ახალი ამბები

2024 | რეპრესიების ქრონიკა

უცხოური აგენტების კანონის მიღების პროცესში, მასობრივმა პროტესტმა და სამოქალაქო აქტივიზმმა შეარყია მმართველი ხელისუფლების კონტროლი ლეგიტიმურ ძალაუფლებაზე, მაგრამ არა სახელმწიფო რეპრესიულ აპარატზე. კანონის წინააღმდეგ ასობით ათასი ადამიანის პროტესტის მიუხედავად, კანონი პარლამენტმა მაინც მიიღო. ქართველებმა ხმამაღლა გამოაცხადეს „კი ევროპას“ და მისი გზები მმართველ პარტიასთან ცალსახად გაიყო. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ახლა რეპრესიების გზით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას და მისი გავლენა მიღებამდეც იგრძნობოდა. მიმდინარეობდა დაშინების კამპანია კანონის მოწინააღმდეგეების, მათ შორის პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს მოიცავდა ძალადობრივ თავდასხმებს, მუქარის ზარებს და შეურაცხმყოფელ გზავნილებს. მმართველმა პარტიამ და მთავრობამ წაახალისეს და გააღვივეს სიძულვილი ოპონენტების მიმართ, პირდაპირ თუ ირიბად დაუჭირეს მხარი ბევრ ასეთ ინციდენტს, ან უბრალოდ თვალი დახუჭეს.

26 ოქტომბერს დაგეგმილი გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური რეპრესიები კამპანიისა და პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.

„სამოქალაქო საქართველო“ იწყებს ამ ბლოგს, რათა განახლებული ინფორმაცია მოგაწოდოთ დაშინების, ძალადობისა და მუქარის შემთხვევების შესახებ.


17 ივნისი: ლერი დარჯანიას, აქტივისტ დათუნა დანელიას მეგობარს, დილის 8 საათისთვის დაახლოებით შვიდი მამაკაცი თავს დაესხა და სასტიკად სცემა. იგი სახის დაზიანებებით, მათ შორის ცხვირის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

14 ივნისი: ივანე ჩხიკვაძეს, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, რომელიც 4 ივნისს აშშ-ის კონგრესში მოხსენებით წარსდგა, 14 ივნისს საქართველოში ჩამოსვლისას აეროპორტში სახელისუფლებო ტელევიზიების წარმომადგენლები და მთავრობის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ისინი, მათ შორის ერთი, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ჩხიკვაძეს „სერგო ორჯონიკიძეს”, „მონას“, „სოროსის ფულზე გაყიდულ აგენტს” და „უსამშობლო მოღალატეს“ უწოდებენ: „არ შეგრცხვა ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებები რომ გააკეთე…?“ „არ გიქმნით უხერხულობას, რომ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვეთ?

13 ივნისი: აქტივისტ ბექა პაპაშვილს სცემეს იმის გამო, რომ სასურსათო მაღაზიაში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ბექა ოდიშარიას „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდა. პაპაშვილის თქმით, მაღაზიაში ოდიშარია თავის დაცვასთან ერთად იმყოფებოდა, რომლებმაც პაპაშვილს დეპუტატთან მიახლოების საშუალება არ მისცეს და მას შემდეგ, რაც პაპაშვილი მაღაზიიდან გამოვიდა, რამდენიმე წუთში სამი მამაკაცი შემოეხვია და ცემა დაუწყო. პაპაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთმა მამაკაცმა სიამაყით განაცხადა, რომ ის ოდიშარიას შვილი იყო.

11 ივნისი: აქტივისტს და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის შვილს, ზუკა ბერძენიშვილს სამი პირი სასტიკად გაუსწორდა. ინციდენტზე საუბრისას ბერძენიშვილი ამბობს, რომ ცემის დროს ერთ-ერთი თავდამსხმელი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და უთხრა “შენ თუ თავში არ გესროლოო”. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ორი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მან ბერძენიშვილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მოიხსენია და ისინი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების წინააღმდეგ „ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიის“ წარმოებაში დაადანაშაულა. პარლამენტის თავმჯდომარეს მხედველობაში ჰქონდა ბოლოდროინდელი შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები იმ დეპუტატებს დაუპირისპირდნენ, რომელთაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს მისცეს ხმა.

