ჰერჩინსკი: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, თავდაცვის სამინისტროს დახმარება გაყინული, ხოლო ურთიერთობები დაბალ დონეზეა
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, ევროკავშირმა გაყინა საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს დახმარება და შემდგომი ზომები განიხილება, რომლებიც ქვეყანაში ვითარების შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განხორციელდება, განუცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს ჟურნალისტებს.
„კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ აშკარა უკუსვლაა ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან დაკავშირებით, ხოლო ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულიად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან“, – განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ და დასძინა, რომ შედეგად „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია“.
ელჩის თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს 27 ივნისის სხდომაზე მიიღეს. მან ასევე აღნიშნა, რომ „ევროკავშირის ლიდერებისთვის გაუგებარია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ჭეშმარიტი ზრახვები“.
ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ახლადშექმნილი ხელისუფლება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „განაახლებს სერიოზულ მუშაობას“ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. „ყველაფერი ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ დრო იწურება“, – დასძინა მან.
გარდა იმისა, რომ ევროკავშირმა გააყინა ევროპის სამშვიდობო ფონდიდან (EPF) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევრო, ელჩმა განაცხადა, რომ „სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომებიც“. მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, სანქციები ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა, ევროკავშირის ლიდერებს არ აქვთ ერთსულოვნება საქართველოში ვინმეს მიმართ „შემზღუდველი ზომების“ დაწესებაზე.
ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებისადმი „ეტაპობრივად შემცირდება“ და რომ ევროკავშირი შეეცდება ეს მხარდაჭერა ხელისუფლებიდან სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე გადაიტანოს.
ჰერჩინსკიმ სინანული გამოთქვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები „ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როცა შეიძლებოდა რეკორდულად ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე ყოფილიყო“. „ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი მომავალი ხელისუფლება და საქართველოს მომავალმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირის მიმართ მისი პოლიტიკის თაობაზე“, – განაცხადა ელჩმა. მან დასძინა, რომ „საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა და თუ მომავალი ხელისუფლება დაინტერესებული იქნება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებით, ჩვენ მზად ვართ და სურვილიც გვაქვს დაგეხმაროთ ყველანაირად“.
„საქართველომ და ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ 26 ოქტომბერს [საპარლამენტო არჩევნებზე], სურთ თუ არა იყვნენ ევროკავშირის წევრი, სურთ თუ არა იყვნენ ევროკავშირის შემდეგი დიდი გაფართოების ნაწილი, ან აქვთ თუ არა სხვა გეგმები საკუთარ მომავალთან დაკავშირებით“, – დასძინა ელჩმა ჰერჩინსკიმ.
ასევე წაიკითხეთ:
- 24/06/2024 – ჯოზეფ ბორელი: საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირს აშორებს
- 24/06/2024 – ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის დაიხურება, თუ ხელისუფლება თავის კურსს გააგრძელებს
- 19/06/2024 – პაველ ჰერჩინსკი: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღებამ საქართველოს ევროინტეგრაცია გაყინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)