ანალიზიდაწვრილებით

საქართველო და ნატო ვილნიუსის სამიტის წინ: მიმქრალი ნაპერწკალი

სევდიანი რეფლექსია ნატოს სამიტამდე

საქართველოს მოსახლეობა წლებია ნატოში ინტეგრაციას მყარად უჭერს მხარს. ნატოში გაწევრიანების მიზანზე თანხმობაა ძირითად პოლიტიკურ პარტიებს შორისაც.

საქართველოს კონსტიტუციაში 2018 წელს ჩაიწერა: “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.

ნატოში საქართველო უსაფრთხო ნავთსაყუდელს ეძიებს იმ იმედით, რომ ამგვარად დაცულს, ექნება საშუალება სრულად განახორციელოს საკუთარი შესაძლებლობები და მიაღწიოს კეთილდღეობას.

საზოგადოების მაღალი მხარდაჭერისდა მიუხედავად – ბოლო სოციოლოგიური კვლევის მიხედვით 80% ემხრობა ნატოში შესვლას – საქართველოს საგარეო პოლიტიკიდან ნატოსკენ მიზანდასახული სვლის ნაპერწკალი გაქრა. არადა, საერთაშორისო კონტექსტი მკვეთრადაა შეცვლილი უკეთესობისკენ: ის, რაც სულ ცოტა ხნის წინათ წარმოუდგენელი იქნებოდა სამხედრო და უსაფრთხოების კუთხით რეგიონის ქვეყნებისთვის დახმარების თვალსაზრისით, დღეს დასავლეთში აუცილებლობადაა აღქმული.

ნატა ქორიძე არის Civil.ge-ს მმართველი რედაქტორი; ის 15-ზე მეტი წლის განმავლობაში მუშაობდა დიპლომატიურ სამსახურში, საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე

დიდი მოლოდინები

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 2002 წელს ნატოს პრაღის სამიტის წინ  პირობა დადო, რომ საქართველო “ნატოს კარზე დააკაკუნებდა“, საქართველოს ყველა მთავრობა ავითარებდა ალიანსთან თანამშრომლობას.

გამოხდა ოცდაერთი წელი და დღეს საქართველო ოფიციალურადაა ნატოში გაწევრიანების კანდიდატი (aspirant country). 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატომ პოლიტიკური ვალდებულება აიღო, რომ საქართველოს ალიანსის წევრი გახდება.

მართალია მაშინ ნატოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (Membership Action Plan/MAP) არ დაუმტკიცებია, მაგრამ ნატო აცხადებს, რომ დღეისათვის „საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად”. ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანას აქვს ყველა საჭირო ინტეგრაციული მექანიზმი:

  • ნატო-საქართველოს კომისია პოლიტიკურ დიალოგს და პრაქტიკულ თანამშრომლობას წარმართავს;
  • ყოველწლიური ეროვნული პროგრამა სხვადასხვა სფეროში საქართველოს რეფორმების განხორციელებას გეგმავს და აფასებს,
  • ხოლო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (Substantial NATO-Georgia Package) ალიანსსა და საქართველოს შორის თავსებადობის გასაზრდელად, უსაფრთხოების სფეროში საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ნატოსთან უსაფრთხოების სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განსავითარებლადაა მომართული.

არცერთ კანდიდატ ქვეყანას არ ჰქონია ინსტრუმენტების მსგავსი ერთობლიობა.

საქართველო არის გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების ჯგუფის წევრიც, რომელიც ექვს, ნატოსთან ყველაზე თავსებად ქვეყანას აერთიანებს. ეს სტატუსი საქართველოს მიენიჭა დიდწილად ავღანეთში ნატოს ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გამო. საქართველო ნატოს რეაგირების ძალებშიცაა (NATO Response Force) ჩართული.

საგულისხმოა პოლიტიკური სიმბოლიზმი და მაღალი დონის კონტაქტებიც. საქართველომ ხუთჯერ უმასპინძლა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს და ოთხჯერ ნატოს სამხედრო კომიტეტს – ასეთი რამ ალიანსის არაწევრ ქვეყანაში არასოდეს მომხდარა.