10 ივნისი: ოპოზიციური პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის ძმის, გია ჯაფარიძის თქმით, ზურაბ ჯაფარიძის საცხოვრებელ სახლთან შავებში ჩაცმული რამდენიმე მამაკაცი იყო შეკრებილი, რომლებიც სავარაუდოდ მას ფიზიკურად უნდა გასწორებოდნენ. მამაკაცებმა ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც გია ჯაფარიძემ ამის თაობაზე სოციალურ ქსელში დაწერა და ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტების მისვლისას ტერიტორიაზე უკვე აღარავინ იმყოფებოდა.

7 ივნისი: ნიკო მანაგაძეს, აქტივისტს, სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის წარმომადგენელსა და ერთ-ერთ სტუდენტს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციას აპროტესტებდა, დღისით ქუჩაში რამდენიმე მამაკაცი დაესხა თავს. მან ონლაინ მედიასაშუალება „პუბლიკას“ განუცხადა, რომ უნივერსიტეტიდან ახალი გამოსული იყო და შუქნიშანზე მწვანე შუქის ანთებას ელოდებოდა, როცა მოულოდნელად უკნიდან დარტყმა იგრძნო. შემდეგ თავდამსხმელს სხვებიც შეუერთდნენ და რამდენიმე მამაკაცი შემოეხვია მას და ცემა დაუწყო. მანაგაძეს სისხლი წამოუვიდა და მამაკაცებმა ის მხოლოდ მას შემდეგ გაუშვეს, რაც ჩხუბში გამვლელები ჩაერივნენ. თვითმხილველებმა გადაიღეს ვიდეო, სადაც თავდამსხმელების იდენტიფიცირება შესაძლებელია.

6 ივნისი: ნინო კალანდიამ, აქტივისტმა და ორგანიზაციების „ტალღა“ და საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ სახლში მისულს სადარბაზოში მამაკაცი დახვდა, რომელმაც ჰკითხა „შენ აღარ უნდა მოისვენოო“ და შემდეგ დაემუქრა მას. კალანდია აქტიურად და ხმამაღლა დაუპირისპირდა მას და გაოგნებულ მამაკაცს წასვლა მოუწია. კალანდიამ ასევე განაცხადა, რომ მუქარის სატელეფონო ზარები მიიღო.

5 ივნისი: აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე დააკავეს და ხელწერილით გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს ბათუმის ბულვარში „მონები“ და „მოღალატეები“ უწოდა.

4 ივნისი: იოსებ ბაბაევი, სამოქალაქო აქტივისტი და ბიზნესმენი, ანტისაოკუპაციო „რესტო ბარის“ მფლობელი, რომელიც, მედიის ინფორმაციით, ხშირად უგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინას, ქალაქ გორში დააკავეს. ის სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, ბაბაევის ადვოკატი, ასევე ადგილობრივები, რომელთაც მისი დაკავება გააპროტესტეს, ამბობენ, რომ პოლიციამ მას იარაღი ჩაუდო. ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ ბაბაევს დაკავებისას პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 6 ივნისს, როდესაც ბაბაევი გორის საქალაქო სასამართლოს წინაშე წარსდგა, მას თავის არეში რამდენიმე ფიზიკური დაზიანებები ეტყობოდა. მოსამართლე ლევან დარბაიძემ იოსებ ბაბაევი უდანაშაულოდ ცნო და დაადგინა, რომ გამოძიება უკანონოდ ჩატარდა.

