skip to content
მოსაზრებაწერილები

ნატო-ს ვაშინგტონის სამიტი: საქართველოს უპრეცედენტო უკუსვლა, რომლის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება 

2024 წლის 9-11 ივლისს ვაშინგტონში ნატო-ს 75-ე საიუბილეო სამიტი გაიმართა. სამიტის დღის წესრიგის მთავარი საკითხები იყო შეკავება და თავდაცვა, უკრაინა და გლობალური პარტნიორობა. 


ავტორის შესახებ: თემურ კეკელიძე საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) უფროსი მკვლევარი და კარიერული დიპლომატია. 2012-2016 წლებში იგი იყო ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე. 2020-2023 წლებში მსახურობდა საქართველოს ელჩად კვიპროსში. 


გასაკვირი არ არის, რომ სამიტს ფოკუსი უკრაინაზე ჰქონდა: 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და განსაკუთრებით 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის საკითხს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებასა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკურ დღის წესრიგზე უდიდესი გავლენა აქვს. 

საქართველო ვაშინგტონის სამიტზე

საერთაშორისო არენაზე განვითარებული იმ უმნიშვნელოვანესი პროცესების ფონზე, რომლებიც გამოწვევებთან ერთად უნიკალურ გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს აჩენს, საქართველო ნატო-ს დღის წესრიგიდან ქრება. ეს ყველაზე ნათლად ვაშინგტონის სამიტზე გამოჩნდა. სამიტმა აჩვენა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა და საქართველოს ალიანსში გაწევრების პროცესი დე-ფაქტო შეწყდა.

ამაზე, პირველ რიგში, მეტყველებდა ვაშინგტონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის არყოფნა. იგი თავისი წინამორბედის მსავსად, ნატო-ს სამიტზე დაპატიჟებული არ ყოფილა. თუმცა უფრო სერიოზული ნიშანი იყო ის, რომ საქართველო თითქმის გამქრალია ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციიდან. აღნიშნულ დოკუმენტში საქართველო მხოლოდ ერთხელაა ნახსენები, ისიც მხოლოდ იმ ნაწოლში, სადაც ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები მოლდოვადან და საქართველოდან. 

ეს უპრეცედენტო შემთხვევაა იმის გათვალისწინებით, რომ გასულ 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით კი 2008 წლის შემდგომ, სამიტების დეკლარაციებში ნატო-საქართველოს შორის მზარდი და მრავალფეროვანი პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა და საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესი მუდამ ხაზგასმული იყო. ალბათ ყველაზე საგანგაშო მაინც ის იყო, რომ 2008 წლის შემდეგ პირველად ნატოს სამიტის დასკვნით დოკუმენტში მოკავშირეები არ ადასტურებენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება. 

არც ორმხრივი ურთიერთობების კუთხით ყოფილა სამიტი საქართველოსთვის იმედისმომცემი: შედგა მხოლოდ ორიოდე შეხვედრა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს უცხოელმა კოლეგებმა ხაზგასმით მოუწოდებს “აგენტების” შესახებ კანონის გადახედვისკენ. ხოლო მაშინ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სამიტის ფარგლებში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მსგავსი შეხვედრა არ გამართულა. 

ვაშინგტონში საქართველოს წარმუმატებლობა არ ყოფილა ცალკეული შემთხვევა. სამიტის შედეგები ასახავს დასავლეთთან ურთიერთობების ბოლოდროინდელ გაუარესებას, რისი გამოვლინებაც არის ევროკავშირში გაწევრების პროცესის გაყინვა და აშშ-ს მიერ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა. ეს სავალალო შედეგი მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ანტი-დასავლური პოლიტიკისა და კრემლის სტილის პროპაგანდის შედეგია, რომელიც ე.წ. “რუსული კანონის” (კანონი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ) მიღებით დაგვირგვინდა. 

უკუსვლა ნატო-საქართველოს ურთიერთობებში – ფართო ტენდეციის ნაწილი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატო-საქართველოს ურთიერთობები გაუარესდა. ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების პრო-რუსული ნაბიჯები, რეფორმებში უკუსვლა და ანტი-დასავლური რიტორიკა გახდა. 2023 წლის ივნისში, ნატო-ს ვილნიუსის სამიტამდე ორიოდე კვირით ადრე საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, GLOBSEC-ის ფორუმზე საუბრის დროს კრემლის ნარატივი გაიმეორა და უკრაინაში ომის დაწყება დააბრალა ნატო-ს გაფართოებასა და კიევის სურვილს, გამხდარიყო ალიანსის წევრი. 