2022 წელს მადრიდის სამიტზე ნატომ საქართველოს და რუსეთის სხვა მეზობლებს მათ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, მედეგობისა და თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად.

ნატოში გაწევრიანების პოლიტიკურ ნაწილში პროგრესის ნაკლებობის მიუხედავად, ბოლო წლებში, ნატო-საქართველოს ურთიერთობების პრაქტიკული განზომილება მეტ-ნაკლებად სტაბილურად ვითარდებოდა, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად.

პრობლემის ნიშნები

პრობლემების თვალსაჩინო ნიშნები ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოჩნდა. 2022 წელს, თბილისში ვიზიტის დროს, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ ნატო უკმაყოფილოა რეფორმების განხორციელების ტემპით. მან თქვა: „ბოლო ერთი წლის თუ წელიწადნახევრის განმავლობაში პროცესები გაჩერდა. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, როგორც მთლიანად ალიანსი, ისე [ცალკეული] მოკავშირეებიც“.

პირველად მოხდა, რომ ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასეთი განცხადება საჯაროდ გააკეთა. ეს ნიშნავს, რომ მსგავს გზავნილებს ჯერ დახურულ კარს მიღმა აჟღერებდნენ და შედეგების არარსებობის გამო გადაწყვიტეს, საჯაროდ გამოეთქვათ.

ამავდროულად, კოლომინამ კონკრეტულად ახსენა იმ ათი რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობა, რომელიც ნატომ საქართველოს მიაწოდა წლიური ეროვნული პროგრამის შეფასებისას. განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა რეფორმებზე სასამართლოს, საარჩევნო და უსაფრთხოების სექტორებში.

ა.წ. მაისში, საქართველოში ხელახალი სტუმრობისას, კოლომინას მოუხდა ამ გზავნილის გამეორება. მან დააკონკრეტა, რომ ნატო შეშფოთებულია არა მხოლოდ რეფორმების „ტემპით“, არამედ მათი „შინაარსითაც“. ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრისას „გამოხატა შეშფოთება რეფორმების, კერძოდ, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელების ხარისხის, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე.“

საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა და შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებსაც ნატო ყოველწლიურად აკეთებს შეფასების ფარგლებში, საჯარო არ არის. თუმცა, ნატოს ოფიციალური პირის კომენტარებიდან აშკარაა, რომ ალიანსის შეშფოთება დიდწილად ემთხვევა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად შემუშავებულ თორმეტ პირობას.

რეფორმებზე საუბრისას კოლომინამ თქვა: „ჩვენ არ გვაქვს დაწესებული ისეთივე ვადები, რომელიც ევროკავშირს, მაგრამ შეშფოთების არსი იგივეა, რადგან ჩვენი 2021 წლის რეკომენდაციები ძირითადად იგივე იყო, რაც ევროკავშირის 12 რეკომენდაცია“. კოლომინამ ჟურნალისტებს ასევე აცნობა, რომ ნატოს ვილნიუსის სამიტზე საქართველო პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, სავარაუდოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე იქნება წარმოდგენილი.

არასათანადო კომუნიკაცია თუ პოლიტიკის ცვლილება?

ნატოში გაწევრიანების კონტექსტში, საქართველოს კანდიდატურის წარმატებაზე 2021 წლის სექტემბერში ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) დასრულებამ უარყოფითად იმოქმედა.  ალიანსის წევრები ძალზედ აფასებდნენ ქართული კონტინგენტის წვლილსა და პროფესიონალიზმს, მათ სამსახურს ავღანეთის ყველაზე საშიშ წერტილებში. მისიამ საშუალება მისცა საქართველოს წარმოეჩინა ალიანსისადმი ერთგულება, მისი სამხედრო შესაძლებლობები, და წვლილი შეეტანა ევროატლანტიკურ უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ამან ალიანსში ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო წონა გაზარდა. ოპერაციის დასრულების შემდეგ საქართველოს ხილვადობა ალიანსში შესუსტდა.