2 ივნისი: ახალგაზრდა პოლიტიკოსს ცოტნე კობერიძეს, ოპოზიციური პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ თბილისში, საკუთარ სახლთან ორი უცნობი თავდამსხმელი დაუპირისპირდა, რომელთაც ელექტროშოკები ჰქონდათ. კობერიძემ წინააღმდეგობა გაუწია, ხოლო ახლოს მყოფმა ადამიანებმა მათ ყვირილი დაუწყეს, რის შემდეგაც ისინი კობერიძისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების გარეშე გაიქცნენ. ანა სუბელიანმა, სამოქალაქო აქტივისტმა და თბილისი პრაიდის თანათავმჯდომარემ, უცნაური ზარი მიიღო უცხო პირისგან. ეს პირი მის მოტყუებას ცდილობდა და ეუბნებოდა, რომ 150 ლარის ღირებულების მარწყვი ჰქონდა მისთვის გადასაცემად. როდესაც ანამ მასთან შეხვედრაზე უარი თქვა, დამრეკმა მას აგინა და შეურაცხყოფა მიაყენა.

1 ივნისი: დაახლოებით 2:30 საათზე, 30-40-მა ზონდერმა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი დაარბია. განადგურებული ოფისის ვიდეო ფეისბუქ ლაივში ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა. ღამის დაცვას რამდენჯერმე მოუწია ჰაერში სროლა დამრბევების შესაშინებლად. ხაბეიშვილის თქმით, ზონდერები პოლიციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინირებულად მუშაობდნენ. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც საკუთრების დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

31 მაისი: ვიტალი გუგუჩია, მამაკაცი, რომელიც ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უხსნის „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, რატომ არის კანონი უცხოელი აგენტების შესახებ „რუსული კანონი“, სახელისუფლებო ტელეკომპანია POSTV-ს ცილისმწამებლური კამპანიის სამიზნე გახდა. POSTV-ის გადამღები ჯგუფი სამეგრელოს რეგიონში, გუგუჩიას სოფელში ჩავიდა. POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ გუგუჩია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ფარულ ოპერაციებში მონაწილეობაში დაადანაშაულა.  მოგვიანებით, შეხვედრა გუგუჩიასა და POSTV-ის ოპერატორს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას გულისხმობს.

31 მაისი: გიორგი უშიკიშვილს, მომღერალს, ხელისუფლებისა და უცხოელი აგენტების კანონის ოპონენტს, მანქანის მართვისას დაედევნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მეორე დღეს, იმავე ადამიანმა მას ფეისბუქზე მიწერა, შეახსენა მომხდარი და უთხრა, რომ „არ მოსწონს ჩემი პოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით“.

31 მაისი: რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და მათი ოჯახის წევრები კვლავ იღებდნენ მუქარის სატელეფონო ზარებს. მათ შორის იყვნენ თინა ბოკუჩავა და ანი წითლიძე ნაციონალური მოძრაობიდან, „საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკურის დედა, „დროას“ წევრის თათა ხუნდაძის დედა და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ რამდენიმე წევრი. წალენჯიხის მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ განაცხადა, რომ მუქარის ზარი მისმა შვილმაც მიიღო.

31 მაისი: „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი (დიტო) სამხარაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ის და მისი ზონდერები დგანან ხელისუფლების ოპონენტების და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დაშინების კამპანიის უკან. მის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ტოვებს მამაკაცი აქციის მონაწილეთა ოფისების კედლებზე შეურაცხმყოფელ, უცენზურო წარწერებს. სამხარაძე წერს: „ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა!“

