თბილისში პირველი რუსული თვითმფრინავი პროტესტის ფონზე დაეშვა
საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ, 19 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვიდან პირველი თვითმფრინავი ოპოზიციონერი პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა.
აეროპორტის ტერიტორიაზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა რუსეთთან პირდაპირი ფრენის განახლება საპროტესტო ბანერებით, სასტვენებით და ფრენების საწინააღმდეგო შეძახილებით გააპროტესტეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის 10-მდე პირი დააკავეს.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ფრენების განახლება ევროინტეგრაციის კურსიდან გადახვევას ნიშნავს. მათვე ხაზი გაუსვეს, რომ რომ რუსული თვითმფრინავის თბილისში დაშვება აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის მახლობლად რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის მე-7 წლისთავს სიმბოლურად დაემთხვა.
რუსული თვითმფრინავის მგზავრებს შორის პრორუსული ორინენტაციის ქართველი პოლიტიკოსები და ჟურნალისტებიც იყვნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი უკმაყოფილება Twitter-ზე გამოხატა და აღნიშნა, რომ „ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა მაინც განახორციელა არასასურველი ფრენა თბილისში“.
Despite the opposition of the Georgian people, Russia has landed its unwelcome flight in Tbilisi#No2Flights2Russia ?✈️
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 19, 2023
დღესვე, 20:00 საათზე საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინაც იგეგმება.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/05/2023 – „ეს არის დადებითი და მისასალმებელი“, – პრემიერი რუსეთთან უვიზო მიმოსვლასა და ფრენების აღდგენაზე
- 11/05/2023 – ირაკლი კობახიძე: რუსეთს სანქციებს არ დავუწესებთ და არ დავსჯით ამით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს
- 10/05/2023 – ილია დარჩიაშვილი მიესალმება სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე მოსკოვის გადაწყვეტილებას
- 10/05/2023 – „მორიგი რუსული პროვოკაცია!“ – პრეზიდენტი რუსეთის მიერ საქართველოსთან ვიზების გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)