თუმცა, ამაზე დამაზიანებელი აღმოჩნდა საქართველოს საკვანძო პოლიტიკური ფიგურების რიტორიკა და საქართველოში რეფორმების ნაკლებობა.

უკვე ორი წელია, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ნატოში ინტეგრაციას არც პრემიერ-მინისტრი ახსენებს და არც პრეზიდენტი, არმიის მთავარსარდალი. ეს ექსპერტებისა და პოლიტიკოსებისათვის  შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

ამას მოჰყვა პრემიერ-მინისტრის მიერ შარშან, ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებული განცხადება, რომ  ნატოში გასაწევრიანებლად საქართველომ ჯერ თავისი ტერიტორიული კონფლიქტები უნდა მოაგვაროს.

ეს განცხადება მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოში ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებულ ოფიციალურ პოზიციას, რამაც ქართველ ექსპერტებში, პოლიტიკოსებსა და ანალიტიკოსებში აჟიოტაჟი და შეშფოთება გამოიწვია. ქართული დიპლომატიის საკვანძო დებულებაა, რომ რუსეთთან კონფლიქტი და ოკუპირებული ტერიტორიები არ შეიძლება იყოს დაკავშირებული საქართველოს ნატოში წევრობის საკითხთან, რადგან ეს ფაქტობრივად ვეტოს უფლებას მიანიჭებს რუსეთს და წაახალისებს  მეზობლებთან მიმართებაში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას.

თუმცა, საქართველოს, როგორც ნატოს კანდიდატის პოზიცია, ალბათ, ყველაზე მეტად ბრატისლავაში GLOBSEC-ის ფორუმზე მაისში პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით დაზარალდა. მან განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო „ნატოს გაფართოება“. მან ასევე დასძინა, რომ ომის „..ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი.“ ამ განცხადებამ საქართველოში, საერთაშორისო საზოგადოებასა და საქართველოს პარტნიორებს შორის აღშფოთება გამოიწვია. მრავალმა დასავლელმა მიმომხილველმა და პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ომში ნატოს დადანაშაულება სრულიად ემთხვევა პუტინისა და მისი პროპაგანდისტების ნარატივს.

ძალისხმევის შემცირება

საქმე მხოლოდ რიტორიკაში არ არის, რომელიც შეიძლება ან შეცდომას დაბრალდეს, ან შეცდომაში შეყვანილი პოლიტიკოსის  მცდარ პოზიციად აღიქვას ვინმემ. ბოლო ხანებში, საქართველოს ნატოსკენ მოძრაობამ მიზანსწრაფულობა დაკარგა, რასაც მთელი რიგი ბიუროკრატიული და პოლიტიკური გადაწყვეტილებები მოწმობს.

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ყოველწლიური ფორუმი საქართველოს 2019 წლის შემდეგ აღარ გაუმართავს. მას მერე არც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს და არც ნატოს გენერალური მდივნის ან მისი მოადგილისთვის უმასპინძლია. თავდაცვაზე  ხარჯები მშპ-ს 2%-ს – ნატოს წევრებისთვის დაწესებულ ზღვარს, რომელსაც საქართველო ზედმიწევნით იცავდა – ჩამოცდა ამ ნიშნულს. ბოლო წლებში საქართველოში თავდაცვაზე გამოყოფილი ხარჯები სტაბილურად იკლებდა და 2021 წელს მშპ-ს 1.7%-ზე ნაკლები იყო.

„ქართული ოცნების“ მთავრობის ნარატივი იმის შესახებ, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები ცდილობდნენ საქართველოს „უკრაინის ომში ჩათრევას“ და რუსეთთან „მეორე ფრონტის გახსნას,“ ისევე როგორც ხელისუფლების ზოგადად ორაზროვანი პოზიცია უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ, უარყოფითად აისახება საქართველოს იმიჯზე ნატოში და, შესაბამისად,  გაწევრიანების დინამიკაზეც.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფორმალურად კი მონაწილეობს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფში (Rammstein group), რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარებას გეგმავს. თუმცა, თბილისმა უკრაინელ სამხედროებს თუნდაც სიმბოლური,  არალეტალური საშუალებებით დახმარებაც კი არ გაუწია.