სამხარაძემ სავარაუდო სამიზნეების სიაც გამოაქვეყნა, რომელთა შორის არიან არასამთავრობოები: ,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისი პრაიდი, საფარი, მოძრაობა ,,ნაბიჯი, მოძრაობა ,,სირცხვილია’’, სასამართლოს გუშაგი, მთის ამბები, სტუდია მონიტორი, მოძრაობა ,,ტალღა“, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი’ (სოროსის ფონდი), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა – ბათუმი, მწვანე სექტორი- ბათუმი, ასევე ოპოზიციური პარტიები: ლელო საქართველოსთვის, გირჩი-მეტი თავისუფლება, ,გირჩი – დროა’, „ლელო საქართველო’’ – ახალგაზრდული, ,,ნაციონალური მოძრაობა’’- ცენტრალური ოფისი, ახალი- გვარამია მელია, ,ენმ’’- ბათუმი, ლელო- ბათუმი და ,,ახალი’’- ბათუმი.

დეპუტატ დიტო სამხარაძის განცხადებას რეპრესიების შესახებ ღიად დაუჭირეს მხარი „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით კაჭარავამ და სახელისუფლებო POSTV-ის თანადამფუძნებელმა და ტელეწამყვანმა შალვა რამიშვილმა, რომლებმაც თავის მხრივ მხარი დაუჭირეს და დააანონსეს შემდგომი რეპრესიები.

31 მაისი: ოპოზიციური პოლიტიკოსების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ოპონენტების წინააღმდეგ ორკესტრირებული დაშინების კამპანია განახლდა.

28 მაისი: პარლამენტმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლია და კანონი საბოლოოდ მიიღო

28 მაისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე „ხარებამ“, 28 მაისს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე მშვიდობიანი მომიტინგეების ცემის ფაქტი აღიარა და განაცხადა, რომ მას სპეციალური „სიები“ აქვს, თუ ვინ უნდა ცემოს სპეცრაზმმა. „მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს… სია გვაქვს, ეხლა გაჩვენებთ ცოტა ხანში, გადი, ნუ იღებ“, – მიმართა ხარაზიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს.

27 მაისი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

18 მაისი: პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს ვეტო დაადო.

15 მაისი: პოლიციამ, სამართალდამცველებზე თავდასხმის ბრალდებით, სააგენტო „ლიმონის“ ხელმძღვანელი, გიორგი ოქმელაშვილი დააკავა. შსს-ს ცნობით, ოქმელაშვილმა 13 მაისს პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს „ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“. დაკავებამდე მისი სახლი და სააგენტო პოლიციამ გაჩხრიკა. სოციალური მედიის ცნობით, სულ მცირე ოთხ სხვა სააგენტოში – AdFlex, H0lymotors, Ogilvy და Betterfly – მოულოდნელად აუდიტი შევიდა.

14 მაისი: რამდენიმე ადამიანი დააკავეს და სცემეს პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მესამე და საბოლოო მოსმენით მიღების დროს. მათ შორის იყო ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც რეგულარულად პატრულირებს საოკუპაციო ხაზზე და ადგილზე არსებულ ვითარებას აშუქებს. ქაცარავა მშვიდად იდგა რუსთაველის გამზირზე, როდესაც ის სპეცრაზმმა გაიტაცა და სასტიკად სცემა. მოგვიანებით ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს. დაკავებულთა შორის ასევე იყო პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ლაზარე გრიგორიადისიც.

14 მაისი: პარლამენტმა 84-30 ხმით, მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ

13 მაისი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონს უცხოელი აგენტების შესახებ

11 მაისი: სამოქალაქო აქტივისტის, თბილისი პრაიდის თანათავმჯდომარე ანა სუბელიანის 73 წლის მამა სცემეს. მწერალმა, უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რატი ამაღლობელმა განაცხადა, რომ მას სახლთან რამდენიმე ადამიანი ჩაუსაფრდა და სადარბაზო წარწერებითა და პლაკატებით ააჭრელეს.

10-11 მაისი: „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს სამჯერ ჩაუსაფრდნენ, ორჯერ შუაღამისას სახლთან და ერთხელ შუადღისას პარტიის ოფისთან; სამივე შემთხვევაში მან თავდამსხმელებს თავი წარმატებით დააღწია. მეორე შემთხვევაში, ჯაფარიძემ, რომელიც ყოფილი დეპუტატია და კანონიერად ატარებს იარაღს, გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ნიღბიანები მანქანით გაიქცნენ.

