ახალი ამბები

საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განცხადება ოთხი ნაწილისგან შედგება: პოლიტიკური განზომილება, ეკონომიკური განზომილება, ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილება და საერთაშორისო განზომილება.

პოლიტიკური განზომილების ნაწილში, მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს. მხარეები ერთმანეთს მიიჩნევენ „მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად“, ხოლო „ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას თავიანთი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად მიიჩნევენ“. საქართველოს სწამს, რომ ჩინეთის მოდერნიზაცია „ახალ გზას და ახალ არჩევანს სთავაზობს კაცობრიობას მოდერნიზაციის მისაღწევად“. მხარეები გამოთქვამენ მზაობას მმართველობის სფეროში არსებული გამოცდილების გაცვლის კუთხით, „საერთო განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“. პოლიტიკური განზომილების ნაწილში სტრატეგიული პარტნიორობის სხვა ელემენტებია პოლიტიკური კონსულტაციების გაძლიერება,   ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, ისევე როგორც პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარტიებს შორის კავშირების გაფართოება, რათა „მოხდეს გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობის გამყარება სხვადასხვა მიმართულებით“.

რას შეეხება ეკონომიკურ განზომილებას, მხარეებმა გამოხატეს მზაობა ორმხრივი ვაჭრობის შემდგომ მატებასთან მიმართებით, მისი სტრუქტურის ოპტიმიზაციასთან, სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოებასთან, საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით. საქართველო მიესალმება ჩინეთის მიერ შემოთავაზებული „სარტყელისა და გზის” ინიციატივას. მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას ხსენებული ინიციატივის ფარგლებში, რათა „თანამშრომლობა მეტი ძალითა და შესაძლებლობებით წარიმართოს“ და უზრუნველყოფილი იქნას მდგრადი განვითარება.

მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას „ხელი შეუწყონ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას; მხარეები მოახდენენ თანამშრომლობის სტიმულირებას ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების, ციფრული ტექნოლოგიების, წარმოების, სარკინიგზო ქსელების განახლებისა და განვითარების, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის, წყლის რესურსების, გარემოს დაცვის, გაუდაბნოებასთან ბრძოლის, წყლის დემინერალიზაციის, სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების, დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და ნოუ-ჰაუს გაზიარების, საკადრო რესურსების გადამზადების მიზნით“.

ჩინეთი და საქართველო გააგრძელებენ თანამშრომლობის გაღრმავებას 2018 წელს ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში; აქტიურად მოხდება ხსენებული შეთანხმების გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოყენება. მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში. ჩინეთი მხარს უჭერს და ხაზს უსვამს თბილისში აბრეშუმის გზის მე-4 ფორუმის მნიშვნელობას, რომლის თემა გახლავთ „დღევანდელი დაკავშირებულობა, ხვალინდელი მდგრადობისთვის” და რომელიც 2023 წლის 26-27 ოქტომბერს თბილისში გაიმართება.

ჩინეთსა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას საქართველო მიიჩნევს „პრაგმატულ, ღია და ურთიერთ-სასარგებლო რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმად“. ჩინეთი მიესალმება საქართველოს ინტერესს ამ თანამშრომლობის მექანიზმში ჩაერთოს დამკვირვებლის რანგში.

დოკუმენტის თანახმად, ჩინეთი შეისწავლის საქართველოს მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული დაკრედიტების საკითხს.

ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილების ნაწილში,  მხარეები გამოთქვამენ მზაობას აქტიურად აწარმოონ სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა, განაახლონ შეთანხმება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც 1993 წელს იქნა ხელმოწერილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის. მხარეები თანხმდებიან გააძლიერონ კულტურული თანამშრომლობა, მათ შორის ტურიზმის, ჯანდაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის მიმართულებით, ასევე უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა.  

მხარეები ხელს შეუწყობენ უნივერსიტეტებს ერთობლივი სასწავლო პროგრამების მსგავსი პრაქტიკული თანამშრომლობის განხორციელებას; წახალისდება „უნივერსიტეტების მიერ მაღალი ხარისხის ციფრული საგანმანათლებლო რესურსების სრული გამოყენება და მათი გათვალისწინება თანამშრომლობის ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში“. მხარეები „ხელს შეუწყობენ სტუდენტების ურთიერთ-გაცვლას და ერთობლივ განვითარებას, სამთავრობო სასტიპენდიო ინსტრუმენტებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით“. დოკუმენტის თანახმად, მხარეები მნიშვნელობას ანიჭებენ ენების შესწავლის მიზნით გაცვლისა და თანამშრომლობის პროგრამებს, წაახალისებენ ორივე ქვეყნის სკოლებს ჩინური და ქართული ენების შესწავლისკენ; მზაობას გამოთქვამენ ენის პედაგოგების გაცვლითი პროგრამების განხორციელებისა და გადამზადებისთვის; მხარს უჭერენ კონფუცის ინსტიტუტების (საკლასო ოთახების) განვითარებას.

რაც შეეხება საერთაშორისო განზომილების ნაწილს, მხარეები „გააძლიერებენ კოორდინაციას და თანამშრომლობას რეგიონალურ და საერთაშორისო საქმეებში, ჭეშმარიტი მულტილატერალიზმის ერთობლივ მხარდაჭერას; მტკიცედ დაიცავენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ირგვლივ შექმნილ საერთაშორისო სისტემას, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე დამყარებულ საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველზე ძირეულ ნორმებს; წაახალისებენ ახალი სახის საერთაშორისო ურთიერთობების დანერგვას“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო და ჩინეთი მხარს უჭერენ „კაცობრიობის საერთო ღირებულებების – მშვიდობის, განვითარების, თანამშრომლობის, სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების ხელშეწყობას; პატივს სცემენ ყველა ხალხის დამოუკიდებელ არჩევანს მათი ეროვნული შესაძლებლობების შესაბამისი განვითარების გზის განსაზღვრაში და ხელს უწყობენ კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნას“.

საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური განვითარების ინიციატივას და მზადაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს ხსენებული ინიციატივის ფარგლებში წარმოებულ თანამშრომლობაში, რათა დაჩქარდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელება.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას. მხარეებს სურთ ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერება ხსენებული ინიციატივის ფარგლებში და ერთობლივ ძალისხმევას ახორციელებენ მშვიდობიანი და სტაბილური საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოსთვის, რეგიონში ქვეყნების საერთო განვითარების ხელშეწყობისა და დაცვისთვის.

საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური ცივილიზაციის ინიციატივას. მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ ხსენებული ინიციატივის განსახორციელებლად.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button