გაყოფილი გზები? უკრაინა და საქართველო ნატოს ვილნიუსის სამიტზე
უკრაინის მოსალოდნელი პროგრესი?
The Washington Post-მა 15 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, როგორც ამბობენ, არ ეწინააღმდეგება გეგმას, რომელიც ალიანსში კიევის შესაძლო წევრობისთვის ბარიერებს მოხსნის.
- Politico-ს ინფორმაციით, „ამერიკის ორმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ბაიდენი მიესალმება უკრაინის სამხედრო ალიანსში შესვლისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის, ანუ MAP-ის გაუქმებას.
- გავრცელებული ინფორმაციით, ეს შემოთავაზება ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისგან მოდის და ის საშუალებას მისცემს უკრაინას უარი თქვას კანდიდატობის მიღების ფორმალურ პროცესზე, რაც მის გაწევრიანებას დააჩქარებს.
- ოფიციალური განცხადება, სავარაუდოდ, ივლისში ვილნიუსში დაგეგმილ ნატოს სამიტზე გაკეთდება.
რა არის MAP?
MAP კანდიდატი (ანუ ნატოს ენაზე „ასპირანტი“) ქვეყნისგან, წევრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ნატოს რჩევითა და დახმარებით, სამხედრო და დემოკრატიული რეფორმების გატარებას მოითხოვს. ნატოს ქარტიაში არ არის ნახსენები MAP-ი, როგორც გაწევრიანების პროცესის ფორმალური ნაწილი, თუმცა 1990-იანი წლების ბოლოდან იგი წევრობისკენ მიმავალ გზაზე შეუქცევად ეტაპად განიხილება. მიუხედავად ამისა, ფინეთისთვის, ალიანსის სულ ახალი წევრისთვის, და შვედეთისთვის, ასევე წევრობის პრეტენდენტისთვის, MAP-ის არსებობა გასაწევრიანებლად არ მოუთხოვიათ.
როგორ მიდის საქმე?
უკრაინის ნატოში გაწევრიანების დაჩქარების და/ან სრულყოფილ გაწევრიანებამდე უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის იდეა, როგორც ჩანს, სულ უფრო აქტიური ხდება.
- პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის უსაფრთხოების მკაფიო და ხელშესახები გარანტიების მიცემისკენ მოუწოდა.
- ევროპარლამენტმა 15 ივნისს ფართო მხარდაჭერით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც გამოთქვა იმედი, რომ „გაწევრიანების პროცესი ომის დასრულების შემდეგ დაიწყება და რაც შეიძლება მალე დასრულდება“. პარლამენტმა ასევე განაცხადა, რომ სრულ წევრობამდე ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა, ნატოს მოკავშირეებთან და თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების დროებითი ჩარჩოს შემუშავებისთვის.
როგორაა საქართველოს საქმე?
საქართველომ და უკრაინამ ე.წ. ბუქარესტის დაპირება შესაძლო წევრობის შესახებ ერთდროულად, 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტზე მიიღეს. მაშინ მოკავშირეებმა, გერმანიისა და საფრანგეთის ძლიერი წინააღმდეგობების გამო, ორ ქვეყნისთვის MAP-ის მინიჭებაზე უარი თქვეს.
- ბუქარესტში მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ საბოლოო გაწევრიანება მოხდება, ხოლო „MAP-ი პროცესის განუყოფელი ნაწილი იქნება“. მას შემდეგ ეს ფორმულა ნატოს შემდგომ სამიტებზე მეორდება.
- როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას 2008 წლიდან პრაქტიკული ინსტრუმენტები მიანიჭეს მათი მედეგობის, თავდაცვის შესაძლებლობებისა და თავსებადობის ასამაღლებლად. მიუხედავად ამისა, მათ MAP ვერ მიიღეს იმ შიშების გამო, რომ ეს რუსეთს გააღიზიანებდა.
- საქართველო ცდილობდა მიეღწია გადაწყვეტილებისთვის, რომ ნატოს სამიტების ფორმულირებაში MAP-ი აღარ ყოფილიყო ნახსენები. ზოგიერთი მოკავშირის მხარდაჭერის მიუხედავად, კონსენსუსი არ შედგა. საბოლოოდ, საქართველომ უარი თქვა ამ მცდელობებზე იმის შიშით, რომ ბუქარესტის სამიტის ფორმულირებების აქტუალიზაცია უარესი ფორმულირებით დასრულდებოდა. თუმცა, ეს მანამდე იყო, სანამ რუსეთი 2022 წელს უკრაინას დაესხმებოდა თავს.
რა მოხდება ახლა?
გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველო ნატოს კიდევ უფრო დაუახლოვდა და ინტეგრაციის უფრო მეტი ინსტრუმენტი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ასპირანტ ქვეყანას.
- ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელსაც საქართველო 2009 წლიდან ახორციელებს, ასახავს იმ პროგრამას, რომელსაც MAP-ის მქონე ქვეყნები ახორციელებენ.
- ალიანსმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს „ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად“.
MAP მხოლოდ პოლიტიკური სიმბოლო გახდა; თუმცა, მის გარეშე უკრაინა და საქართველო გაწევრიანების ჩიხში ჩარჩნენ. უკრაინაში რუსეთის სასტიკმა სრულმასშტაბიანმა ომა ეს სიტუაცია შეცვალა. ადრე ფრთხილი ევროპული სახელმწიფოები ნათლად ხედავდნენ, რომ რუსეთის მეზობლები მოწყვლადები იყვნენ აგრესორისგან სანდო დაცვის გარეშე.
ენთუზიაზმის შენელება
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის იმპულსის შენელების მკაფიო ნიშნები შეინიშნება:
- უკრაინის პოტენციური გაწევრიანების შესახებ დისკუსია აქამდე საქართველოს გამორიცხავდა.
- საქართველოს ოფიციალური პირები, მათი უკრაინელი კოლეგებისგან განსხვავებით, ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებენ.
- თავდაპირველი ცნობებით, თბილისს ვილნიუსში პრემიერმინისტრის ნაცვლად საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს, რაც შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ოფიციალური პირები მნიშვნელოვან გარღვევას არ ელიან.
- 16 ივნისს პარლამენტში გამართულ „მინისტრის საათზე“ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა არ ახსენა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზის გამარტივების შესაძლებლობა და მხოლოდ ის თქვა, რომ სამიტის კომუნიკეში საქართველო იქნება ნახსენები.
- დეპუტატებთან საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა, როგორც ჩანს, მხარი დაუჭირა თბილისის ახალი აეროპორტის აშენების გეგმას ვაზიანის ამჟამინდელი სამხედრო ბაზის ადგილზე. ზოგიერთმა სამხედრო ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ძირს გამოუთხრის ვაზიანის ბაზის უნიკალურ სტრატეგიულ და სამხედრო მნიშვნელობას. სწორედ ეს ბაზა მასპინძლობს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს (JTEC) და საქართველო-ნატო-ს წვრთნებს.
გაფართოების იმავე „კალათიდან“, სადაც უკრაინაა, საქართველოს ამოღება იქნება სიგნალი კრემლისთვის საქართველოს მოწყვლადობის თაობაზე და უსაფრთხოების რისკებს გაზრდის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)