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გასული წლის ნატო-ს ვილნიუსის სამიტს არ დასწრებია. აღნიშნულ სამიტზე მოკავშირეებმა უკრაინას ნატო-ში გაწევრების სამოქმედო გეგმის (MAP) შესრულების მოთხოვნა მოუხსნეს, რამაც ალიანსში ქვეყნის შესვლის გზა გაამარტივა. საქართველოსაც შეეძლო MAP-ის მოთხოვნის მოხსნისთვის ებძოლა – ბოლოს და ბოლოს, მოკავშირეებმა 2016 წელს დაადასტურეს, რომ “ქვეყანას გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ში გასაწევრიანებლად.” 

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, მმართველ პარტიას საერთოდ აღარ აქვს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ინტერესი. მას არც დემოკრატიული რეფორმების გატარების სურვილი აქვს, რაც ხელისუფლებამ ევროკავშირის რეკომენდაციების აშკარა უგულვებელყოფით ნათლად გამოაჩინა. ამ რეფორმების შესრულება, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში პროგრესისთვის აუცილებელია, თავისთავად ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსაც გაამარტივებდა. ეს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც განუმარტა პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, როდესაც უთხრა: “რასაც თქვენ აკეთებთ ევროკავშირში გაწევრებისთვის, იგივე დაგჭირდებათ ნატოს სრულუფლებიანი მოკავშირეობისთვის.” 

ათწლეულების განმავლობაში საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის ატარებდა აქტიურ პოლიტიკას. ქვეყანას ამბიციური პოლიტიკური გეგმები ჰქონდა, რასაც შთამბეჭდავი რეფორმები და ნატო-ს მისიებში შეტანილი უდიდესი წვლილი ზურგს უმაგრებდა. ამ პოლიტიკამ საქართველო ნატო-ს ასპირანტ ქვეყნად აქცია. გარდა ამისა, რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციისაკენ მიმართული აქტიური პოლიტიკის წყალობით ქვეყანა ასოცირებული ტრიოს (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ლიდერი გახდა.

მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში ჩვენ ვიხილეთ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმართული პოლიტიკის შემობრუნება და მისი ჩანაცვლება ე.წ. “მრავალვექტორული დიპლომატიით,” რომელიც საქართველოს დასავლეთისგან იზოლირებულს ხდის და იგი რუსეთისკენ მიჰყავს. 

მთავრობის პრო-რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულება იყო უდიდესი საპროტესტო აქციებისა და დასავლელი პარტნიორების მკაცრი კრიტიკის მიუხედავად “რუსული კანონის” მიღება. კანონი ნატო-სთან ერთად საქართველოს სხვა საერთაშორისო პარტნიორებმაც გააკრიტიკეს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონის მიღება “საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ყველა ძალისხმევას ეწინააღმდეგება,” ხოლო ხავიერ კოლომინამ, ნატო-ს გენერალური მდივნის ასისტენტის მოადგილემ განაცხადა, რომ “კანონპროექტი უკანგადადგმული ნაბიჯია და არ აწინაურებს [საქართველოს] ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.” 

რიტორიკისა და დემოკრატიული უკუსვლის გარდა, ნატო-ს გზიდან საქართველოს გადახვევის კიდევ რამდენიმე ნიშანი არსებობს. მათ შორის იყო 2024 წლის მარტში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სტრატეგიული კომუნიკაციის ინიციატივის (SNGP StratCom Initiative) გაუქმება; ასევე მიმდინარე წლის დასაწყისში მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სტრატეგიული მნიშვნელობის ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამოქალაქო აეროპორტი უნდა აშენდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა ვაზიანის სამხედრო ბაზის ნორმალური ფუნქციონირების პარალიზება გამოიწვიოს, ექსპერტებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მკაცრად გააკრიტიკეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ამით საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დაზიანდება. 

ვაზიანის ბაზა მულტიფუნქციური სამხედრო ცენტრია. საქართველოს თავდაცვის სისტემის სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებთან ერთად აქ, სქართველოს თავდაცვის სისტემის სხვა მნიშვნელოვან ელემენტებთან ერთად, განლაგებულია საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC), რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ნაწილია. ალიანსსა და ინდივიდუალურად მის წევრ ქვეყნებს ვაზიანის ბაზის განვითარებაში მსხვილი ინვესტიცია აქვთ ჩადებული. მისი დახურვა სერიოზულად დააზიანებს საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს, ნატო-სთან ქვეყნის თავდაცვის თავსებადობასა და ზოგადად, საქართველოს, როგორც ალიანსის პარტნიორისა და ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის, სანდოობას. 

გარდა იმისა, რომ უკვე არსებულ მიღწევებს ეთხრება ძირი, საქართველო ახალ შესაძლებლობებსაც კარგავს. 2024 წლის იანვარში თურქეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს შავ ზღვაში ნაღმების საწინააღმდეგო საზღვაო ჯგუფის (MCM Black Sea) შექმნის შესახებ. აღნიშნული ინიციატივის მიზანი შავ ზღვაში ნაღმების გაუვნებელყოფაა. ინიციატივა 2024 წლის 1-ლ ივლისს გააქტიურდა. მასში მონაწილეობით საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული სარგებლის მიღება შეეძლო, რაც ნატო-სთან შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობაში ახალ განზომილებას გააჩენდა. თუმცა ინიციატივის გამოცხადების დღიდან საქართველოს ხელისუფლებას არ გაუკეთებია არცერთი საჯარო განცხადება, რომლითაც იგი მასში მონაწილეობის სურვილს გამოხატავდა. 