ნატოს ოფიციალური პირები გაღიზიანებულები არიან საქართველოს გაურკვეველი პოზიციით უკრაინაში ომთან დაკავშირებით და ამის შესახებ ინფორმაცია მედიაშიც ჟონავს.

ხავიერ კოლომინამ თავისი ბოლო ვიზიტის დროს ისიც თქვა, რომ ნატო შეშფოთებულია საქართველოს გადაწყვეტილებით, აღადგინოს პირდაპირი კომერციული ფრენები რუსეთთან: „…ჩვენი აზრით, ჩვენ ყველანი უკრაინას უნდა ვუჭერდეთ მხარს, მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის ნაბიჯმა შესაძლოა შესაძლებლობა მისცეს რუსეთს თავი აარიდოს სანქციებს,“ თქვა კოლომინამ.

ნატოს ვილნიუსის სამიტის დღის წესრიგის განხილვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა: „მნიშვნელოვანია საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ ყველას გვწამს და, რა თქმა უნდა, ველით, რომ ნატოს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და რუსეთს არ გაუადვილებენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას და ორგანიზებას.“

Საითკენ მივემართებით?

უკრაინის ომმა ბიძგი მისცა დისკუსიებს ნატოს ასპირანტების – უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების „შესაძლებლობის ფანჯრის“ გახსნის ალბათობის შესახებ. ამგვარი შესაძლებლობა უკვე შეიქმნა ევროკავშირში ინტეგრაციის შემთხვევაში, თუმცა ეს „ფანჯარა“ ჯერჯერობით უკრაინამ საქართველოზე უკეთ გამოიყენა.

ნატოს ვილნიუსის სამიტის მოახლოებასთან ერთად, ჯერ ბუნდოვანია, მიიღებს თუ არა უკრაინა რაიმე კონკრეტულს წევრობის დაჩქარების თვალსაზრისით.

თუმცა, პოლიტიკოსები უკრაინის გაწევრიანებას მხარს უჭერენ: 1 ივნისს, ნატოს 19 წევრი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა ერთობლივად მოუწოდეს ნატოს ლიდერებს, დასახონ მკაფიო გზა უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად და მისცენ უკრაინას უსაფრთხოების საიმედო გარანტიები. მსგავს გადაწყვეტილებებს ითხოვს  უკრაინის ხელმძღვანელობაც.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიანიშნა, რომ ალიანსმა შეიძლება ამჯერად უკრაინის მიღება ვერ უზრუნველყოს, მაგრამ ალიანსის წევრებმა შეიძლება იკისრონ კონკრეტული ვალდებულებები უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

სამიტამდე ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი და მის დასკვნით დოკუმენტზე მუშაობა გადამწყვეტ ფაზაშია შესული.

და მაშინ, როცა უკრაინა ვილნიუსის სამიტზე სავარაუდოდ გარკვეულ შედეგებს მიიღებს, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების იმპულსი, როგორც ჩანს, მინავლდა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ნატო ხელგაშლილი მიიღებს ქვეყანას, რომლის პრემიერ-მინისტრიც კრემლის რიტორიკას იმეორებს და ალიანსს ადანაშაულებს უკრაინის ომში.

ეს მტკივნეულია  ყველა ის ქართველისთვის – დიპლომატებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, მკვლევარებისთვის და რიგითი მოქალაქეებისთვის – ვისაც სჯერა, რომ ნატოში შესვლა საქართველოსთვის ერთადერთი გზაა, რომელიც რუსეთის მხრიდან საფრთხეს საიმედოდ დაასრულებს და ქვეყნის განვითარებას მტკიცე საფუძველს შეუქმნის.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button