამატებითი სახსრები დემოკრატიის ეროვნულ ფონდს საქართველოში განსახორციელებელი ინიციატივებისთვის.
კანონპროექტში მითითებულია, რომ სახელმწიფო მდივანმა შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით კანონპროექტის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 120 დღისა უნდა წარადგინოს კიდევ ერთი დოკუმენტი – ანგარიში საქართველოში დეზინფორმაციისა და კორუფციის შესახებ. ამავე პერიოდში წარმოდგენილი უნდა იყოს ანგარიში საქართველოში პოლიტპატიმრების შესახებ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)