10 მაისი: მამაკაცს პოლიციელებმა სასტიკად სცემეს საკუთარ მანქანაში თავისი ცოლის თანდასწრებით. ინციდენტი თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მოხდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა მამაკაცი თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობდა და ცალმხრივ ქუჩაზე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ პოლიციის ავტობუსს გადაეკვეთა. ინციდენტის თვითმხილველების თქმით, როდესაც მამაკაცმა, სავარაუდოდ, უარი თქვა ავტობუსისთვის გზა დაეთმო, რამდენიმე პოლიციელი გადმოვიდა და მას ფიზიკურად გაუსწორდა, რა დროსაც თავში დაუნდობლად ურტყეს მუშტები. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალის ან იარაღის გამოყენებით გადამეტებას გულისხმობს.

9 მაისი: ორ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ბორის (ჩელე) ყურუას „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ და ნოდარ ჩაჩანიძეს პარტია „ახალიდან“ ზონდერების ჯგუფი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ორივეს სახლებთან ახლოს დაესხნენ თავს, როდესაც ისინი ტელეკომპანია „ფორმულაზე“ თოქ-შოუში მონაწილეობის შემდეგ ბრუნდებოდნენ.

9 მაისი: უჩა აბაშიძე, სამხედრო ექსპერტი, ბლოგერი და „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტი, პოლიციამ იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენისა და შენახვის ბრალდებით დააკავა მას შემდეგ, რაც მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. პოლიციელებმა ბინაში შესვლის უფლება არავის მისცეს, მათ შორის არც უჩა აბაშიძის ადვოკატსა და ოჯახის წევრებს. ის, თუ როგორ ჩატარდა ჩხრეკა, ბევრს იარაღის ჩადების შიში გაუჩინა. რამდენიმე დღის შემდეგ, უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს, რომელიც 11 მაისს დააკავეს, ბრალი წაუყენეს 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება – შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

9 მაისი: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მოწინააღმდეგეთა დაშინების ორკესტრირებულმა კამპანიამ ახალი მასშტაბი შეიძინა მას შემდეგ, რაც სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ოფისებსა და სახლებზე შეურაცხმყოფელი და მადისკრედიტებელი პლაკატები და წარწერები გამოჩნდა, სადაც ამ ადამიანებს „აგენტებს“, „ქვეყნის მტრებს“ და „ნაცების დაქირავებულებს” უწოდებდნენ.  ეს პროცესი 10 და 11 მაისსაც გაგრძელდა.

9 მაისი: გიორგი ონიანმა ოპოზიციური პარტიიდან „ახალი“ უთხრა ტელეკომპანია „ფორმულას“,  რომ მას შემდეგ რაც მან და მისმა მეუღლემ გვიან ღამით დატოვეს სახლი, რათა საავადმყოფოში დიმიტრი ჩიქოვანი მოენახულებინათ, რომელიც იმავე დღეს უცნობმა თავდამსხმელებმა სცემეს, მათ სახლთან ჩასაფრებული პირები მის ბინაში მივიდნენ, სადაც ონიანის 14 წლის ვაჟი იმყოფებოდა, კარებზე აბრახუნეს, იგინეს და მოგვიანებით წავიდნენ. მან ასევე განაცხადა, რომ ის და მისი ოჯახის წევრები ორი დღე იღებდნენ შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებს.