აშშ-ის გადაწყვეტილებას, განუსაზღვრელი დროით გადაედო “ღირსეული პარტნიორის” სამხედრო წვრთნები, რომელიც ამერიკული და ქართული მხარეების ერთობლივი მონაწილეობით ტარდებოდა, მრავალი უარყოფითი შედეგი აქვს – მათ შორის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის. მსგავსი ტიპის წვრთნები ნატო-ს წევრ ქვეყნებთან თავსებადობისა და ურთიერთობების გასაღრმავებლად უმნიშვნელოვანესია. პენტაგონის თანახმად, წვრთნების გაუქმების მიზეზი იყო “საქართველოს ხელისუფლების ყალბი ბრალდებები ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, თითქოს ისინი საქართველოს რუსეთთან მეორე ფრონტი გახსნას აიძულებდნენ; ასევე მათი განცხადებები მმართველი პარტიის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების ორ მცდელობაში გლობალური ომის პარტიის [დასავლეთის] სავარაუდო მონაწილეობაზე.” მეტიც, აშშ-ის აღნიშნული გადაწყვეტილება “ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის” ნაწილია, რომელიც ვაშინგტონმა 2024 წლის 30 მაისს დააანონსა. 

მოვლენათა ამგვარი საგანგაშო განვითარება საქართველოს უკიდურესად მოწყვლადს ხდის ამჟამინდელი უსაფრთხოების მერყევ გარემოში. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის პოტენციური გაწყვეტა, მათ შორის მტკიცედ ჩამოყალიბებული ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ჩამოშლა, ნატო-სთან მიმართებით საქართველოს ამბიციებსა და ზოგადად, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემას მძიმე დარტყმას მიაყენებს. 

გულის აცრუება? 

როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნატო-ში გაწევრიანების პროაქტიული და ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც ათწლეულების ითვლის, პასიური მიდგომით შეცვალოს. თუკი მოვლენათა ამჟამინდელი განვითარება სწორედ ამაზე მიუთითებს, მმართველმა პარტიამ შესაძლოა ნეიტრალიტეტის იდეის შემოტანა სცადოს. საინტერესოა, რომ ნეიტრალიტეტის საკითხი ვაშინგტონის სამიტის პარალელურად გააქტიურდა. 2024 წლის 10 ივლისს “ქართულ ოცნებასთან” ასოცირებულმა პირებმა საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” შესაძლოა. 

ამას მოჰყვა 14 ივლისს ირაკლი რუხაძის, მთავარი სახელისუფლებო მედია “იმედის” მფლობელის, ინტერვიუ, რომელშიც მან საქართველოს კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ ჩანაწერის არსებობა გააკრიტიკა და შესაბამის მუხლს “სისულელე” უწოდა. რუხაძე “ქართულ ოცნებასთან” ასოცირებული პირია. ძველად იგი “ქართული ოცნების” ამჟამინდელი საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ბიზნესპარტნიორიც იყო. 

ასეთ კრიტიკულ მომენტში, და მაშინ როცა ნატო წესებზე დამყარებული საერთაშორისო სისტემის წინაშე მდგარ საფრთხეებთან გასამკლავებლად ემზადება, იმის ნაცვლად, წომ ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ხელახლა განსაზღვროს საკუთარი ადგილი და გააძლიეროს საკუთარი როლი, საქართველო, როგორც ჩანს, ალიანსის გაფართოების დღის წესრიგიდან გაქრა.

ვაშინგტონის სამიტი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოს საკითხის დასაწინაურებლად და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით პროგრესის მისაღწევად. თუმცა მმართველი პარტიის პრო-რუსული პოლიტიკის გამო, რომელსაც ქვეყანა იზოლაციისა და ავტორიტარიზმის იმ ნაცრისფერ არეალში მიჰყავს, სადაც კრემლი დომინირებს, ვაშინგტონის სამიტი ქვეყნისთვის კიდევ ერთი დაკარგული შესაძლებლობა აღმოჩნდა. აღნიშნულმა პოლიტიკამ საქართველო ევრო-ატლანტიკურ სივრცეში განვითარებულ მთავარ პროცესებსა და ნატო-ში გაწევრების დღის წესრიგს ჩამოაშორა. 

სტატიაში გამოხატული მოსაზრებები და შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და ისინი შესაძლოა არ ასახავდეს სამოქალაქო საქართველოს სარედაქციო გუნდის ოფიციალურ პოლიტიკასა და პოზიციას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button