ეკონომიკის მინისტრმა ანაკლიის პორტის შესარჩევ კონკურსში ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი გამარჯვებულად გამოაცხადა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 29 მაისს განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო პარტნიორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმია, რომელიც ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ორ ფინალისტს – ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს და შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ კომპანიას – რომლებიც გასული წლის სექტემბერში გამოვლინდნენ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში თავიანთი საპროექტო წინადადებების წარდგენის ვადა 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ, თუმცა მხოლოდ ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა წარმოადგინა თავისი წინადადება.
შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია იყო Terminal Investment Limited, რომელმაც, დავითაშვილის თქმით, თებერვლიდან მაისამდე ვადის გახანგრძლივების მიუხედავად, წინადადება ვერ წარმოადგინა. ჩინური კონსორციუმი, რომელმაც ასევე ითხოვა ვადის გახანგრძლივება და შეძლო წინადადების დროულად წარდგენა, აერთიანებს China Communication Constriction Company LTD-ს და China Harbor Investment-ს, რომლის ქვეკონტრაქტორებიც არიან China Road and Bridge Corporation და Qingdao Port International Co Ltd.
„სააგენტომ საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით შეისწავლა კანდიდატების მიერ წარმოდგენილი წარმოდგენილია შესაბამისი საბანკო გარანტიები. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში გვექნება დაზუსტებები [ჩინურ კონსორციუმთან], რომლის შემდეგაც გამოვაცხადებთ გამარჯვებულეად ჩინური კონსორციუმს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მშენებლობის საკუთარ ნაწილს უახლოეს მომავალში დაიწყებს სახელმწიფო კომპანია „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი“, რომელიც პროექტის 51%-ს ფლობს. პარალელურად, პორტის მშენებლობის განსახორციელებლად სხვა კერძო კომპანიაც იძებნება, და დავითაშვილის თქმით, მშენებლობაზე ტენდერი მსოფლიო ბანკის წესებით ჩატარდა და სამმა კანდიდატმა კომპანიამ წარმოადგინა განაცხადები. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ამ განაცხადების განხილვა მიმდინარეობს და ტენდერში გამარჯვებული უახლოეს დღეებში გამოვლინდება.
ასევე წაიკითხეთ:
- 19/03/2024 – ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
- 22/09/2023 – ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ კონკურსში მეორე ეტაპზე ჩინურ-სინგაპურული და შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კონსორციუმები გადავიდნენ
- 06/09/2023 – ჩინეთის ელჩი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისადმი ჩინეთის ინტერესზე საუბრობს
- 20/02/2023 – მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა
- 12/12/2022 – ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)