8 მაისი: დიმიტრი ჩიქოვანს ნაციონალური მოძრაობიდან, ლაშა ღვინიანიძეს, აქტივისტს და ბაიკერების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, და გია ჯაფარიძეს, ყოფილ კარიერულ დიპლომატს, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორს, ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარსა და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძმას ხელისუფლების მომხრეები თავს დაესხნენ და სცემეს. ლაშა ღვინიაშვილზე თავდასხმის შემდეგ მან ფორმულას განუცხადა, რომ თავდასხმამდე მის ტელეფონზე უცხო ზარი შემოვიდა, რაც, მისი ვარაუდით, თავდამსხმელებმა შესაძლოა მისი ადგილმდებაორეობის დასადგენად გამოიყენეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მისმა 72 წლის მამამ ასევე მიიღო ზარი მანამდე, რა დროსაც გააფრთხილეს, რომ მისი შვილი გაჩერებულიყო. იმავე დღეს დიჯეი გიო შენგელიას, რომელიც ხმამაღლა აკრიტიკებს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ, კლუბიდან გამოსვლისას ორმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

8 მაისი: კობა ფიფიაშვილი, რომელიც 5 მაისს ლადო აფხაზავას და მის შვილს თავს დაესხა, 4000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ფიფაიშვილს ასევე აეკრძალა ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება და ყველანაირი სახის კომუნიკაცია. თავდამსხმელის გირაოთი გათავისუფლებამდე, პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის გ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარუდგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

8 მაისი: პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შექმნას მონაცემთა ბაზა, სადაც „თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“.

7 მაისიდან: ასობით სამოქალაქო აქტივისტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილე, ასევე მათი ოჯახის წევრები უცხოური და ქართული სატელეფონო ნომრებიდან ზარებს იღებენ, პასუხის შემდეგ კი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და აშინებენ.

7 მაისი: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს ჟურნალისტებთან საუბრისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კლდიაშვილს ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულა“ ინტერვიუს ართმევდა მას შემდეგ, რაც მან შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შვედეთის საელჩო დატოვა.  ვიდეოში ჩანს, რომ თავდამსხმელი, რომლის სახე და მანქანა იდენტიფიცირებადია, გვერდით ჩაუვლის შვედეთის საელჩოსთან მდგარ ადამიანებს და ლანძღავს მათ. ახლომდებარე მაღაზიიდან დაბრუნებულს მას სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოუვიდა ტელეკომპანია „ფორმულა“-ს გადამღებ ჯგუფთან და კლდიაშვილთან.

5 მაისი: გურიის რეგიონის მასწავლებელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ლაურეატს ლადო აფაზავას და მის ვაჟიშვილს ლანჩხუთში, მის სახლთან ახლოს, რამდენიმე მამაკაცი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. აფხაზავა აცხადებს, რომ მას იმის გამო დაესხნენ თავს, რომ იგი საჯაროდ აკრიტიკებდა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს და საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდა.

1 მაისი: პარლამენტმა 83-23 ხმით მეორე მოსმენით უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი მიიღო

1 მაისი: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ 30 აპრილი – 1 მაისს გამართულ აქციაზე, პოლიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი სასტიკად სცემა. მას სახეზე მრავლობითი სისხლჩაქცევები და ჭრილობები, ასევე თვალისა და ცხვირის დაზიანებები აღენიშნება. დაკავების გახსენებისას, ხაბეიშვილმა თქვა, რომ მას უთხრეს, რომ „გრძელი ენა აქვს“ და „მუდმივად აკრიტიკებს ხელისუფლებას“. მომხდარიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ პროკურატურამ ხაბეიშვილი ოფიციალურად დაშავებულად ცნო.

29 აპრილი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა უცხოელი აგენტების შესახებ კანონს

17 აპრილი: გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან უცხოელი აგენტების შესახ კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის გაშუქებისას, ონლაინ მედიის ჟურნალისტებს – ალექსანდრე ქეშელაშვილს „პუბლიკადან“, გიორგი ბადრიძეს „ტაბულადან“ და გიორგი ბასხაჯაურს „აპრილიდან“ პოლიცია გამოედევნა და სცემა.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button